Thumbnail
  • საქართველოს ცუდი სტარტი ემოციური მომენტით და ადაპტაციით უნდა აიხსნას
  • ნორვეგიის პრესინგი საქართველოს ბურთის გათამაშების საშუალებას არ აძლევდა
  • გადამწყვეტ როლს ჩვენი ნაკრების ფლანგის მოთამაშეების ფაქტორი ასრულებდა

საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ძალიან ემოციური გუნდია, ხშირად ზედმეტადაც. სხვაგვარად, პირველი 35 წუთის ახსნა შეუძლებელია. რაც უნდა კარგი ყოფილიყო ნორვეგიის ნაკრები, ეროვნული გუნდის ასეთ სუსტ სტარტს სხვა ახსნა არ აქვს.

ემოციური, ეიფორიული ფონი და გულშემატკივრის მოლოდინი საქართველოს ნაკრებს ფსიქოლოგიურად ყოველთვის სიმძიმედ, წნეხად აწვება ხოლმე. ასე იყო ახლაც - სანიოლის გუნდი თამაშში მძიმედ შევიდა, თითქოს შენელებული და შეშინებულიც კი იყო.

სორლოტის გოლი ამის ნათელი ილუსტრაცია იყო. ნორვეგიელთა ფორვარდი საჯარიმოს მისადგომებთან რამდენიმე წამის განმავლობაში ისე ფლობდა ბურთს, რომ მისი უშუალო მეურვის, გურამ კაშიას გარდა, წინააღმდეგობა არავის გაუწევია. კაშია არავინ დააზღვია, მეტოქეს სივრცეები არავინ შეუზღუდა და გოლიც გავიდა. რომ არა მამარდაშვილის ძალიან მაგარი სეივი, პირველ 35 წუთში ნორვეგია მეორესაც გაიტანდა და მატჩის ბედიც ალბათ ასე გადაწყდებოდა.

არის სხვა ფაქტორიც - კლასი. მაღალი კლასის გუნდები სხვა სისწრაფეზე თამაშობენ. როცა შარშან თუნდაც ბულგარეთთან და მაკედონიასთან თამაშობდი და ახლა უცებ, მათზე ერთი რანგით უფრო მაღალი კლასის ნორვეგიას ეთამაშები, მეტოქეზე, მის კლასსა და სისწრაფეზე გადაწყობას დრო სჭირდება. უცებ აღმოაჩენ, რომ აქ სხვა სიჩქარეა. არადა, შენ სხვა სიჩქარეს მიეჩვიე. სწორედ ამიტომ სჭირდება ზრდისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მაღალი კლასის მეტოქეებთან რაც შეიძლება მეტი თამაში. ასე იზრდები. ამიტომაც, ერთა ლიგის B დივიზიონი სანიოლის გუნდისთვის ძალიან კარგი პრაქტიკა იქნება. დარწმუნებული ვარ, პირველ 30 წუთში ამ გადაწყობის, თუ სხვა ტიპის და სხვა კლასის მეტოქეზე ადაპტაციის მომენტიც იყო.

იყო ტაქტიკური დეტალებიც. ნორვეგია პირველ ტაიმში წნეხს ძალიან კარგად ახორციელებდა. საქართველოს ეროვნულ გუნდს დაცვიდან შეტევაში ბურთის გათამაშებით გადასვლის საშუალებას არ აძლევდა. განსაკუთრებით მჭიდროდ მეურვეობდნენ ნიკა კვეკვესკირს, რომელიც ბურთის მოედნის ცენტრში გათამაშებისა და შეტევის დაწყების დროს, სანიოლის გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

არადა, ნორვეგიისნაირ ათლეტურ და ტანმაღალ გუნდთან გრძელი პასით შეტევის დაწყებას აზრი თითქმის არ აქვს. ნორვეგიამ საქართველოზე თითქმის ორჯერ მეტი პასი შეასრულა (698 გადაცემა 359-ის წინააღმდეგ), თუმცა გრძელი გადაცემები სანიოლის გუნდს უფრო მეტი ჰქონდა (67 გრძელი პასი 46-ის წინააღმდეგ). ანუ, სოლბაკენი და მისი წნეხი ჩვენს გუნდს მუდმივად აიძულებდა, გრძელი გადაცემებით ეთამაშა. საქართველოს ნაკრების პასების თითქმის 20 პროცენტი, ანუ ყოველი 5 პასიდან 1, გრძელი გადაცემა იყო (ნორვეგიას გრძელი გადაცემის პროცენტი 7-ის ფარგლებში ჰქონდა, ანუ - სამჯერ ნაკლები).

ნორვეგიელთა პრესინგი იმას განაპირობებდა, რომ საქართველოს ნაკრები შეტევას ვერ იწყებდა, ბურთს ძალიან სწრაფად კარგავდა და თითქმის მთელი პირველი ტაიმი მოგერიების თუ გაძლების რეჟიმში იყო.

ამას დაემატა ის, რომ ზემოთ უკვე აღნიშნული ნერვების თუ სხვა ფაქტორის გამო, ეროვნული გუნდი ზედმეტად ხშირად, სრულიად იოლ სიტუაციებში, მეტოქის ზეწოლის გარეშეც კარგავდა ბურთს. ეს მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა.

როცა სამი ცენტრალური მცველით თამაშობ, იმისთვის, რომ ბურთი კარგად გაათამაშო და მეტოქის პრესინგის დროს დაცვიდან შეტევაში გადახვიდე, ცენტრალური მცველები ბურთს კარგად უნდა ფლობდნენ და პასითაც კარგად უნდა თამაშაობდნენ. სხვანაირად, როცა 3 ცენტრალური მცველი გყავს (ანუ სამი მოთამაშე შენი საჯარიმოს სიახლოვეს თამაშობს), ბურთს უბრალოდ ვერ გადაიტან მეტოქის ნახევარზე. ჯიმი ტაბიძეს ზუსტი პასების 74 პროცენტი ჰქონდა, ხოლო საბა კვერკველიას - 75. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით მცველისთვის.

ზემოთ კვეკვესკირი ვახსენე. მისი ზუსტი გადაცემების საშუალო მაჩვენებელი 90 პროცენტის ფარგლებშია ხოლმე, ნორვეგიასთან კი მნიშვნელოვნად დაბალი - 84 პროცენტი იყო.

თავის მხრივ, საქართველოს ნაკრებს წნეხი და მეტოქის მის ნახევარზე შეწუხება, პირველი ტაიმის უდიდეს ნაწილში არ გამოუვიდა. ნორვეგია შეტევებს წყნარად იწყებდა. ეს სათამაშო სქემითაც იყო განპირობებული. 3-5-2 დაცვაში და ნახევარდაცვაში კომპაქტურ განლაგებას უზრუნველყოფს (3-3 მოთამაშე გყავს ცენტრალურ ზონაში), თუმცა პრესინგისთვის კარგი სქემა არ არის. ამ სქემით პრესინგი, რომ გამოგივიდეს, მაშინ შენი განაპირა მოთამაშეები, რომელთაც მთელი ფლანგი აქვთ ჩაბარებული, აქტიურად უნდა გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე და მეტოქის ფლანგის მცველებს აწუხებდნენ. ანუ, ძალიან თამამი პოზიცია უნდა ჰქონდეთ. არადა, როცა მეტოქე 4-3-3-ით თამაშობს, მათი (ანუ ჩვენი განაპირა მოთამაშეების - აზაროვი, კაკაბაძე) ძირითადი ვიზავი მეტოქის განაპირა მცველი კი არა, განაპირა შემტევია. ვერ წახვალ პრესინგზე, როცა ფლანგზე შენს უკან მეტოქის შემტევი დგას. სწორედ ამიტომ, აზაროვს და კაკაბაძეს, ფაქტობრივად, მცველებად, ცენტრალური მცველების ხაზზე თამაში უწევდათ. შედეგად, საქართველოს ნაკრები ძალიან პასიურ პოზიციაში იყო და დიდი ძალებით დაცვაში დგომა უწევდა. მხოლოდ კვარაცხელია-მიქაუტაძის დუეტით პრესინგზე წასვლას კი აზრი არ აქვს - უბრალოდ, არ არის საკმარისი ძალები. ორი შემტევი მეტოქის 4 მცველს წნეხში ვერასოდეს მოაქცევს (მით უმეტეს, როცა მათ მეკარეც ეხმარება).

საინტერესო სტატისტიკური დეტალი იყო საქართველოს ნახევარდაცვაში. ზურიკო დავითაშვილს მხოლოდ 8 გადაცემა ჰქონდა შესრულებული 58 წუთში. ეს ზურიკოს ბრალი კი არ არის, თამაშის ხასიათს აღწერს. ბურთი საქართველოს არ ჰქონდა და ვერ ათამაშებდა. პირველ 35 წუთში ბურთის ფლობა 29-71-ზე იყო. არადა, უბურთოდ ეროვნული ნაკრები სხვა გუნდია.

საერთო ჯამში, საქართველოს ზუსტი გადაცემების მხოლოდ 77 პროცენტი ჰქონდა (მეტოქეს 86%) და საშუალო გათამაშება 4 პასს აღწევდა. ანუ, 4 გადაცემის მერე ბურთი იკარგებოდა.

პირველი ტაიმის ყველაზე მთავარი მომენტი 38 წუთზე კვარაცხელიამ შექმნა, როცა მისი საფირმო დარტყმა სანტიმეტრებით ასცდა მეტოქის კარს. ამ შეტევაში მთავარი მისი გეომეტრია იყო - როგორც კი საქართველო მეტოქის წნეხიდან ამოვიდა და დაცვიდან შეტევაში გადავიდა, მაშინვე საგოლე მომენტი შეიქმნა.

ამ შეტევამ აჩვენა ის პლუსები, რომელიც 3-5-2-ს აქვს. კაკაბაძე მეტოქის ფლანგის შემტევსა და ფლანგის მცველს შორის, ცენტრალურ ხაზთან განლაგდა და გრძელი პასი მიიღო. მისი პოზიცია ისეთი იყო, რომ მცველმა ამოწევა და დაცვის ხაზის დარღვევა ვერ გაბედა, არც ფლანგის შემტევს სურდა ასე სიღრმეში ჩამოწევა. კაკაბაძემ მათ შორის ე.წ. მკვდარი ზონა იპოვა.

მთავარი მომენტი აქ სხვა იყო - კაკაბაძის დიაგონალი აზაროვზე. როცა მეტოქის 4-3-3-ს ანუ 4 მცველს, შენი 3-5-2-ით უტევ და შენი ფლანგის მოთამაშეები აქტიურ, შემტევ პოზიციაში არიან, მოედნის სიგანეში უპირატესობა გაქვს - შეგიძლია 5 მოთამაშით მეტოქის 4 მცველს შეუტიო, მით უმეტეს მაშინ, თუ ფორვარდმა მეტოქის განაპირა მცველი საჯარიმოში წაიყვანა. კვარაცხელიამ მეტოქის მცველი გაიყოლა, აზაროვი თავისუფლად ჩაერთო სივრცეში და კაკაბაძის განივმა დიაგონალმა სიგანეში, ჰორიზონტალურად, სივრცის ათვისების საშუალება მისცა.

საქართველომ ეს ნომერი მეორე ტაიმშიც არაერთხელ გამოიყენა. ბევრი დიაგონალი იყო ფლანგიდან ფლანგზე - იქ, სადაც უფრო მეტი სივრცე ჩნდებოდა. გამოვიდა ისე, რომ ეროვნული გუნდის განაპირა მოთამაშეების (აზაროვი, კაკაბაძე) პოზიცია თამაშის ხასიათს განსაზღვრავდა. როცა ისინი აქტიურ პოზიციაში იყვნენ, მაშინ მეტოქეს დიდი ძალებით დაცვაში დგომა უწევდა - მათი ფლანგის შემტევებიც უკან იხევდნენ და წინ სორლოტი მარტო რჩებოდა. ასე იყო მეორე ტაიმში.

ხოლო მაშინ, როცა განაპირა მოთამაშეები უკან იწევდნენ, სანიოლის გუნდი დიდი ძალებით დაცვაში, პასიურ პოზიციაში იყო - ბურთსაც იოლად კარგავდა და შეტევაშიც ვერ გადადიოდა. კარგად შემოვიდა ლობჟანიძე, რომელიც სწორედ ფლანგის გააქტიურებისთვის არის ძალიან კარგი იარაღი. ფლანგზე კარგი იყო მოედანზე შეცვლაზე შესული გოჩოლეიშვილიც. შედეგად, საქართველოს შეტევების 77 პროცენტი სწორედ ფლანგებიდან წარიმართა.

განსაკუთრებით აქტიური იყო მარცხენა ფლანგი, სადაც ხშირად იწევდა ხვიჩა კვარაცხელია (შეტევების 46%). ხვიჩას მეტოქე ძალიან ყურადღებით ეთამაშებოდა - დიდი ძალებით, უმეტესად მის წინააღმდეგ 2-3 კაცი იდგა. ხვიჩასთვის საუკეთესო თამაში შეიძლება არ იყო, თუმცა საფრთხეს მაინც მუდმივად ქმნიდა. ზემოთ რომ მომენტი ვახსენე, ნიშანდობლივი იყო. პირველივე ნორმალურ შეტევაზე, როგორც კი ბურთი მიიღო, კინაღამ გაიტანა. ეს კლასის მაჩვენებელია. დიდ ფეხბურთელებს ეპიზოდები ჰყოფნით. ხვიჩას საჯარიმოს გარედანაც ჰქონდა რამდენიმე კარგი დარტყმა.

პრობლემა ის არის, რომ როდესაც ხვიჩა ფლანგზე გადმოდის, მეტოქის საჯარიმოში და მის მისადგომებთან მხოლოდ ერთი მოთამაშე (ამ შემთხვევაში მიქაუტაძე) რჩება და შეტევის გაგრძელება ძალიან რთულია. ალბათ, სწორედ ამიტომ აღნიშნა ვილი სანიოლმა, რომ 3-5-2-თან ერთად ეროვნულ გუნდს სხვა სისტემააც სჭირდება.

კვარაცხელიასთვის იდეალური შეიძლება 4-3-3 ან 4-5-1 იყოს. მისთვის უფრო ბუნებრივ პოზიციაზე ითამაშებს, მარცხენა შემტევად. თუმცა, ეს საკითხი ასე ერთმნიშვნელოვანი არ არის. სამი ცენტრალური მცველით ეროვნული გუნდი ბევრად უკეთ იცავს თავს - დაცვაში სივრცეები უბრალოდ არ რჩება. როგორც კი სანიოლმა მცველი მოხსნა და 4-მცველიან ტაქტიკაზე გადავიდა, ნორვეგიამ მაშინვე დაიწყო საქართველოს კართან სივრცეების და საგოლე მომენტების პოვნა. რომ არა მამარდაშვილის სუპერსეივები, ამ თამაშს ალბათ წავაგებდით.

თუმცა, მოგებაც შეიძლებოდა. მეორე ტაიმის პირველ 25-30 წუთში ეროვნული გუნდი ძალიან კარგი იყო. ქართველმა ფეხბურთელებმა რისკიანად, თამამად და ემოციით ითამაშეს, მეტოქეს დიდი ძალებით დაცვაში დგომა უწევდა და მომენტებიც შეიქმნა. მიქაუტაძის გოლის შემდეგ რამდენიმე წუთი ნორვეგია აშკარად აჭრილი იყო და საქართველოს ემოციურ ფონზე კიდევ გატანაც შეეძლო. ამ მონაკვეთში ყველაფერი იყო - ბრძოლაც, ინდივიდუალური ოსტატობაც, არასტანდარტული ქმედებებიც, დიდი ძალებით და მთელი ფრონტით შეტევა და ზეწოლის ქვეშ მოქცეული მეტოქეც.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნის, რომ საერთი ჯამში, მოგებასთან მეტოქე უფრო ახლოს იყო, ვიდრე სანიოლის გუნდი. ბოლო 10 წუთში საქართველო რამდენჯერმე გადარჩა. სწორად აღნიშნა ფრანგმა მწვრთნელმა - 96-ე წუთზე ბურთის ისე დაკარგვა ცენტრში არ შეიძლება, როგორც დავკარგეთ და ძალიან სახიფათო შეტევა მივიღეთ ჩვენს კართან. ესეც კლასის, გამოცდილების და პრაქტიკის ამბავია.

მატჩის წინ ვწერდით, რომ ნორვეგიის ტიპის დაცვასთან მიქაუტაძე შეიძლება უფრო გამოსადეგი იყოს მისი სისწრაფისა და მობილურობის გამო. ნორვეგიასთან ჭიდაობას და მეორე სართულზე ბრძოლას უბრალოდ აზრი არ აქვს - ვერ აჯობებ. ასეც გამოვიდა. მიქაუტაძე პასიური იყო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ძალიან მაგრად იპოვა სივრცე, გამოიყენა თავისი სისწრაფე და საქართველოს ქულა მოუტანა.

მნიშვნელოვანი ქულა იყო, რადგან აქამდე საქართველოს ნაკრები ასეთ თამაშებს ჩვეულებრივ აგებდა ხოლმე. ამ მატჩის მერე პირიქით, მოთამაშეები დაკარგულ 2 ქულაზე დარდობდნენ. ამ მატჩმა ისიც აჩვენა, რომ კონკიას ისტორია არ გამოდის და 1 წელიწადში ეროვნული გუნდი გრანდივით ვერ ითამაშებს, სამუშაო და დასახვეწი ისევ ძალიან ბევრია. კარგი ის არის, რომ პროგრესი აშკარად ჩანს.

სატურნირო პერსპექტივიდან მდგომარეობა უფრო გართულდა. ეროვნულ გუნდს ორი რთული გასვლა ელის - კვიპროსში, ივნისის მაგარ სიცხეში, როცა მეტოქისთვის სწორედ საქართველოა ის მოწინააღმდეგე, რომელთანაც ქულების აღება აქვს დაგეგმილი და შოტლანდიასთან, სადაც თამაში ყველას უჭირს. იმისთვის, რომ სამი ტურის შემდეგ კონკურენტულ პოზიციაში ვიყოთ, ქულები გვჭირდება ამ გასვლითი მატჩებიდან. შოტლანდიის ესპანეთთან გამარჯვემამ ჯგუფი კიდევ უფრო გაართულა. ახლა ისე ჩანს, რომ 6-ქულიანი შოტლანდია, ესპანეთთან ერთად, ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი და გასვლის სოლიდური პრეტენდენტია.

ქულებს იქით ემოციაც არის. დღეს საქართველო თავისი გუნდით ისევ ამაყობს. დადებითი ემოციური ფონი და ახალი ციკლის, ახალი დროის დაწყების განცდა გრძელდება. პროცესში ვართ, ვთამაშობთ და არ ვიხდით მოვალეობას. საფეხბურთო საქართველოსთვის ამ ეტაპზე ესეც მნიშვნელოვანი მიღწევაა. პირველ თამაშშივე ფსიქოლოგიურაად გამტყდარი გუნდი და "დასრულებული" შესარჩევი ბევრი გვახსოვს. ახლა, ხელში მნიშვნელოვანი ქულა და მოტრიალებული მატჩი გვიჭირავს.

"პირველი ტაიმის მიხედვით ქულა მოვიპოვეთ, მეორეს მიხედვით კი ორი ქულა დავკარგეთ", - ყველაზე კარგად მატჩის რთული და ცვალებადი ხასიათი ნიკა კვეკვესკირმა შეაფასა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები