Thumbnail
  • ხვიჩა კვარაცხელიას WhoScored-ის რეიტინგში პოზიციები არ დაუკარგავს
  • ერლინგ ჰაალანდი ათეულში დაბრუნდა ქარიმ ბენზემა გავარდა

ევროპის TOP 5 ლიგებში მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა ორშაბათს, კატალონიურ დერბიში ბარსელონამ ჟირონას უმასპინძლა. WhoScored-ის რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელიას გადასწრების კარგი შანსი რობერტ ლევანდოვსკის ჰქონდა, მაგრამ მან რამდენიმე ხელსაყრელი ეპიზოდი ხელიდან გაუშვა და ეს შანსიც გაანიავა. 

ორტურიანი 'მშრალი' სერია აქვს

7.15 - ასე შეფასდა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ლეჩესთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში WhoScored-ის მიერ. ეს უკვე ზედიზედ მეორე მატჩია, როცა ხვიჩა გოლის ან საგოლე პასის გარეშე რჩება სერია A-ში. 22 წლის ქართველს ზედიზედ 3 "მშრალი" მატჩი იტალიის ჩემპიონატში არც ჰქონია. ხვიჩამ ლეჩესთან კარისკენ ერთხელ დაარტყა (დაიბლოკა), 2 მნიშვნელოვანი პასი გააკეთა, პასების პროცენტული მაჩვენებელი 88.6% ჰქონდა, მის ანგარიშზე 3 წარმატებული დრიბლინგია და 2 გამჭოლი პასი. მას დაცვითი სტატისტიკაც ჰქონდა: 1 მოგებული ორთაბრძოლა, 2 ჩაჭრა, ერთხელ კი ხვიჩამ ბურთი სახიფათო ზონიდან გამოიტანა. მოკლედ, ეს არ იყო მისი საუკეთესო მატჩი, თუმცა გუნდში მაინც მესამე შედეგი აჩვენა (კიმის და დი ლორენცოს შემდეგ). 

იტალიაში ისევ პირველია

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მიმდინარე რეიტინგში კვლავ პირველ ადგილზე რჩება, მას საშუალო შეფასებაში 2 მეასედი ქულა დააკლდა, თუმცა მეასედი ქულით თანაგუნდელ ვიკტორ ოსიმენს მაინც უსწრებს, რომელსაც ტრავმის გამო, არ უთამაშია. მესამეადგილოსანი პაულო დიბალა (რომა) კი მათ საკმაოდ ჩამორჩება. ხუთეულში თანმიმდევრობა არ შეცვლილა.

სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]

1. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.61 (-0.02)
2. ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 7.60 (0)
3. პაულო დიბალა (რომა) – 7.35 (-0.02)
4. არმან ლორიენტე (სასუოლო) – 7.29 (-0.03)
5. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო) – 7.28 (-0.01)

ხუთეულს კვალში მიყვებიან: მატია ძაკანი (ლაციო) – 7.24 და ადრიენ რაბიო (იუვენტუსი) – 7.22. 7.18 ქულა აქვს ლუკას მარტინესს (ფიორენტინა). ათეულს კიმ მინ-ჯაე (ნაპოლი. 7.14) და რაფაელ ლეაო (მილანი. 7.12) ასრულებენ. ხვიჩა კვლავ პირველია საგოლე პასებში (10), თანაც უშუალო მდევრებს (ფილიპ კოსტიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი) 2-2 ასისტით უსწრებს. საშუალოდ 2 წარმატებული დრიბლინგით ის იტალიის ჩემპიონატში მე-4 პოზიციაზეა ლორიენტეს, ლეაოს და ჟერემი ბოგას (ატალანტა) შემდეგ. 

ევროპაში - მეხუთე

მატჩის ბოლოს გოლი აი, ასე, ქუსლით გაჰქონდა

ევროპის TOP 5 ლიგების მიმდინარე რეიტინგში კვარაცხელიას ერთი მეასედი ქულის მანძილზე მანჩესტერ სიტის ბელგიელი ვარსკვლავი კევინ დე ბრუინი მიუახლოვდა. ხუთეულში მისი გადასწრება სულ ბოლოს რობერტ ლევანდოვსკის შეეძლო, რომლის ბარსელონამაც ყველაზე ბოლოს, ორშაბათს ითამაშა. ლევანდოვსკის არ ჰქონდა კარგი მატჩი (6.8), პოლონელმა წინსვლის მაგივრად, ორი საფეხურით უკან გადაინაცვლა და ახლა ათეულს ასრულებს. 

TOP 5 ლიგების საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]

1. ლიონელ მესი (პსჟ) – 8.44 (0)
2. ნეიმარი (პსჟ) – 7.71 (0)
3. მარტინ ტერიე (რენი) – 7.71 (0)
4. კილიან მბაპე (პსჟ) – 7.67 (-0.02)
5. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.61 (-0.02)

6. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 7.60 (+0.02)
7. ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 7.60 (0)
8. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7.55 (+0.03)
9. კირან ტრიპიერი (ნიუკასლი) – 7.54 (-0.03)
10. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 7.54 (-0.0)

ათეულს მალევე დაუბრუნდა ერლინგ ჰაალანდი, რომელიც მე-12-დან მე-8 პოზიციაზე ამაღლდა. სამაგიეროდ, ათეული დატოვა ქარიმ ბენზემამ, რომელმაც სწორედ ჰაალანდი გააგდო წინა ტურში შესრულებული ჰეთ თრიკის წყალობით. რეალმა წააგო, ბენზემას ცუდი მატჩი ჰქონდა, ამიტომაც ის 7.52 ქულით მე-12 პოზიციაზეა (მე-11 გაბრიელ ჟეზუშია 7.53 ქულით). შემდეგ მოდიან: 13. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი. 7.49); 14. ჰარი კეინი (ტოტენჰემი. 7.49); 15. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო. 7.46).

TOP 5 ლიგების საუკეთესო ფეხბურთელები. U23 [WhoScored]

1. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.61 (-0.02)
2. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7.55 (+0.03)
3. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი) – 7.49 (-0.01)
4. ბუკაიო საკა (არსენალი) – 7.45 (-0.01)
5. დანგო უატარა (ლორიანი) – 7.44 (-0.03)

ნაპოლის ტანდემს დე ბრუინმა და ჰაალანდმა გადაუსწრეს

საუკეთესო ტანდემებში მესი-მბაპეს წყვილი კვლავ ლიდერობს, ხვიჩა და ოსიმენი მე-2 პოზიციაზე აღარ არიან, მათ დე ბრუინი-ჰაალანდის დუეტმა გადაუსწრო. ბოლო ტურში ნორვეგიელმა თავისი მე-7 გოლი გაიტანა ბელგიელის პასით. ბუნებრივია, ნაპოლის ტანდემი ახლა იძულებით უქმობს, რადგან ნიგერიელი ტრავმირებულია. 

ნორვეგიელმა ბელგიელის პასით სეზონში მე-7 გოლი გაიტანა

TOP 5 ლიგების საუკეთესო ტანდემები

ლიონელ მესი ➡ კილიან მბაპე (პსჟ) – 9
კევინ დე ბრუინი ➡ ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7
ხვიჩა კვარაცხელია ➡ ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 6
ალასან პლეა ➡ მარკუს ტურამი (გლადბახი) – 6.
ბრუნო ფერნანდეში ➡ მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 5 
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ➡ ჩირო იმობილე (ლაციო) – 5
ფლორიან სოტოკა ➡ ლოის ოპენდა (ლანსი) – 5
მუსა დიაბი ➡ ჯერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი) - 5

კომენტარები

ბოლო ამბები