- 'ადრე ვთქვი, რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი გახდებოდა, ის სწორედ ამისკენ მიდის'
- საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი, რომელიც ამჟამად ბრატისლავის სლოვანს ავარჯიშებს, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა და მას იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.
ვლადიმირ ვაისი: “როდესაც ხვიჩა ნაპოლიში გადავიდა, მაშინ ვთქვი, რომ თუკი თავში ყველაფერი წესრიგში ექნებოდა, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი გახდებოდა. კვარაცხელია სწორედ ამისკენ მიდის. მისი კარიერა წარმოუდგენლად ვითარდება. წელიც კი არ გასულა, რაც ბათუმიდან ნაპოლიში აღმოჩნდა და ასე თამაშობს!
როდესაც 18-19 წლის იყო, ნაკრებში შანსი მე მივეცი. წარმოუდგენელი ტალანტი და მაგარი ბიჭია. მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს და თანაც ასეთ სისწრაფეზე. გოლები გააქვს და პასებსაც აკეთებს. ფანტასტიკური სეზონი აქვს და ვთვლი, რომ იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია.
ჩემპიონთა ლიგაში არ მოხდება, რთული სათქმელია. ევროპის მასშტაბით 8 საუკეთესო კლუბია დარჩენილი. ცხადია, მსურს ხვიჩამ და ნაპოლიმ მოიგონ. იქ ხომ ერთი სლოვაკი ფეხბურთელიც თამაშოს. საყრდენ ზონაში ლობოტკა ჰყავთ, რომელიც თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ნაპოლის ნამდვილად კარგი შანსი აქვს, სერია A-ს გარდა, ჩემპიონთა ლიგაშიც იმარჯვოს”.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016-20 წლებში წვრთნიდა და სწორედ სლოვაკი სპეციალისტის მუშაობის პერიოდში ჰქონდა ხვიჩას ეროვნულ გუნდში დებიუტი – 2019 წლის ზაფხულში. ამჟამად, კვარაცხელია კვლავ ნაკრების რიგებში იმყოფება და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ციკლში ნორვეგიასთან დღევანდელი მატჩისთვის ემზადება.
კომენტარები