Thumbnail
  • ქართველმა ძიუდოისტმა დილის სესიაში 5-დან 4 ორთაბრძოლა მოიგო
  • ლევან მატიაშვილი მომდევნო მეტოქე სამხრეთკორეელი სონგი იქნება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლევან მატიაშვილი (+100 კგ.) ანტალიაში მიმდინარე გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

მატიაშვილი ტურნირში პირველი წრიდან ჩაერთო და ალჟირელი მოჰამედ ელ მეჰდი ლილი დაამარცხა, რასაც ბრაზილიელ რაფაელ სილვასთან, გერმანელ იონას შრეიბერთანა და რუმინელ ვლადუტ სიმონესკუსთან მოგებები მიაყოლა. მატიაშვილის წარმატებული სვლა ნახევარფინალში შეწყდა, სადაც ის ნიდერლანდელ იელი სნიპესთან დამარცხდა. ბრინჯაოს მელისთვის დაპირისპირებაში ლევანის მეტოქე სამხრეთკორეელი ვუჰიეოკ სონგი იქნება.

დღესვე ტატამიზე კიდევ 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, თუმცა, მათ ასპარეზობა დილის სესიაშივე დაასრულეს. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილმა ჯოვანი ფერეირა (ბრაზილია) და ლი კოჩმანი (ისრაელი) დაამარცხა, რასაც ბელგიელ კარელ ფუბერთან წაგება მოჰყვა. რაც შეეხება ავთანდილ ჭრიკიშვილს, მან ბელგიელი სამი ჩუჩი დაჯაბნა, უნგრელ როლანდ გოზს კი ვეღარ გაუმკლავდა.

100 კგ-მდე წონაში საქართველოს ომარ საური წარმოადგენდა, რომელმაც პირველივე ორთაბრძოლა დათმო ბრაზილიელ ლეონარდო გონსალვეშთან. ქალთა მძიმე წონაში (+78 კგ.) სოფიო სომხიშვილმა ხორვატი ივანა მარანიჩის ბარიერი დასძლია, თუმცა, პორტუგალიელ როჩელ ნუნეშს ვეღარ გასცდა.

ანტალიაში ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები