Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 108:102 მინესოტა ტიმბერვულვზი
  • წესით, ოვერტაიმი საჭირო არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ AD-მ აურია
  • მინესოტას პლეი ოფში მოხვედრის კიდევ ერთი შანსი აქვს

ბევრი იწვალა, თუ ცოტა, ლეიკერსი მაინც NBA-ს პლეი ოფშია!

ლოსანჯელესურმა გრანდმა პლეი ინის, ანუ გადათამაშების მატჩში მინესოტა ტიმბერვულვზი დრამატულ მატჩში, რომელშიც ოვერტაიმი გახდა საჭირო, 108:102 დაამარცხა და პლეი ოფის პირველ წრეში მემფის გრიზლისთან დაპირისპირებები ელოდება.

ლებრონ ჯეიმსის გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გერმანელმა დენის შრიოდერმა, რომელმაც ჯამში 21 ქულა დააგროვა. ძირითადი დროის დასრულებამდე 1,4 წამით ადრე მან სამქულიანი ჩააგდო და ყველა ლოგიკით ეს გეიმვინერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მერე ენტონი დევისის აბსოლუტურად გაუგებარი ჯარიმის გამო მინესოტამ სამი საჯარიმო ჩააგდო და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.

აი, ოვერტაიმში კი ლებრონ ჯეიმსმა (30 ქულა, 10 მოხსნა) და კომპანიამ თავიანთი მოსალოდნელი გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დააყენეს. ლეიკერსი მალევე დაწინაურდა 5 ქულით და მართალია, ლებრონმა მაინც აჩუქა მეტოქეს ერთი შანსი, თამაში მოგებამდე მიიყვანეს - 108:102.

“უიღბლო შემთხვევაა ის, რომ AD-მ დენისს გეიმვინერი გაუნადგურა,” - ხუმრობდა მატჩის შემდეგ ლებრონ ჯეიმსი, ინტერვიუს დროს. დევისიც იქვე იყო, ჩაერთო და საჯაროდ მოიხადა ბოდიში. მოკლედ, ბოლოს სამივემ ბევრი იცინეს.

შეგახსენებთ, რომ ლეიკერსმა რეგულარულ სეზონში დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილი დაიკავა და პირდაპირ პლეი ოფში ვერ მოხვდა. მინესოტას პარასკევს პლეი ოფში მოხვედრის კიდევ ერთი შანსი მიეცემა: ოკლაჰომა სიტი თანდერს ან ნიუ ოლრეანს პელიკანსს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები