Thumbnail
  • WhoScored-მა მატჩში საუკეთესოდ ალექსანდერ სიორლოტი აღიარა
  • მიქაუტაძის სუპერგოლი და მამარდაშვილის სეივები - ფრე ნორვეგიასთან

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ბათუმში ნორვეგიას დაუზავდა. ალექსანდერ სიორლოტის გოლს პირველ ტაიმში, მეორეში გიორგი მიქაუტაძემ ბრწყინვალე გოლით უპასუხა - 1:1. ვნახოთ, როგორ შეაფასა WhoScored-მა ორივე გუნდის მოთამაშეები. 

სიორლოტი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გოლი გაიტანა და 10 საჰაერო დუელი მოიგო

საერთო ჯამში, ნორვეგიის ნაკრები უკეთესად გამოიყურებოდა - უფრო გააზრებულად უტევდა (პასების სიზუსტე 86-77-თან), შუახაზი მოიგო (591 პასი 279-ის წინააღმდეგ), ბურთს უკეთ აკონტროლებდა (ბურთის ფლობა 66-34) და კარშიც მეტჯერ (ზუსტი დარტყმები - 5-3) დაარტყა. ამის მიუხედავად, სანიოლის გუნდმა ქულის გადარჩენა მაინც შეძლო. 

WhoScored-მა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რეალ სოსიედადის ფორვარდი ალექსანდერ სიორლოტი დაასახელა - 8.26. მან 4-ჯერ დაარტყა კარისკენ, აქედან ორი ზუსტი იყო, ერთი გაიტანა, ერთხელ კი მამარდაშვილმა მასპინძელთა გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. სიორლოტმა მატჩში 10 (!!!) საჰაერო დუელი მოგო. კარგი შეფასებები მიიღეს ოლა სოლბაკენმა (7.43), მოჰამე ელიუნუსიმ (7.24) და ლეო ესტიგორმა (7.11). მხოლოდ ამათ მერე მოდის არსენალის ვარსკვლავი მარტინ ედეგორი, რომელმაც ასპროცენტიანი საგოლე მომენტი გაანიავა - 7.09.

საქართველოს ნაკრებში, იმის მიუხედავად, რომ ნორვეგიელმა მცველებმა გასაქანი არ მისცეს, მაინც ხვიჩა კვარაცხელია იყო - 7.51. ხვიჩას ხუთივე დარტყმა აცდა მიზანს, თუმცა ორი მათგანი ძალზე სახიფათო იყო, მის ანგარიშზეა 4 პოტენციურად საგოლე პასი და 3 წარმატებული დრიბლინგია. 

მეორე ადგილზე გავიდა ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე - 7.36. მანაც ხუთჯერ დაარტყა კარისკენ, თუმცა ერთხელ მიზანს უწია. მის ანგარიშზე 2 მნიშვნელოვანი პასი და 3 წარმატებული დრიბლინგია. 

მესამე ადგილზე ნიკა კვეკვესკირია - 7.07. მან, ისევე, როგორც ლამის მთელმა ნაკრებმა, პირველი ტაიმი ჩააგდო, თუმცა მეორეში უკეთ ითამაშა. 3 წარმატებული დრიბლინგი მასაც ჰქონდა. 

ნამდვილი აღმოენაა, გიორგი გოჩოლეიშვილი. მას მეოთხე შეფასება აქვს გუნდში - 6.99. ეს მაშინ, როცა მოედანზე მხოლოდ 69-ე წუთზე გამოჩნდა. გოჩოლეიშვილს ასევე 3 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. ხუთეულს ასრულებს გიორგი მამარდაშვილი - 6.95. მას პირველ ტაიმში ერთი-ორი შეცდომა ჰქონდა, მაგრამ საერთო ჯამში 5 "სეივი", რომელთაგანაც ორი მაინც ძალიან მაგარი იყო, ბევრზე მეტყველებს. 

სხვა ფეხბურთელების შეფასებები: ირაკლი აზაროვი - 6.87; საბა კვერკველია - 6.70; ოთარ კაკაბაძე - 6.59; ზურიკო დავითაშვილი - 6.54; გიორგი აბურჯანია - 6.48; საბა ლობჟანიძე - 6.36; გურამ კაშია - 6.33; ბუდუ ზივზივაძე - 6.24; ჯიმი ტაბიძე - 6.19. გაგნიძემ და ბერიძემ ძალიან ცოტა ითამაშეს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას A ჯგუფში სტუმრად თემურ ქეცბაიას კვიპროსთან გამართავს. ეს მატჩი 17 ივნისს ჩატარდება, ხოლო 20 ივნისს სანიოლის გუნდი შოტლანდიას ესტუმრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები