Thumbnail
  • ლონდონის ჩელსი გიორგი მამარდაშვილის გადაბირებითაა დაინტერესებული
  • ჩელსის გარდა ქართველის საკუთარ რიგებში ხილვა სხვა ინგლისურ გუნდებსაც უნდათ

ბრიტანული სპორტული ვებ-გვერდი Thehardtackle იტალიურ CalcioMercato-ზე დაყრდნობით წერს, რომ ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილის შეძენა ლონდონის ჩელსის სურს. “არისტოკრატების” გარდა ქართველის გადაბირებით ასტონ ვილა და ლესტერი არიან დაინტერესებულნი. 

გამოცემის ცნობით, ფეხბურთელის აგენტი უკვე იმყოფებოდა ლონდონში და მოლაპარაკებები პრემიერლიგის რამდენიმე კლუბთან გამართა. ჩელსის ახალი მეკარის შეძენა კეპა არისაბალაგას არასტაბილურობისა და ედუარ მენდის გამუდმებული ტრავმიანობის გამო სურს. ასტონ ვილას ემილიანო მარტინესის გაშვება უნდა, ლესტერი, კი უელსელი დანიელ უორდის თამაშით უკმაყოფილოა. 

გიორგი მამარდაშვილს ვალენსიასთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ქართველი მეკარის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო გახლავთ. ვალენსიელები, ამჟამად, ლა ლიგის გასავარდნ ზონაში არიან და როგორც ბრიტანული წყაროები ვარაუდობენ, გუნდი მამარდაშვილს, დაახლოებით, 40 მილიონ ევროდ შეელევა. 

22 წლის ქართველმა მეკარემ ესპანურ გუნდის მაისურით 56 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 18 შეხვედრაში შეინახა. მომავალ ტურში ვალენსია საკუთარ მოედანზე სევილიას უმასპინძლებს. თამაში 16 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები