Thumbnail
  • მილუოკი ბაქსი 99:140 ბოსტონ სელტიკსი
  • ცენტრალური მატჩი ერთი გუნდის გვემად გადაიქცა

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ცენტრალური მატჩი ბაქსის კოშმარითა და სირცხვილით დასრულდა - ბოსტონმა მილუოკი სტუმრად 140:99 გაანადგურა.

ჯეისონ ტეიტუმმა (40 ქულა) და ჯეილენ ბრაუნმა (30) ერთად 70 ქულა დააგროვეს. ბოსტონი ლიდერ მილუოკის ახლა უკვე მხოლოდ 2 თამაშით ჩამორჩება. იანის ანტეტოკუნმპოს თავისი 24 ქულისთვის (პლუს 7 მოხსნა და 2 ასისტი) მთელი 27 სროლა დასჭირდა.

“ვიცით, რასაც ეხება საქმე და რისთვის ვიბრძვით. თუ კონცენტრირებულები არ ვიქნებით და მაგრად არ ვითამაშებთ, რა თქმა უნდა, ასეთ დღეში ჩაგვაგდებენ. ასე მარტივადაა ყველაფერი,” - თქვა მატჩის შემდეგ Greek Freak-მა. მისი გუნდისთვის ეს ამ სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი გახლდათ.

თამაში თავიდან მეტ-ნაკლებად დაძაბული იყო. პირველ 9 წუთში წინ მყოფი გუნდი 9-ჯერ შეიცვალა და გულშემატკივრებსაც იმედი ჰქონდათ, რომ ბოლომდე ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ სტუმრები 56-პროცენტიანი სიზუსტით ისროდნენ, 43-დან 22 სამქულიანიც ჩააგდეს და 29:9 გაქცევაც გააკეთეს, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. განსაკუთრებით “on fire” ტეიტუმი გახლდათ, რომელმაც 10-დან 8 სამიანი ჩააგდო. მეოთხე მეოთხედში კი ყველა სტარტერმა დაისვენა.

მასპინძლები კრის მიდლტონის (13 ქულა, 5/13) გამო ნერვიულობენ. მესამე პერიოდში მას სახეში ბრაუნის იდაყვი მოხვდა და პარკეტი დატოვა. ბაქსის მწვრთნელის, მაიკ ბუდენჰოლცერის თქმით მას 3-4 ნაკერი დაადეს.

ჯრუ ჰოლიდეიმ ვეღარ გაიმეორა პეისერსთან ნაჩვენები 51-ქულიანი ამბავი - მეტიც მან თითქმის ვეღარაფერი შეძლო (6 ქულა, 1/7). ბობი პორტისმა ორმაგი დუბლი შეასრულა (12 ქულა, 10 მოხსნა). სელტიკსიდან კარგად ითამაშეს ოლ ჰორფორდმა და მალკოლმ ბროგდონმაც (14-14 ქულა).

პლეი ოფში თამაში ორივეს განაღდებული აქვს. აღმოსავლეთ კონფერენციიდან ასევე გასულები არიან ფილადელფია სიქსერსი და კლივლენდ კავალიერსი. 

კომენტარები

ბოლო ამბები