Thumbnail

სამშაბათი, 28 მარტი საქართველოს ნაკრებისთვის და ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა: ეროვნული გუნდი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში უმასპინძლებს ნორვეგიის ნაკრებს, რომელსაც ერლინგ ჰაალანდის სახით მთავარი ლიდერი აკლია (მატჩის სრული პრევიუ წაიკითხეთ აქ).

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა თამაშამდე სფფ-ის პრესსამსახურთან ისაუბრა:

...ევრო 2024-ზე თამაშზე: "ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება, კონკურენტების მატჩია, იმიტომ, რომ ესპანეთი ამ ჯგუფში ფავორიტია, შესაბამისად, ბრძოლა მეორე ადგილისთვის იქნება. ვფიქრობ, არ ვიქნებით მარტივად დასამარცხებელი გუნდი არავისთვის, არც ესპანეთის ნაკრებისთვის. ბევრი თამაშის მოგება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია. ეს არის ჩვენი მიზანი, ოცნება და დროა ეს ნაბიჯი გადავდგათ".

...ნაკრებში პირველი მატჩი თბილისში, ჩრდ. მაკედონიასთან: "რაც უნდა დიდ გუნდში ითამაშო, შენი ხალხი სხვა სტიმულს გაძლევს, საერთოდ სხვა წნეხია ეროვნულ ნაკრებში თამაში. ძალიან რთული იყო ფსიქოლოგიურად ეს ყველაფერი, მაგრამ გადავლახე, ბოლოს კი დიდი ემოცია იყო, როცა შევძელი, კარგად ვითამაშე და მოვიგეთ".

...ვალენსიაში დამკვიდრებასა და ხოსე მანუელ ოჩოტორენაზე: "პირველ რიგში ბევრი შრომა სჭირდება, აუცილებელია მწვრთნელის მიდგომა და ნდობა, რადგან მას შეუძლია, როგორც აგაშენოს, ისე დაგანგრიოს. წინა სეზონში, როდესაც 6 მატჩი ვითამაშე და მერე სათადარიგო სკამზე დამსვეს, რამდენიმე თვეში მეკარეების მწვრთნელი მესაუბრა, მითხრა, რომ შრომა გამეგრძელებინა, რადგან არავინ იცის, როდის მოგეცემა შანსი. ამ საუბრიდან ერთ თვეში თამაში დავიწყე, ის პიროვნება ძალიან დამეხმარა, რომ არა ის, შეიძლება ვერ მეთამაშა".

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2021 წელს, ბულგარეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა. მას შემდეგ 22 წლის მეკარემ ეროვნული გუნდის მაისურით 6 მატჩი ჩაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები