- ქართველ ჩოგბურთელებს ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფის მატჩები ელით
- პორტუგალიაში 11 ნაკრები ითამაშებს, 2 საუკეთესო კი პლეი ოფში მოხვდება
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ბილი ჯინ კინგის სახელობის ტურნირის ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფის მატჩების ჩასატარებლად ემზადება, რომელსაც 10-15 აპრილს პორტუგალიის ქალაქი ოეირასი უმასპინძლებს.
აღნიშნულ შეჯიბრში მონაწილეობას 11 ნაკრები მიიღებს. საქართველოს გარდა, ესენი არიან ბოსნია-ჰერცეგოვინა, ესტონეთი, საბერძნეთი, ირლანდია, ისრაელი, კოსოვო, ლიეტუვა, მალტა, პორტუგალია და სამხრეთ აფრიკა.
ჩამოთვლილი გუნდები ორ ჯგუფში (ერთი ხუთი იქნება, მეორეში - ექვსი) გადანაწილდებიან, ჯგუფების საუკეთესოები კი I ჯგუფში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებენ. საპირისპიროდ, 2 უარესი ნაკრები გასავარდნ პლეი ოფს ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტრადიციულად მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი იქნება, შემადგენლობაში კი ეკატერინე გორგოძე, სოფია შაფათავა, ნინო ნაცვლიშვილი, ოქსანა კალაშნიკოვა და ნათელა ძალამიძე მოხვდნენ.
უდავოა, რომ ტურნირზე ყველაზე ძლიერი მოთამაშე საბერძნეთს ეყოლება – მარია საკარი, რომელსაც WTA-ს რეიტინგში მე-10 ადგილი უკავია. ყურადღებას იმსახურებს ესტონელთა განაცხადიც: კაია კანეპი მსოფლიოს 57-ე ჩოგანია, ანეტ კონტავეიტი კი 70-ე პოზიციაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ შარშან საქართველოს ქალთა ნაკრები ბილი ჯინ კინგის თასის I ჯგუფში ირიცხებოდა, თუმცა, ძალიან სუსტად ითამაშა: 6-დან 6 წაგება. ქართველი ჩოგბურთელები ხორვატიასთან, სლოვენიასთან, ავსტრიასთან, ბულგარეთთან, შვედეთთან და დანიასთან დამარცხდნენ და დაქვეითებას ვერ გადაურჩნენ.
გასულ წელს გამართულ ტურნირში საქართველოს ღირსებას მარიამ ბოლქვაძე, ოქსანა კალაშნიკოვა, ზოზია ქარდავა, ნინო ნაცვლიშვილი და თამარ გაგოშიძე იცავდნენ. როგორც ხედავთ, იმ გუნდიდან წლეულს განაცხადში ვეღარ მოხვდნენ ბოლქვაძე, ქარდავა და გაგოშიძე.
კომენტარები