Thumbnail
  • პირველები ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გავლენ
  • საქართველოს წარმომადგენელი ათივე წონით კატეგორიაში ეყოლება

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ქვეყნის ღირსებას ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე დაიცავს.

უკვე ტრადიციულად, საქართველოს წარმომადგენელი ათივე წონით კატეგორიაში ეყოლება: რობერტ დინგაშვილი (57 კგ.), შოთა ფარტენაძე (61 კგ.), ედემი ბოლქვაძე (65 კგ.), გიორგი ელბაქიძე (70 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ.), ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ.), მირიან მაისურაძე (92 კგ.), გივი მაჭარაშვილი (97 კგ.), გენო პეტრიაშვილი (130 კგ.).

გიორგი იანტბელიძემ შემადგენლობაში არაერთი ცვლილება განახორციელა
📷 | საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია

ევროპის მოახლოებულ პირველობას 17-23 აპრილს ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები უმასპინძლებს და პირველები ხალიჩაზე სწორედ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გავლენ, შემდეგ კი, “ბერძენ-რომაელთა” ჯერი დადგება, სადაც საქართველოს ასევე სრული შემადგენლობა ეყოლება.

შარშან ევროპის ჩემპიონატს უნგრეთის დედაქალაქმა ბუდაპეშტმა უმასპინძლა, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მონაგარი კი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი (გუნდური მე-3 ადგილი) იყო. ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) გახდა, გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) ფინალში წააგო, ბრინჯაოს მედლებს კი ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.), გიორგი სულავა (74 კგ.), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ.) და მირიან მაისურაძე (92 კგ.) დაეუფლნენ.

როგორც ხედავთ, წლეულს შემადგენლობა საკმაოდ გადახალისებულია და იგივე მედალისტთაგან ზაგრებში ვეღარ ვიხილავთ იაკობიშვილს, ბუჯიაშვილსა და სულავას, ისევე, როგორც თეიმურაზ ვანიშვილს (61 კგ.), ბექა ლომთაძეს (65 კგ.), ტარზან მაისურაძესა (86 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძეს (97 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები