Thumbnail
  • იტალიის ნაკრების თავკაცი შესაძლოა საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდეს
  • პსჟ-ის პრეზიდენტი 58 წლის იტალიელი სპეციალისტის მიწვევას განიხილავს 

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ შესაძლოა ფრანგული პარი სენ-ჟერმენი ჩაიბაროს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს, რომლის ცნობით, 58 წლის სპეციალისტი კარიერაში ახალი ეტაპის დაწყების შესაძლებლობას განიხილავს.

ცნობილია, რომ პარიზულ კლუბში კმაყოფილები არ არიან გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, კრისტოფ გალტიეს შედეგებით. პსჟ უკვე გამოეთიშა მთავარ გამოწვევას - ჩემპიონთა ლიგას, სადაც 1/8-ფინალში მიუნხენის ბაიერნთან ორი მატჩის ჯამში დამარცხდა.

რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა

როგორც ირკვევა, მანჩინის კანდიდატურაზე პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი სერიოზულად ფიქრობს. ამ უკანასკნელს მოსწონს იტალიელის უნარები, წარმატებით უხელმძღვანელოს გრძელი სათადარიგოთა სკამის მქონე გუნდს და იბრძოლოს კლუბის საჩემპიონო ამბიციებისთვის. ამას ემატება სპეციალისტის გუნდებისთვის დამახასიათებელი შემტევი სტილი და ასევე, მისი ახლო ურთიერთობა პარიზული გუნდის იტალიელ ლიდერებთან - მარკო ვერატისა და ჯანლუიჯი დონარუმასთან. 

რობერტო მანჩინი იტალიის ეროვნულ ნაკრებს 2018 წლიდან წვრთნის და მას ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გაამარჯვებინა, თუმცა მოგვიანებით გუნდს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოაპოვებინა. სპეციალისტს საკლუბო დონეზე წარმატებით უმუშავია ფიორენტინაში, ლაციოში, მილანის ინტერში, მანჩესტერ სიტისა და გალათასარაიში. 

კომენტარები

ბოლო ამბები