- ფილადელფია სიქსერსი 103:101 ბოსტონ სელტიკსი
- ბოსტონელებმა ჯოელ ემბიიდი უბრალოდ ვერ გააჩერეს
- დაძაბულობა პლეი ოფისთვის ბრძოლაში: ლებრონმა ლეიკერსი ოვერტაიმში იხსნა
რა თამაში ჯოელ ემბიიდისგან და როგორ სჭირდებოდა ეს ფილადელფიას!
52 ქულა (20/25), 13 მოხსნა, 6 ასისტი, 2 დაფარება - სიქსერსის ცენტრმა ბოსტონ სელტიკსის კალათბურთელებს უბრალოდ არაფერი გააბედვინა და ბოლოს პი ჯეი ტაკერიც აათამაშა, რომელმაც Crunchtime-ში, ორ წუთში სამი სამქულიანი სწორედ ემბიიდის პასების შემდეგ ჩააგდო და საფინალო სირენამდე 53 წამით ადრე ფილა უცებ 6 ქულით იგებდა.

თუმცა, დრამატული მატჩი ამით არ დასრულებულა. მარკუს სმარტის მიერ განგებ გაფუჭებული საჯარიმოს შემდეგ, დერიკ უაითმა კიდევ ერთხელ შეამცირა სხვაობა პერიმეტრიდან -2-მდე. ბოლოს ბოსტონს 2 წამი ჰქონდა, მაგრამ ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა ჯეისონ ტეიტუმისთვის - მისმა Fadeaway-ჯამპერმა მიზანს არ მიაღწია. საბოლოოდ, 103:101 ფილადელფიას სასარგებლოდ.
ასე და ამგვარად, ჯოელ ემბიიდის შოუმ შედეგი მოიტანა. სიქსერსის ლიდერი ცენტრი ჯამპერს ჯამპერზე აგდებდა - სჯობნიდა ოლ ჰორფორდს, უილიამსს, კორნეტს. უბრალოდ, ვერ აჩერებდნენ. სხვანაირად ფილადელფია ვერც მოიგებდა, რადგან ემბიიდის გარდა მხოლოდ ჯეიმს ჰარდენი (20 ქულა, 10 ასისტი) და ტაკერი (11) იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე. ტობიას ჰარისს და ტაირეზ მაქსის (5-5 ქულა, 2/8) არაფერი გამოსდიოდათ. თუკი ემბიიდი არ ისროდა, ფილას ტყორცნების სიზუსტის მაჩვენებელი მხოლოდ 36 პროცენტი გახლდათ.

გარდა ემბიიდთან ბრძოლისა, ბოსტონელები დაცვაში ბევრ რამეს აკეთებდნენ სწორად. უაითმა (26 ქულა, 9/18) და სმარტმა (17) ჰარდენი კარგად გათიშეს, თუმცა თამაშს ძალიან დაეტყო ჯეილენ ბრაუნისა (ზურგის ტრავმა) და რობერტ უილიამსის (მუხლი) არყოფნა. სუსტი თამაში ჰქონდა ტეიტუმსაც (19 ქულა, 7/20), რომელსაც მეოთხე პერიოდში თამაშიდან აღარც ჩაუგდია. უაითის 15 ქულის დამსახურებაა, რომ ბოსტონი ბოლომდე თამაშში დარჩა.
ეს შეხვედრა გამორჩეული იმითაც იყო, რომ სიქსერსის ცენტრი ისტორიული შედეგის ავტორი გახდა - ემბიიდი ლიგის ისტორიაში უილტ ჩემბერლენის შემდეგ მეორე კალათბურთელია, რომელმაც ერთ მატჩში 50 + ქულა, 10 + მოხსნა და 5 + პასი თამაშიდან 80 პროცენტიანი სიზუსტით დააგროვა.
ბოსტონსაც და ფილადელფიასაც პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვთ. აღმოსავლეთ კონფერენციას მილუოკი ბაქსი 57-22 ბალანსით ლიდერობს. სელტიკსი (54-25) მეორე ადგილზეა, სიქსერსი (52-27) კი - მესამეზე.
კომენტარები