- მსოფლიო რეიტინგის სათავეში 3 ქართველი ძიუდოისტი იმყოფება
- თბილისის გრანდ სლემმა კლასიფიკაციაში ბევრი ცვლილება მოიტანა
- ძიუდო | ანტალიის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ილია სულამანიძე (100 კგ.) მსოფლიო რეიტინგის სათავეში დაბრუნდა. სულამანიძის წინსვლა თბილისის გრანდ სლემზე მოპოვებულმა ოქროს მედალმა მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ ილიამ გასულ უქმეებზე გამართული ტურნირის ფინალში მონღოლი გონჩიგსურენ ბატხუაგი ვაზარით დაამარცხა და 6 346 ქულა მოაგროვა, რისი წყალობითაც კლასიფიკაციაში ნიდერლანდელ მიხაელ კორელს (5 743) გადაასწრო და პირველ ადგილზე გადავიდა.
ამავე წონაში 3 791 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე (2 600) მეჩვიდმეტეა, გიორგი ბერიაშვილი (1 415) – 33-ე, მოწინავე ხუთეულში კი, სულამანიძისა და კორელის გარდა, აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი (5 666), პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა (4 621) და კანადელი შადი ელნაჰასი (4 491) შედიან.
საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები მსოფლიო რეიტინგის სათავეში კიდევ ორი წონით კატეგორიაში იმყოფებიან. ლიდერები ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) არიან.
შავდათუაშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 6 685 ქულა მოაგროვა, მისი უახლოეს მდევრები კი აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი (5 416), მონღოლი ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირი (5 096), ბრაზილიელი დანიელ კარნინი (4 685) და უზბეკი მუროდჯონ იულდოშევი (4 011) არიან. ამავე წონაში გიორგი ტერაშვილი (2 332) მეოცეა, ხოლო კოტე კაპანაძე 37 ქულით დაწინაურდა და 67-ეა.
გრიგალაშვილი გასულ გრანდ სლემზე არ გამოსულა, თუმცა, 9 046 ქულა აქვს და წონას კვლავაც დიდი უპირატესობით ლიდერობს. მოწინავე ხუთეულში შედიან ბელგიელი მატიას კასე (7 055), აზერბაიჯანელი საეიდ მოლაეი (5 425), ბრაზილიელი გილერმე შმიდტი (4 659) და თურქი ვედატ ალბაირაკი (4 345). ამავე წონაში გიორგი შერაზადიშვილი (978) 49-ე ადგილზეა, ზაურ დვალაშვილი (565) – 78-ე, ვლადიმერ ახალკაცი (445) – 92-ე, ხოლო დიმიტრი გოჩილაიძე (375) ერთბაშად 236 ქულით დაწინაურდა (თბილისის გრანდ სლემზე მე-5 ადგილზე გავიდა) და 99-ეა.
60 კგ-მდე წონით კატეგორიაში (4 256) მე-5 ადგილზე გადაინაცვლა გასული გრანდ სლემის ვერცხლის მედალოსანმა გიორგი სარდალაშვილმა. მის წინ მხოლოდ ტაივანელი იუნგ ვეი იანგი (6 415), აზერბაიჯანელი ბალაბაი აღაიევი (4 887), სამხრეთკორეელი ჰარიმ ლი (4 697) და ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი (4 324) არიან. ამავე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანი (3 221) მეათეა, თემურ ნოზაძე (2 218) – 22-ე, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (1 116) – 42-ე.
66 კგ-ში მე-4 ადგილამდე დაქვეითდა ვაჟა მარგველაშვილი (4 320) და მოლდოველ დენის ვიერუს (7 305), მონღოლ ბასხუუ იონდონპერენლეისა (4 764) და იაპონელ ჰიფუმი აბეს (4 600) ჩამორჩება, ხუთეულს კი ისრაელის ნაკრების წევრი ბარუხ შმაილოვი (4 251) აგვირგვინებს. ამავე წონაში გიორგი თუთაშვილი (1 254) 34-ე ადგილზე იმყოფება, ბაგრატ ნინიაშვილი (730) 63-ეა, ლაშა ნადირაძე (505) კი – 85-ე.
ცვლილებებია 90 კგ-მდე წონით კატეგორიაშიც, სადაც საქართველოს ნაკრებს ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და გასაკვირი არაა, რომ მოწინავე ათეულში ერთბაშად 3 ჩვენებური ფიგურირებს: ბექა ღვინიაშვილი (5 533) მე-3 საფეხურზეა, ლუკა მაისურაძე (5 500) – მე-4, ხოლო თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონი ლაშა ბექაური (4 060) 4 ადგილით დაწინაურდა და მე-7 პოზიციაზეა. წონის ლიდერები უზბეკი დავლატ ბობონოვი (6 448) და იაპონელი სანშირო მურაო (6 000) არიან, ხუთეულს კი კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი (4 810) აგვირგვინებს.
მძიმე წონაში (+100 კგ.) მოწინავე ათეულში შევიდა თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონი გელა ზაალიშვილი (4 472), გურამ თუშიშვილი (3 815) მეშვიდეა, საბა ინანეიშვილი (1 115) – 37-ე, ლევან მატიაშვილი (681) – 56-ე, ირაკლი დემეტრაშვილი (636) კი – 59-ე. პირველ ხუთეულში ტაჯიკი ტემურ რახიმოვი (5 935), უზბეკი ალიშერ იუსუპოვი (4 941), კუბელი ენდი გრანდა (4 857), მონღოლი ცეცენცენგელ ოდხუუ (4 498) და იაპონელი ტაცურუ საიტო (4 400) იმყოფებიან.
ქალთა რეიტინგში ეთერ ლიპარტელიანი (4 342) 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში 2 ადგილით დაქვეითდა და მე-7 ადგილზე იმყოფება, ეთერ ასკილაშვილი (290) 63 კგ-ში 92-ეა, მარიამ ჭანტურია (278) 78 კგ-ში – 69-ე, ხოლო სოფიო სომხიშვილი (2 483) მძიმე წონაში (+78 კგ.) – მე-19.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა თბილისში გამართულ გრანდ სლემზე პირველი გუნდური ადგილი დაიკავა. ჩემპიონები ლაშა ბექაური (90 კგ.), ილია სულამანიძე (100 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) გახდნენ, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ.) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ.) ვერცხლის მედლები აიღეს, ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) კი მე-3 ადგილზე გავიდა. მსოფლიო რეიტინგში მორიგ ცვლილებებს ანტალიის (თურქეთი) გრანდ სლემის შემდეგ უნდა ველოდეთ, რომელიც 31 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში ჩატარდება.
კომენტარები