Thumbnail

თბილისის ოლიმპმა კავკასიის საკალათბურთო ლიგის ფინალური სერიის პირველი თამაში ვაჰანი სიტის 95:88 მოუგო. შეხვედრა ნახევარფინალური მატჩების მსგავსად ქულა-ქულაში წარიმართა. საბოლოო ჯამში, ქართულ-სომხური დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოვიდა.

როგავას გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მეოთხე მეოთხედის ბოლოსკენ მოიპოვა. ოლიმპის მხრიდან კარგი შეხვედრა ჩაატარა ლინტონ ესლაისმა, რომელსაც 28 ქულა, 14 მოხსნა და 3 ასისტი ჰქონდა. გამორჩეული იყო გუნდის კაპიტანი გივი ბაქრაძეც (14 ქულა, 3 მოხსნა და 9 ასისტი). ვაჰანი სიტის რიგებში შედეგიანად ითამაშეს კენეტ მილერმა (25 ქულა, 1 მოხსნა, 10 ასისტი) და ალბერტ ტატევოსიანმა (22 ქულა, 10 მოხსნა, 5 ასისტი).

ამგვარად, ოლიმპმა ჩემპიონობისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. ფინალური სერია 2 მოგებამდეა და კიდევ ერთი შეხვედრის გამარჯვებით დასრულების შემთხვევაში, როგავას გუნდი კავკასიის ლიგის ჩემპიონი გახდება. მომდევნო მატჩი 28 მარტს არის დაგეგმილი.

დავით როგავა (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი): "კავკასიის ლიგაში ყველა თამაში რთულია, განსაკუთრებით პლეი ოფში. კონკურენცია საკმაოდ გაზრდილია. დღესაც ბოლო პერიოდამდე ვაგებდით. ძალიან რთული გრაფიკით ვთამაშობთ. არ მინდა ვინმემ ეს, როგორც გამართლება, ისე მიიღოს, მაგრამ ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, ბიჭები მართლა მაქსიმუმს აკეთებენ და ამისთვის მინდა ჩვენი ფიზმომზადების მწვრთნელს მადლობა ვუთხრა. სერია დამთავრებული არაა. ჩემპიონები რომ გავხდეთ კიდევ ერთი მატჩია მოსაგები და დარწმუნებული ვარ, ამისთვის თითოეული მოთამაშე მაქსიმუმს გააკეთებს".

გიორგი მეცხოვრიშვილი (ოლიმპის კალათბურთელი): "საკმაოდ დაძაბული თამაში იყო და ცხადია, ფინალის ყველა მატჩში ასე იქნება. შეხვედრის მოსაგებად ბოლო მეოთხედში ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ. თამაში მწვრთნელის დახმარებითა და სწორი ტაქტიკური მონახაზით მოვიგეთ. აქ ჩემპიონობისთვის ჩამოვედით".

 

კომენტარები

ბოლო ამბები