Thumbnail

'სხვა გზა არ მაქვს' - თამაზ მჭედლიძემ სარაგბო კარიერა დაასრულა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თამაზ მჭედლიძე ბორჯღალოსანთა ღირსებას 2013 წლიდან იცავდა
  • ქართველმა მორაგბემ ტრავმების გამო კარიერა დაასრულა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრმა, თამაზ მჭედლიძემ სარაგბო კარიერა დაასრულა. ქართველ მორაგბეს ბოლო წლებში ტრავმები აწუხებდა, რის გამოც კარიერა აღარ გააგრძელა. მჭედლიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, მან ქომაგებს, გუნდებსა და ნაკრებს მადლობა გადაუხადა.

''გამარჯობა, მიუხედავად მრავალი მცდელობისა და მკურნალობისა, მაინც ვერ მოვახერხე სტადიონზე 100%-ით დაბრუნება. ამ მიზეზით გადავწყვიტე კარიერის დასრულება. ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვა გზა ნამდვილად არ მაქვს. მადლობა ყველა გულშემატკივარს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ყველა იმ გუნდს სადაც კი მითამაშია'', - წერს თამაზ მჭედლიძე.

მჭედლიძე 2012 წელს სარაგბო კლუბ არმიაში თამაშობდა და იქიდან საფრანგეთში წავიდა, სადაც ხუთ გუნდში იასპარეზა. მას ყველაზე დასამახსოვრებელი სეზონები აჟენში ჰქონდა, სადაც საოცარი მატჩები ჩაატარა. თამაზი ბოლოს რუანისა და დაქსის ღირსებას იცავდა. მჭედლიძემ ეროვნული ნაკრების მაისური 53-ჯერ მოირგო და 7 ლელო გაიტანა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ლელოები რუსეთთან, ესპანეთთან და იტალიის ნაკრებთან.

კომენტარები

ბოლო ამბები