Thumbnail

28 მარტი საქართველოს ნაკრებისთვის და ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა: ეროვნული გუნდი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში უმასპინძლებს ნორვეგიის ნაკრებს, რომელსაც ერლინგ ჰაალანდის სახით მთავარი ლიდერი აკლია.

მატჩამდე ნორვეგიულ მედიაშიც დიდი გამოხმაურებაა. ისინი წუხილს გამოთქვამენ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყება ზედიზედ ორი გასვლითი თამაშით მოუწიათ.

"ესპანეთთან რთულ გასვლით მატჩს გრძელი მოგზაურობა და სტუმრად კიდევ ერთი თამაში მოჰყვება საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც შაბათს პრაქტიკულად თავისუფალი დღე ჰქონდა. ისინი ხომ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რეიტინგის გუნდს შეხვდნენ", - წერს ნორვეგიული nrk.no.

ცნობილი ნორვეგიელი სპეციალისტი ოგე ჰარეიდე, რომელიც საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა, ამბობს: "არ მესმის, რატომ უწევს ნორვეგიას ზედიზედ ორი თამაში სტუმრად, როცა შესაძლებელია ითამაშო სტუმრად და მერე შინ. ეს უცნაური და სამწუხაროა".

ოგე ჰარეიდე

ოგე ჰარეიდე თბილისში ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს მიოლდეს მწვრთნელის რანგში იყო, ხოლო ბოლოს 2019 წელს, დანიის ნაკრებთან ერთად. მიოლდე მაშინ დინამოსთან დამარცხდა, დანიამ კი საქართველოსთან თბილისში ნულოვანი ფრე ითამაშა.

მან ასევე თქვა: "2019 წელს, როდესაც დანიის ნაკრებში ვმუშაობდი, ჯგუფში საქართველო გვყავდა. "პარკენზე" ისინი გავანადგურეთ (1:5), მაგრამ სტუმრად 0:0 ვითამაშეთ. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების თამაშში შინ და სტუმრად დიდი განსხვავებაა".

ნორვეგიული გამოცემა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ როდესაც საქართველო სექტემბერში ოსლოში ჩამოვა, ნორვეგია მანამდე ამხანაგურ მატჩს იორდანიასთან ჩაატარებს, იმავე დღეს კი საქართველო ესპანეთს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიამ შესარჩევის პირველი მატჩი უკვე გამართა და 25 მარტს, სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან 0:3 დამარცხდა. საქართველოს ნორვეგიასთან ისტორიაში 3-ჯერ აქვს ნათამაშები და ყველა მატჩი მეტოქემ მოიგო: 1996 წელს ამხანაგურ შეხვედრაში (1:0), 1999 წელს კი ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე (4:1 და 1:0).

კომენტარები

ბოლო ამბები