Thumbnail
  • პეტრა კვიტოვამ All England Club-ის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა
  • ის რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვების წინააღმდეგია

უიმბლდონის ღია პირველობის ორგზის გამარჯვებული პეტრა კვიტოვა შეცდომად მიიჩნევს All England Club-ის გადაწყვეტილებას, მიუხედავად უკრაინაში რუსეთის ომისა,  რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ზაფხულის დიდი სლემის ტურნირზე დაშვებასთან დაკავშირებით.

“ვფიქრობ, რომ ისინი არ უნდა დაუშვან. ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში მათი ადგილი არც ოლიმპიურ თამაშებზეა,” - განაცხადა ჩეხმა ჩოგბურთელმა მაიამიში მიმდინარე WTA-ტურნირზე.

როგორც იცით, შარშან რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს უიმბლდონზე თამაშის უფლება არ ჰქონდათ, წელს კი დაუშვეს ისე, როგორც დიდი სლემის და ATP-სა და WTA-ს სხვა ტურნირებზე არიან დაშვებულები. გადაწყვეტილება All England Club-მა პარასკევს გამოაცხადა. რაც შეეხება რუსი და ბელარუსი სპორტსმენების 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე დაშვების შანსს - საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) გადაწყვეტილების მიღება გადადო, მანამდე ჩასატარებელი ტურნირების შესახებ კი სპორტის სახეობების საერთაშორისო ფედერაციებმა გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად უნდა მიიღონ.

“ვხვდები, რომ უიმბლდონის ღია პირველობისთვის შარშან რთული ამბავი იყო, მაგრამ მე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების უფლებებზე მეტად უკრაინელი ადამიანებისა და მოთამაშეების ბედი უფრო მაღელვებს,” - აღნიშნა 33 წლის კვიტოვამ და დაამატა, რომ გადაწყვეტილება ჩოგბურთელებთან კონსულტაციის გარეშე იქნა მიღებული.

ჩეხი პეტრა კვიტოვა მსოფლიოს მე-12 ჩოგანია

აღსანიშნავია, რომ All England Club-მა გამოაქვეყნა ის მოთხოვნები, რომლებიც რუსმა და ბელარუსმა სპორტსმენებმა უნდა შეასრულონ. თუკი უიმბლდონზე თამაში სურთ. მათ ხელი უნდა მოაწერონ განმარტებას, რომ აკრძალული აქვთ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ნებისმიერი სახის მხარდაჭერა, რუსეთის რეჟიმის ნებისმიერი სახის მხარდაჭერა და არ აქვთ უფლება, მთავრობებისგან ან რეჟიმთან დაკავშირებული კომპანიებისგან ფული მიიღონ. გარდა ამისა, მათ უიმბლდონზე (ისევე, როგორც სხვა ტურნირებზეა) დროშის და სამშობლოსთან დაკავშირებული სიმბოლიკის გარეშე უნდა ითამაშონ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ All England Club-ის გადაწყვეტილებას ამორალური უწოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები