Thumbnail
  • კაირი ირვინგის ხელში დალასი გადათამაშებაშიც ვერ მოხვდა
  • მას საჩემპიონო კალათბურთი მხოლოდ ლებრონთან აქვს ნათამაშები
  • დალასს დონჩიჩის გარშემო ამბიციური გუნდის შექმნისთვის 1-2 წელი აქვს

"კაირი ირვინგი ის მოთამაშეა, ვის გამოც ხალხი კალათბურთს უყურებს" - კევინ დურანტს ეს რამდენიმე წლის წინ აქვს ნათქვამი.

მაშინ კაირის და დურანტის ერთობლივი ბრუკლინური თავგადასავალი ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული. მეტიც: ისინი ოპონენტები იყვნენ გოლდენ სტეიტის და კლივლენდის რიგებში. ამიტომ KD-ს გულწრფელობაში ეჭვი ალბათ არ უნდა შევიტანოთ.

შეუძლებელია, კალათბურთი გიყვარდეს და კაირი ირვინგის თამაში არ გიტაცებდეს - ჯადოქრული, არასტანდარტული, ვირტუოზული - ყველაზე წარმოუდგენელი ბურთის ჩაგდებაც რომ ნებისმიერ დროს შეუძლია. კაირიმ სროლების ლიგაში „სთრით ბოლის“, ქუჩური თამაშის ელემენტები არამხოლოდ შეინარჩუნა, არამედ სრულყოფილებამდეც აიყვანა.

თუმცა კალათბურთში შედეგები რჩება. მშრალი შედეგია ის, რომ კაირი ირვინგის უკვე მეოთხე თავგადასავალი დასრულდა წარუმატებლად. დალასი, რომელიც მის მისვლამდე, წლების მანძილზე პლეი ოფის სტაბილური მონაწილე იყო, წელს პირველად პლეი ოფის კი არა, საერთოდ ე.წ. პლეი ინის, ანუ გადათამაშების მიღმაც დარჩა.

ანუ, ტექსასური ორგანიზაცია თავისი დონჩიჩითა და კაირი ირვინგით ლიგის ყველაზე უარეს ათ გუნდს შორისაა. არადა, გასულ წელს დონჩიჩმა დალასი კონფერენციის ფინალამდე მიიყვანა. კაირის მისვლამდეც, ამ სეზონში, დალასი ოთხეულში მოიაზრებოდა და თითქოს პლეი ოფში გასვლის პრობლემა არ უნდა ჰქონოდა.

შარშან ლუკა დონჩიჩმა დალასი კონფერენციის ფინალში გაიყვანა, წელს კი - კაირისთან ერთად, ტექსასელები პლეი ინშიც ვერ გავიდნენ

ახლა კი რა გამოდის? კაირი ირვინგის, დრაფტის პირველი ნომერის ხელში, მის ადრეულ წლებში კლივლენდი პლეი ოფშიც კი ვერ გადიოდა. კაირი სკანდალით წამოვიდა ბოსტონიდან, თანაც ისე, რომ ძალიან გამართული ორგანიზაციის ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადაყვანა ვერ შეძლო და ბრუკლინიდან რა გამოვიდა, კი ვნახეთ. გამოდის, რომ კაირის მთელს კარიერაში ერთადერთხელ აქვს სერიოზული, საჩემპიონო კალათბურთი ნათამაშები - ლებრონის გვერდით, კლივლენდში.

კი, მაგრამ ვის უკვირს ლებრონის გვერდით საჩემპიონო კალათბურთის თამაში?! ჯეიმსი "მეფე" იმიტომაა, რომ ჯეი არ სმიტებისგან შეუძლია კონკურენტული გუნდის გამოყვანა. მოკლედ, ეგ ისტორიაც ლებრონის სიდიდეზე და მნიშვნელობაზე უფროა, ვიდრე კაირი ირვინგზე (და ეს იმის მიუხედავად, რომ გოლდენ სტეიტთან ფინალური სერიის ყველაზე მნიშვნელოვანი სროლა სწორედ ირვინგს ეკუთვნის). კაირი ლებრონის ჩრდილიდან სწორედ იმიტომ წავიდა, რომ სურდა, ერთპიროვნულად ყოფილიყო საჩემპიონო ამბიციის მქონე გუნდის მთავარი ვარსკვლავი.

ლებრონ ჯეიმსი და კაირი ირვინგი კლივლენდ კავალიერსში

ბოსტონში მივხვდით, რომ აქედან არაფერი გამოვიდა. ბრუკლინში იმასაც მივხვდით, რომ თუკი ლებრონი მის გვერდით არაა, კაირი არც მეორე ვარსკვლავის როლში არის მზად, დიდი მისიები შეასრულოს. ახლა დალასში ისე გამოდის, რომ კაირი თითქოს გუნდს ხელსაც კი უშლის.

ალბათ შეამჩნიეთ, რომ აქამდე ერთი სიტყვაც არ მითქვამს კაირი ირვინგის ძალიან უცნაურ ხასიათზე, უდისციპლინობაზე, მთელ იმ ცირკზე, რომელიც მან ბრუკლინში მოაწყო და სხვა ამისთანებზე. ამჯერად კაირის მხოლოდ სათამაშო თვისებებით ვაფასებთ და მიუხედავად იმისა, რომ კევინ დურანტის არ იყოს, არაფერი მიყვარს კალათბურთში ისე, როგორც კაირი ირვინგის ჯადოსნობების ყურება, ფაქტები და სტატისტიკა მაინც ჯიუტია.

ირვინგს ყველაზე ხშირად ალენ აივერსონს ადარებდნენ - მისი „სქილების“, გაბარიტების და სათამაშო სტილის გამო. თუმცა, მათ შორის ერთი დიდი განსხვავებაა - აივერსონს თამაში ძალიან უყვარდა, თამაშობდა უკიდურესი ჟინით, მოტივაციით და გატაცებით. ირვინგისთვის კალათბურთი თითქოს მეორეხარისხოვანია. ეს რატომ გამახსენდა?! კაირი უკვე 32 წლისაა და ამ ასაკში ფეთქებადი, სხარტი და სწრაფი მოთამაშეები აუცილებლად იწყებენ თამაშში დაკლებას. ასე მოუვიდა აივერსონსაც. 30-ის მერე სხეული ყველაზე იოლად სისწრაფეს, სისხარტეს და ფეთქებადობას კარგავს.

'არაფერს ვამბობთ კაირის ხასიათსა და გამოხდომებზე. მხოლოდ სათამაშო თვისებებით, თუ შედეგებითაც ნათელია, რომ კაირი ირვინგი საკმაოდ ტოქსიკური აქტივია'

კაირი უკეთესი მოთამაშე ვერ გახდება. პირიქით, რეგრესს უნდა ველოდოთ. იმის შანსიც ნაკლებია, რომ სათამაშო სტილი შეიცვალოს. კრის პოლი და ჯეისონ კიდი ირვინგისგან ვერ გამოვა. ანუ, „სთრით-ბოლიდან“ კაირის ბურთიან პროფესორად, პარკეტის გენერლად ქცევას არ უნდა ველოდოთ. ზოგადად, კაირი ირვინგი და სიტყვები „პროფესორი“ და „გენერალი“ შეუთავსებელია.

ისევ და ისევ არაფერს ვამბობთ კაირის ხასიათსა და გამოხდომებზე. მხოლოდ სათამაშო თვისებებით, თუ შედეგებითაც ნათელია, რომ კაირი ირვინგი საკმაოდ ტოქსიკური აქტივია - ბევრი კითხვის ნიშნით. რამდენად უღირს საჩემპიონო ამბიციის მქონე გუნდს მისთვის დიდი ფულის გრძელვადიან პერსპექტივაში მიცემა ან გაცვლის დროს დიდი აქტივების გასხვისება, ძალიან საეჭვოა.

გასაგებია, რომ დალასში ირვინგი დონჩიჩისთვის იდეალური დამატება არ იყო. ორივე მათგანს უყვარს ბურთის ფლობა, ორივე თავის მანევრს პერიმეტრიდან იწყებს და არცერთი მათგანი არ გამოირჩევა დაცვითი უნარებით. შედეგად, დალასი ამ წყვილთან ერთად თავდაპირველად შეტევაში 100 პოზიციაზე ასტრონომიულ 120 ქულამდე აკეთებდა, რაც ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო, თუმცა დაცვაში ღია კარის დღე ჰქონდა მოწყობილი.

დალასი ალბათ მაინც ეცდება კაირის შენარჩუნებას და თუ სეზონის სტარტი არ გამოუვიდა, მერე გაცვლის. ირვინგი ამ ზაფხულიდან თავისუფალი აგენტია. უახლოეს სეზონებში კაირის უფრო რომელიმე უიმედო აუტსაიდერში ვხედავ, სადაც ის თავისი პირადი ოსტატობის და თამაშის ვირტუოზული სტილის გამო, სეზონის აბონემენტებს ყიდის და მაყურებლის დარბაზში მისვლის გარანტიაა, ვიდრე საჩემპიონო ბრძოლებში.

თავის მხრივ, ზეწოლა იზრდება დალასზეც. ლუკა დონჩიჩი ჯერ 25 წლისაც არაა და მასზე ნამდვილი წნეხი არ ყოფილა. დალასს და დონჩიჩს ჯერ ჩემპიონობას მტკიცებითი ფორმით არ სთხოვენ. თუმცა, უახლოეს სეზონებში ეს შეიცვლება. არ შეიძლება, ლუკა დონჩიჩით პლეი ოფში ვერ გადიოდე და ჩემპიონობისთვის არ იბრძოდე.

ამიტომ, დალასის მფლობელ მარკ კუბანს არცთუ ისე ბევრი დრო აქვს - მან ან უნდა იპოვოს გუნდის გაძლიერების საშუალება და ლუკას საჩემპიონო გარემოცვა შეუქმნას, ანაც 1-2 წლის ამბავია, როცა დონჩიჩი გუნდიდან წასვლაზე ფიქრს და ლაპარაკს დაიწყებს. ირვინგის რისკმა არ გაამართლა და შემდეგი სეზონის წინ კუბანს და მთელს ორგანიზაციას მნივნელოვანი გამოწვევა ელით. არ შეიძლება, თაობის ერთ-ერთი მთავარი ტალანტი პლეიოფს მიღმა რჩებოდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები