Thumbnail

'ყველას ვეზიზღებით' - სოკ-ის გადაწყვეტილება რუს სპორტსმენებზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რუსებსა და ბელარუსებს აბრუნებენ, თუმცა, ძალიან მკაცრი პირობებით
  • რა რეკომენდაციები მიიღო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) რუსი და ბელარუსი სპორტსმენების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ისეთი პირობები დაუწესა, შეჯიბრებებზე გამოსვლაზე უარი, შესაძლოა, უკვე თავად დასჯილებმა თქვან.

მაშ ასე. რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული სოკ-ის სხდომაზე. რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო არენაზე დაბრუნება მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით (დროშისა და ჰიმნის გარეშე) შეეძლებათ, ამასთან მხოლოდ ინდივიდუალურ სახეობებში, გუნდური შეჯიბრებები კი მათთვის ისევ დახურულია.

ასპარეზობის უფლება მხოლოდ იმ სპორტსმენებს მიეცემათ, რომლებიც სოკ-ს სამშვიდობო მისიების წინააღმდეგნი არ არიან და მხარს არ უჭერენ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს. ამდენად, კვლავაც დისკვალიფიცირებულნი არიან ის სპორტსმენები, რომლებიც რამენაირად კავშირში არიან რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან. შესაბამისად, არაფერი იცვლება მათთვის, ვინც ცსკა-ში, დინამოში ან ძალოვანი უწყებების სხვა კლუბებში ირიცხება. 

რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში იმას, რომ რუსების და ბელარუსებისთვის კვლავაც მიუწვდომლად რჩება გუნდური სახეობები. მაგალითად, ფეხბურთი, კალათბურთი, ჰოკეი, ფრენბურთი, ხელბურთი და სხვა. ამას გარდა, ისინი ვერ გამოვლენ ბიატლონის, სათხილამურო, ცურვისა და სხვა სახეობების ესტაფეტებში.

საერთაშორისო ასპარეზზე ვერ ვიხილავთ იმ სპორტსმენებს, რომლებიც უკრაინაში რუსების ომს მხარს უჭერენ

სოკ-ის გადაწყვეტილებითვე, რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ფორმა თეთრი ან სხვა ფერის იქნება, ოღონდ, მთლიანად ერთ ფერში გადაწყვეტილი და მასზე არანაირი ნიშანი არ უნდა იყოს, რომელიც ქვეყანასთან იქნება დაკავშირებული. საინტერესოა, რომ ეს შეზღუდვა ქომაგებსაც ეხებათ, რომელთაც ტრიბუნებზე ჰიმნის შესრულებაც კი აკრძალული ექნებათ. ამას გარდა, რუს და ბელარუს სპორტსმენებს აკრძალული ექნებათ ყოველგვარი აქტიურობა სოციალურ ქსელებში.

საინტერესოა, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მომავალ ოლიმპიადაზე გამოსვლასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული და როგორც სჩანს, სოკ-ი იმ რეაქციებს დააკვირდება, რომელიც აღნიშნულ ნაბიჯს მოჰყვება.

სხვათა შორის, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მხოლოდ რეკომენდაციები გამოსცა და მართალია, როგორც წესი, საერთაშორისო ფედერაციები მას ითვალისწინებენ ხოლმე, შესაძლოა, ამ შემთხვევაში, სხვაგვარი პრეცედენტებიც ვიხილოთ. მარტივად რომ ვთქვათ, რომელიმე ფედერაციამ რუსები და ბელარუსები ნეიტრალური ათლეტების რანგშიც რომ არ მიიღოს, სოკ-ი ვერაფერს იზამს.

საინტერესოა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით რუსები ძალიან შეურაცხყოფილნი დარჩნენ. უკვე სპორტის არაერთი წარმომადგენელი გამოვიდა, რომლებიც აცხადებენ, რომ წაყენებულ პირობებზე უარის თქმა არის საჭირო. “ნაციონალიზმი, ქსენოფობია, აუტანლობა ეთნიკური, კულტურული, რელიგიური და სხვა მოტივებით, შერჩევითი სამართალი, მათ ყველას ვეზიზღებით”, - ეს ის სიტყვებია, რომლებსაც გამწარეული რუსების მხრიდან ყველაზე ხშირად გაიგონებთ. როგორც სჩანს, ამ ისტორიას გაგრძელება კიდევ მოჰყვება...

კომენტარები

ბოლო ამბები