Thumbnail
  • თურქეთში დაგეგმილ ტურნირზე ტატამიზე საქართველოს ნაკრების 7 წევრი გავა
  • გრანდ სლემი 31 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდშია, დღეს კი წილისყრა გაიმართა

ანტალიაში დაგეგმილი გრანდ სლემის (31 მარტი-2 აპრილი) წინ წილისყრა გაიმართა და მეტოქეთა ვინაობა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმაც შეიტყვეს. შეგახსენებთ, რომ მოახლოებულ ტურნირზე ტატამიზე 7 ქართველი ძიუდოისტი (6 კაცი და 1 ქალი) გავა.

ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) მე-2 წრეშია დაშვებული და კვიპროსელ პეტროს ხრისტოდულიდესს გაეჯიბრება, ლუკა კაპანაძე (73 კგ.) საწყის რაუნდში ალბანელ ინდრიტ კულაის შეხვდება, ნიკა ხარაზიშვილის (90 კგ.) მეტოქე ბრაზილიელი ჯოვანი ფერეირა იქნება, ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ.) ბელგიელ სამი ჩუჩის დაუპირისპირდება, ომარ საური (100 კგ.) – ბრაზილიელ ლეონარდო გონსალვეშს, ლევან მატიაშვილი (+100 კგ.) კი – ალჟირელ მოჰამედ ელ მეჰდი ლილის. ქალთა ტურნირში სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) ხორვატ ივანა მარანიჩს გაეჯიბრება.

შარშანდელ ფინალში ლუხუმ ჩხვიმინი ტაივანელ იუნგ ვეი იანგთან დამარცხდა

ანტალიის გრანდ სლემზე 83 ქვეყნის 600 ძიუდოისტი (337 კაცი, 263 ქალი) დარეგისტრირდა. განრიგის თანახმად, 31 მარტს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60 და 66 და ქალთა 48, 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 1 აპრილს – კაცთა 73 და 81 ქალთა 63 და 70 კგ-ებში, ხოლო 2 აპრილს – კაცთა 90, 100 და +100 და ქალთა 78 და +78 კგ-ებში. ფინალური ბლოკი თბილისის დროით სამივე დღეს 18:00 საათზე დაიწყება.

ანტალიაში შარშან გამართულ გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ტურნირის ჩემპიონები გიორგი ტერაშვილი (73 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს კი ჩხვიმიანი და ლუკა მაისურაძე (90 კგ.) დაეუფლნენ. როგორც ხედავთ, შარშანდელი მედალოსნებიდან წელს განაცხადში მხოლოდ ლუხუმ ჩხვიმიანი მოხვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები