Thumbnail

თითქოს მანჩესტერ სიტისთან 0:3 წაგება საკმარისი არ იყო, მიუნხენის ბაიერნის პრობლემას სანიო მანეს და ლეროი სანეს სკანდალიც დაემატა. როგორც იცით, სიტისთან მატჩის შემდეგ, ბაიერნის გასახდელში მანეს და სანეს შორის გასახდელში სერიოზული კონფლიქტი მოხდა, რის შედეგადაც მანემ სანეს სახეში გაარტყა.

გერმანული SPORT1-ის ინფორმაციით, ბაიერნის ხელმძღვანელები, გენერალური დირექტორი ოლივერ კანი და სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი მეორე დღეა, მსჯელობენ, როგორ დასაჯონ სენეგალელი შემტევი.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, რეკორდმაისტერის ოფიციალურ განცხადებას ამ კვირის ბოლომდე უნდა ველოდოთ, მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელს კი სანეს და მანეს ჩხუბზე განცხადების გაკეთება პარასკევს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე შეეძლება (შაბათს ბაიერნი ბუნდესლიგაში ჰოფენჰაიმს ეთამაშება). 

მოსალოდნელია როგორც სერიოზული ფულადი ჯარიმა, ისე შიდა დისკვალიფიკაციაც და არც მანეს გუნდიდან გაშვებაა გამორიცხული. ფაქტია, სენეგალელის საქციელმა მიუნხენურ გრანდში ყველა შოკში ჩააგდო - გერმანული მედიის ცნობით, ფეხბურთელებიც.

მანეს და სანეს შორის კამათი ჯერ კიდევ თამაშის დროს, 83-ე წუთზე დაიწყო, როცა მანე სანეს გრძელი პასისთვის გაეხსნა, ამ უკანასკნელს კი მასთან ბურთის მოკლე პასით გათამაშება სურდა. სანემ მანეს მოედანზე საყვედური უთხრა, რასაც დისკუსია მოჰყვა, რომელიც გასახდელში ჩხუბში გადაიზარდა. მანე უკმაყოფილო იყო სანეს ჟესტიკულაციებით და ტონით.

SPORT1 წერს, რომ ბოლო დროს ბაიერნის ფეხბურთელებს მანეს ქცევები არ მოსწონთ და ამას აღარც მალავენ. ასევე უკმაყოფილოები არიან მისი ვარჯიშით და თამაშითაც. გუნდიდან გამოსული ხმებით თუ ვიმსჯელებთ, მანე გუნდური მოთამაშე არ არის. არადა, ბაიერნმა სადიო მანე ლივერპულიდან რომ გადაიბირა, ყველა ტოპ-ტრანსფერზე საუბრობდა. მსოფლიოს ჩემპიონატამდე მიღებული ტრავმის შემდეგ სენეგალელი ცუდ ფორმაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები