Thumbnail
  • კოპენჰაგენის ქართველმა მცველმა სუპერლიგის ბოლო ტურში კოჭი დაიზიანა
  • დანიური კლუბი 30 წლის ფეხბურთელის დაბრუნების ვადაზე არაფერს წერს

საქართველოს ნაკრებისა და კოპენჰაგენის მცველი დავით ხოჭოლავა ტრავმირებულია. 30 წლის ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დანიური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. როგორც ირკვევა, ხოჭოლავამ, რომელსაც მანამდე მუხლი აწუხებდა, დანიის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩში კოჭი დაიზიანა.

2 აპრილს კოპენჰაგენმა საკუთარ მოედანზე ნორდშელანდი მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმი ჩაატარა, მაგრამ შესვენების შემდეგ შესაცვლელი გახდა.

კოპენჰაგენის პრესსამსახური წერს, რომ ქართველი მცველი გამოტოვებს დანიის თასის გათამაშების 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრას ვაილესთან, რომელიც 6 აპრილს გაიმართება, თუმცა არაფერს იუწყება ტრავმის სიმძიმისა და ფეხბურთელის მწყობრში ჩადგომის ვადაზე. 

ქართველი მცველი იაკობ ნეესტრუპის გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურაა

შეგახსენებთ, რომ დავით ხოჭოლავა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მარტის მატჩებისთვის (მონღოლეთსა და ნორვეგიასთან) იყო გამოძახებული, მაგრამ ფეხბურთელმა შეკრებაზე ჩამოსვლა ტრავმის მიზეზით ვერ მოახერხა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განმარტა, რომ დავითს დიდი ხანია მენისკის პრობლემა აქვს და კოპენჰაგენის მაისურით მუხლის ტკივილით თამაშობდა. ფრანგი სპეციალისტის ვარაუდით, ხოჭოლავას უახლოეს დღეებში ოპერაცია უნდა გაეკთებინა, რასაც 6-8-კვირიანი რეაბილიტაციის პროცესი მოყვებოდა, თუმცა ისე მოხდა, რომ ფეხბურთელმა სანაკრებო პაუზის შემდეგაც ითამაშა. 

დანიის სუპერლიგაში გასული 23 ტურის შემდეგ, მოქმედ ჩემპიონ კოპენჰაგენს 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია. ხოჭოლავამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 17 შეხვედრაში ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები