Thumbnail

დანიის სუპერლიგის 23-ე ტურში კოპენჰაგენმა ნორდშელანი 2:1 დაამარცხა და მატჩში მონაწილეობა ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამაც მიიღო.

მოგეხსენებათ, სანაკრებო მატჩების წინ ის სანაკრებო სიიდან ტრავმის გამო ამოიღეს. ორი დღის შემდეგ მან დანიურ კლუბში ითამაშა და ითქვა, რომ ოპერაციას უკვე მომდევნო დღეებში გაიკეთებდა. აი, ორი კვირა გავიდა, ხოჭოლავა კი დღესაც მოედანზე იყო, თუმცა, მხოლოდ პირველ ტაიმში, რადგანაც შესვენებაზე შეცვალეს.

ბოლო ვერსია ასეთია: ვინაიდან კოპენჰაგენს რამდენიმე მცველი ტრავმირებული ჰყავს, ხოჭოლავა გამაყუჩებლებით თამაშობს, შემდეგ კი ოპერაცია მაინც უნდა გაიკეთოს. აქვე ვთქვათ, რომ კოპენჰაგენმა სწორედ ნორდშელანს გაასწრო და 45 ქულით ლიდერობს.

პოლონეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში პოზნანის ლეხი შინ პოგონს დაუზავდა - 2:2. გიორგი წიტაიშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო ნიკა კვეკვესკირმა მხოლოდ ბოლო 10 წუთი ითამაშა. ლეხი 44 ქულით მესამე ადგილზეა, მაგრამ ლეგიასა და რაკუვთან ჩამორჩენა სოლიდურია.

კრაკოვია შინ ლოძის ვიძევთან ფრეს დასჯერდა (1:1). კრაკოველები იგებდნენ, მაგრამ ბოლო წუთზე პენალტი გაუშვეს და 2 ქულა დაკარგეს. ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა. კრაკოვია 35 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში ბრატისლავას სლოვანი ტრნავას სპარტაკს სტუმრად უგოლოდ დაუზავდა. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ თავიდან ბოლომდე ითამაშეს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე შეცვალეს. სლოვანი 51 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ დუნაისკა სტრედას 6 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები