Thumbnail
  • ნაგელსმანის გაშვება სპორტული მიზეზებით არ შეიძლება აიხსნას
  • ბაიერნს კლუბის მართვის განსხვავებული სტილი და სტრატეგია აქვს
  • მწვრთნელის ამ ეტაპზე შეცვლას კარგი ახსნა არ აქვს

"მათ მე გული მომიკლეს", - პრესაში ასე გამოეხმაურა მანუელ ნოიერი თავისი ახლო მეგობრის, მეკარეთა მწვრთნელის, ტონი ტოპალოვიჩის გუნდიდან გაშვებას. ეს ამბავი ზამთარში მოხდა. ტოპალოვიჩის გაშვება, ნოიერის იდიოტური ტრავმა და მის ნაცვლად იან ზომერის მოყვანა, იმაზე მეტყველებდა, რომ კლუბში ნოიერის პოზიციები ძალიან შესუსტდა.

ნოიერი ამ სიტყვების და ამ ინტერვიუს გამო დაისაჯა და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ შეიძლებოდა ლეგენდარული მეკარე ახალი სეზონიდან მიუნხენელთა რიგებში ვეღარც გვეხილა. კლუბის პოზიცია აშკარა იყო - ბაიერნი ნოიერის, კლუბის ლეგენდისა და ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელის დაპირისპირებაში აშკარად მწვრთნელის, ანუ ნაგელსმანის მხარეს იჭერდა. ეს ამბავი სულ ორიოდე თვის წინ ხდებოდა.

ეს არც იყო გასაკვირი. ნაგელსმანი ბაიერნში მივიდა, როგორც ახალი დიდი პროექტი და არა დროებითი მწვრთნელი. მის ნაცვლად ლაიპციგმა 20 მილიონ ევროზე მეტი მიიღო -კოლოსალური თანხა მწვრთნელისთვის. მას კონტრაქტი 2026 წლამდე დაუდეს და მისცეს კლუბის მენეჯმენტში აქტიური მონაწილეობის მიღების უფლება. მაგალითად, უპამეკანო და ზაბიტცერი, ორი ყოფილი ლაიპციგელი (ნაგელსმანის ყოფილი კლუბი), ბაიერნში სწორედ მისი რეკომენდაციით მივიდა.

ზოგადად, ბაიერნი ოჯახური კლუბია - ბაიერნულ, მიუნხენურ კულტურას განასახიერებს. აქ უცხოებს იოლად არ ენდობიან. კლუბს ყოფილი ლეგენდები მართავენ. სწორედ ამიტომ, ბაიერნისთვის იდეალური პარტნიორობა ოტმარ ჰიტცფელდის, იუპ ჰაინკესის და ჰანსი ფლიკის ტიპის მწვრთნელებთან გამოდიოდა. ანუ იმ ხალხთან, რომელთან ერთადაც კლუბის ხელმძღვანელობას შნიცელის საჭმელად სიარული შეუძლია, როგორც ამას გერმანიაში ამბობენ ხოლმე, განსაკუთრებით კარგი მეგობრობის გამოსახატავად. ნაგელსმანიც ბაიერნელია. კარგად იცნობს ამ სპეციფიკურ კულტურას, რითაც ბაიერნი საგრძნობლად განსხვავდება, როგორც დასავლეთისგან, რურის მხარისგან (კლოპის საფეხბურთო სამშობლო), ისე ბერლინისგან, არაფერს ვამბობ ყოფილი გდრ-ის ტერიტორიაზე. ნაგელსმანი ბავშვობიდან ბაიერნის გულშემატკივარი იყო - ისეთი, რომ 1999 წლის ლიგის ფინალი ბავშვობის ტრავმად შემორჩა.

მოკლედ, ყველა დეტალი თითქოს იმაზე მიანიშნებდა, რომ ის ბაიერნის დიდხნიანი მწვრთნელი უნდა ყოფილიყო. ბაიერნს კიდევ ერთი რამ ახასიათებს - სისტემურობა, გეგმაზომიერება, იდეალური მენეჯმენტი, პანიკის, იაფფასიანი ტენდენციების არაყოლის უნარი. მართვის, კლუბური სტრუქტურის, ფინანსური და ორგანიზაციული გამართულობის, სტაბილურობის კუთხით, ბაიერნს ევროპაში კონკურენტი არ ჰყავს. ის ყველასთვის სამაგალითოა.

ამ ვითარებაში გაუშვა მწვრთნელი, რომელიც სამ ფრონტზე იბრძვის, რომელსაც სეზონში მხოლოდ 3 თამაში აქვს წაგებული და რომელიც მრავალწლიანი პროექტი უნდა ყოფილიყო თავისი ათეულობით მილიონი ინვესტიციით, ცოტა კი არა, ძალიან უცნაურია. და ეს, მით უმეტეს, ბაიერნში. ასეთი რამე შეიძლება წარმოგვედგინა ჩელსიში ან რომელიმე საშუალო იტალიურ კლუბში, სკანდალური და ოდიოზური პრეზიდენტით, მაგრამ ბაიერნში?! არასოდეს! ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ამბავია, რაც ფეხბურთში მახსოვს.

უცნაურია ისიც, თუ როდის მოხდა ეს - სეზონის დასრულებამდე ორი თვით ადრე, შუა სეზონში. და ეს იმ ფონზე, როდესაც ბაიერნს იდეალური სეზონი აქვს ჩემპიონთა ლიგაში და 8-დან 8 შეხვედრა მოიგო, თანაც ისე, რომ მასთან შედარებით ინტერი, ბარსელონა და ვარსკვლავური პსჟ ერთი საფეხურით უფრო დაბალი კლასის გუნდებად გამოიყურებოდნენ. არაფერია დაკარგული ბუნდესლიგაში, სადაც ერთქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, მიუნხენელებს შემდეგ ტურში მხოლოდ ბორუსიის დამარცხება სჭირდებათ, ლიდერობის დასაბრუნებლად.

გასაგებია, რომ მეორე წრეში ბაიერნმა რამდენიმე ცუდი შეხვედრა ჩაატარა და ბუნდელიგაში პოზიციები დაკარგა, თუმცა ერთქულიანი ჩამორჩენის გამო, ორი თვით ადრე მწვრთნელს არავინ ათავისუფლებს. მისი გაშვება სპორტული შედეგებით ნამდვილად არ შეიძლება იყოს განპირობებული. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ზაფხულში ლევანდოვსკის წასვლა იმას ნიშნავდა, რომ მიუნხენელებს ამ სეზონში პრობლემები აუცილებლად ექნებოდათ. არ შეიძლება ამ მასშტაბის ლიდერი და ასეთი კალიბრის მოთამაშე გუნდიდან წავიდეს და ეს არ აისახოს.

ყველაზე ლოგიკური მიზეზი ნაგელსმანი ხისტი ხასიათი და არცთუ იდეალური ურთიერთობებია. ნოიერზე ზემოთ უკვე ვწერდით - ტოპალოვიჩის წასვლა სწორედ ნაგელსმანის იდეა იყო. მას არცთუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა თომას მიულერთან. მოსალოდნელზე სუსტად გამოიყურება სადიო მანე, რომლის ადაპტაცია გართულდა. ამის მიუხედავად, ბაიერნში არაფერი ხდება ისეთი სკანდალური, რომ გუნდს ეს ბოლო ორი თვე ვერ დაესრულებინა. მაგალითად, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იოზუა კიმიხი ნაგელსმანთან განსაკუთრებით ახლოს იყო და მისი წასვლა, წყაროების ცნობით, ძალიან არ გაუხარდა.

უფრო ახლოს იყოს ის არგუმენტი, რომელიც ლევერკუზენთან მარცხის შემდეგ ჰასან სალიჰამიჯიჩმა გაახმოვანა. მან მოთამაშეები მონდონების და მოტივაციის არქონაში დაადანაშაულა. ზოგადად, ნაგელსმანი უფრო ტაქტიკის მწვრთნელია და წყაროთა ცნობით, მისი საწვრთნელი პროცესი და მართვის სტილი მოთამაშეებს არცთუ ისე ძალიან სიამოვნებდათ. ამის მიუხედავად, ორი სეზონი თუ ამას იტანდნენ, ორი თვე მოცდა და სეზონის დასრულება, ნამდვილად შეიძლებოდა.

ნაგელსმანი გზა და გზა გამოჩნდა, რომ არცთუ ისე ძალიან იზიარებდა ბაიერნის ფასეულობებს. მაგალითად, კლუბში არ მოსწონდათ, რომ ის გადასაადგილებლად სკეიტბორდს და მოტოციკლს იყენებდა, ან მოთამაშეებს თავისუფალი დროის მათი ნების მიხედვით გამოყენების უფლებას აძლევდა. მაგალითად, სალიჰამიჯიჩმა გააკრიტიკა გნაბრი, რომელიც დასვენების დროს პარიზის მოდის კვირეულზე წავიდა და აღნიშნა, რომ ეს დრო მას დასასვენებლად ჰქონდა. ნაგელსმანმა გნაბრი დაიცვა, რადგან მიაჩნია, რომ ფეხბურთელებმა თავისუფალი დრო მათი სურვილების მიხედვით უნდა განკარგონ. მაგრამ, არის კი ეს საკმარისი მიზეზი სეზონის დასრულებამდე ორი თვით ადრე მწვრთნელის მოსახსნელად?! 

სიმართლე რომ ითქვას, არც იმის მჯერა, რომ ბაიერნმა ასე ძალიან თომას ტუხელის გამო იჩქარა. ტუხელი ნაგელსმანზე კარგი მწვრთნელია - მის საფეხბურთშო CV-ში ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. თუმცა, შუა სეზონში მწვრთნელის ცვლილება ისეთი რისკია, რომ გუნდები ამას მხოლოდ აუცილებელ და კრიტიკულ შემთხვევაში მიმართავენ ხოლმე. ტუხელის დანიშვნა თუ უნდოდა, მიუნხენელებს შეეძლოთ მასთან წინასწარი კონტრაქტი გაეფორმებინათ, ეს ამბავი დაემალათ და ივნისიდან გუნდი ჩაებარებინათ. მითია ის, რომ ბაიერნს ისე შეეშინდა ტუხელის არდაკარგვის, რომ იჩქარა და ნაგელსმანი გაუშვა. არავინ უშლიდა კონტრაქტის ახლავე გაფორმებას.

ზოგადად, რბილი, დამყოლი და ოჯახური ხასიათით არც ტუხელი გამოირჩევა. პირიქით, ხისტი, ფეთქებადი და თავისებური კაცია. კლუბისთვის ისიც უცხოა. ადაპტაციისთვის დრო მასაც დასჭირდება. ეს არ არის ჰაინკესის ან ფლიკის დანიშვნის ამბავი, რომლებიც კლუბს თავისი ოჯახივით იცნობდნენ.

ერთადერთ ლოგიკურ ახსნას სალიჰამიჯიჩის და კანის ფიგურებამდე და მენეჯმენტთან უთანხმოებამდე მივყავართ. ფაქტია, რომ ეს უცებ მოხდა და გადაწყვეტილებაც დიდი ხანი არ მზადდებოდა. ფაქტია, რომ ბაიერნმა ძალიან გარისკა. წარმოიდგინეთ, ბაიერნი სიტისთან რომ გავარდეს, რა ამბავი ატყდება?!

გარისკა პირველ რიგში ორგანიზაციულად, მისმა მენეჯმენტმა, თორემ სხვა მხრივ, ბაიერნი სუპერკლუბად ტუხელის ხელშიც რომ დარჩება, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ეს ქმედება ბაიერნის ქმედების ზოგადი ლოგიკიდან, მისი ტრადიციიდან, მართვის სტილიდან და ფასეულობებიდან ამოვარდნილი იყო. ეს რაღაც ახალია. ბევრი დაიწერა და ითქვა, ბევრი ვერსიასაც მოვისმინეთ, თუმცა სრულყოფილად ამ ნაბიჯს მაინც ვერაფერი ხსნის.

ზოგადად, სალიჰამიჯიჩი-კანის დუეტიც ვერ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ჰიონეს-რუმენიგეს ეპოქაში ბაიერნმა მიგვაჩვია. ისინი დიდ და გარეშე თვალისთვის აუხსნელ რისკზე წავიდნენ. ვნახოთ, რა გამოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები