Thumbnail

ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილი ლეხ პოზნანი კონფერენსლიგის 1/4-ფინალში ფიორენტინას დაუპირისპირდება. პოლონური გუნდი პირველ შეხვედრას 13 აპრილს, საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. 

ლეხის მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე ნიკა კვეკვესკირიც გაიყვანა. 30 წლის ქართველმა ნახევარმცველმა იტალიურ გუნდთან დაპირისპირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ლეხის ისტორიის დაწერაში წვლილი კვეკვესკირმაც შეიტანა

"ევროასპარეზზე ჩვენმა შედეგებმა თავდაჯერება შეგვმატა. ასეთი მატჩები კი მნიშვნელოვანია გამოცდილების მიღების კუთხით. ევროპული გუნდების წინააღმდეგ თამაში და მოგება ოცნებაა და გვსურს, ხვალ ფიორენტინას წინააღმდეგაც მოედანზე ასეთი სურვილით გავიდეთ.

შესაძლოა, მეტოქე ჩვენზე ძლიერია, მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი ძლიერი მხარეები. გვყავს შეკრული გუნდი. ფიორენტინას წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის შესაძლებლობაა, თავი ევროპულ არენაზე წარმოვაჩინოთ.

ეიფორიაში უფრო ვართ, ვიდრე სტრესში, მაგრამ გვჯერა, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია. თუკი ვერ მოვიგებთ, ეს ტრაგედია არ იქნება, მაგრამ მოედანზე ნამდვილად არ გავალთ იმაზე ფიქრით, რომ წავაგებთ.

მწვრთნელი ყოველთვის გვეუბნება, რომ უმნიშვნელოვანესი მომდევნო მატჩია. მიჭირს ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი თამაში დავასახელო. იმედია, ეს ერთ-ერთი ასეთი იქნება", - თქვა ნიკამ.

კვეკვესკირისგან განსხვავებით, წიტაიშვილს ლეხში ნდობა ნაკლებად აქვს

შეგახსენებთ, რომ პოზნანის კლუბი ევროთასების ამ ეტაპზე ისტორიაში პირველად თამაშობს, ფიორენტინასთან ორიმატჩიან დაპირისპირებაში წარმატების შემთხვევაში კი, კონფერენსლიგის ½-ფინალში ბაზელი-ნიცას წვილში გამარჯვებულს შეხვდება. 

ნიკა კვეკვესკირმა ლეხის ღირსება ამ სეზონში ევროთასების (ჩემპიონთა ლიგასა და კონფერენსლიგაზე) 17 თამაშში დაიცვა და თითო გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები