- ბოსტონი და მილუოკი სეზონის მთავარი ფავორიტები არიან
- დასავლეთ კონფერენცია ძალიან თანაბარი და არაპროგნოზირებადია
- მემფისი-ლეიკერსი პირველი წრის მთავარი ინტრიგაა
- ლეიკერსს და გოლდენ სტეიტს რთული გზა შეხვდათ
- თუ დურანტი ჯანმრთელად იქნება, დასავლეთში ფავორიტი ფინიქსია
დამთავრდა, ალბათ ბოლო პერიოდში ყველაზე თანაბარი, დაბალანსებული და მოულოდნელობებით აღსავსე რეგულარული სეზონი და იწყება წლის მთავარი საკალათბურთო ამბავი - NBA-ს პლეი ოფები. რეგულარულის დაბალანსებულობა და მოულოდნელობა იმასაც ნიშნავს, რომ პლეი ოფს ბევრი კითხვებითა და დიდი ინტრიგით ვხვდებით. ეს განსაკუთრებით დასავლეთ კონფერენციაზე ითქმის. დენვერმა დასავლეთში პირველი ნომერი 53 მარცხითა და 29 გამარჯვებით მოიპოვა და ეს 1979 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია. მეორე ადგილზე მყოფ მემფისს ქულათა სხვაობა მხოლოდ +3.9 ჰქონდა და ეს კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერისთვის 1984 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგია, მაშინ ლეიკერსმა 1984 წლის სეზონი +3.8 ქულით დაასრულა. სტატისტიკაც გვიდასტურებს, რომ ლიგა ძალიან თანაბარი და კიდევ უფრო კონკურენტულია.
სტაბილური აღმოსავლეთი
სეზონის ორი მთავარი ფავორიტი, ორი ყველაზე სტაბილური და დაბალანსებული ორგანიზაცია, ორი ყველაზე ღრმა და გრძელი შემადგენლობა, ჩემპიონობების და ფინალების გამოცდილებით, აღმოსავლეთში თამაშობს. მილუოკიმ და ბოსტონმა უკვე მიგვაჩვიეს, რომ საჩემპიონო ამბები მათ გარეშე არ წყდება. წელსაც ყველას მოლოდინი გვაქვს, რომ კონფერენციის ფინალში მათი სუპერდაპირისპირება უნდა ვნახოთ.
მილუოკიმ 58 მატჩი მოიგო და ლიგის საუკეთესო შედეგი აქვს. უკვე მერამდენე წელია იანისი და მისი გუნდი სტაბილურად საჩემპიონო ბრძოლაში არიან - შარშანწინ საერთოდ მოიგეს, შარშან კი მხოლოდ კრის მიდლტონის ტრავმამ შეაფერხათ. სტატისტიკურად თითქოს მილუოკის არცერთი მაჩვენებელი არ აქვს განსაკუთრებულ დონეზე - მათი შეტევა თამაშში 116.9 ქულით ლიგაში მხოლოდ მერვე ადგილზეა, დაცვა - 113.3 ქულით მხოლოდ მე-14-ზე.

თუმცა, მილუოკის აქვს სხვა საჩემპიონო უნარები - აქვს ძალიან გრძელი როტაცია - ერთდროულად 9 მოთამაშე ჰყავს, რომელიც თამაშში 20 წუთზე მეტს თამაშობდა; შედეგად, გუნდი დასვენებულია და თამაშში 32 წუთზე მეტი არავის აქვს ნათამაშები. ბუდენჰოლცერის გუნდში ერთდროულად 4 მოთამაშე ყრის თამაშში 15 და მეტ ქულას. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მილუოკის შეუძლია ჯოჯოხეთური დაცვა ითამაშოს, რეგულარულის მერე ეს გუნდი ყოველთვის უმატებს და პლეი ოფებში მათი დაცვა ყოველთვის საუკეთესოა - იანისს, ბრუკ ლოპესსა და ჯრუ ჰოლიდეის დაცვის სხვა სპეციალისტები დაემატნენ - ჯეი კრაუდერი, ვესლი მეტიუზი, ჯორჯ ჰილი. ზოგადად, მილუოკიმ თავის ძალიან სტაბილურ გუნდის ხერხემალს, 4-5 კაციან ბირთვს ამ სეზონში ბევრი გამოცდილი ვეტერანი დაამატა - ზემოთ ხსენებულ კრაუდერთან, ჰილთან და მეტიუზთან ერთად გუნდში სერჟ იბაკა და გორან დრაგიჩიც გამოჩნდნენ. ბუდენჰოლცერის გუნდს საჩემპიონო და საპლეიოფო გამოცდილება, კლასი და ხასიათი ყველაზე მეტი აქვს, სულ მცირე აღმოსავლეთში მაინც. არაფერს ვამბობთ იანისზე, რომელიც თამაშში საშუალოდ 31 ქულასა და 11.8 მოხსნას აკეთებდა და ამისთვის მხოლოდ 32 წუთი სჭირდებოდა.
თუ მილუოკი ვეტერანებისა და გამოცდილი ხალხის გაერთიანებაა, ახალგაზრდების საჩემპიონო ფორმულას ბოსტონ სელტიკსი ჰქვია. ამ გუნდებს ბოლო წლებში არაერთი დიდი ჯახი ჰქონიათ. ბოსტონი, ალბათ ლიგის ყველაზე დაბალანსებული გუნდია - ორი სუპერვარსკვლავით (ტეიტუმი, ბრაუნი), ლიგის ყველაზე ღრმა შემადგენლობით, ერთნაირად კარგი შეტევითა და დაცვით. ბოსტონის შეტევაც და დაცვაც ჩაგდებული და მიღებული ქულების მაჩვენებელით ლიგის საუკეთესო ხუთეულშია, ხოლო შეტევის და დაცვის ეფექტურობით სამეულში. სხვა ვერცერთი გუნდი ვერ იტყვის, რომ ასე თანაბრად კარგად უტევს და იცავს თავს. სელტიკსმა სეზონი თამაშში +6.5 სხვაობით დაასრულა და ესეც ლიგაში საუკეთესო მაჩვენებლი იყო.

ტეიტუმი თამაშში 30.1 ქულას აგდებდა, ბრაუნი კი - 26.6-ს. ერთდროულად ორი სუპერვარსკვლავის პარკეტზე ყოლა პლეი ოფისთვის დიდი ფუფუნებაა. წინა წლის სუპერფინალებმა აჩვენა, რომ სელტიკსს მეტოქის ელიტური დაცვის წინააღმდეგ პოზიციურ, ნელ თამაშში ჩაყრა უჭირდა. ახლა, ტეიტუმი-ბრაუნიც უკეთესები გახდნენ და ყოველი შემთხვევისთვის, მალკოლმ ბროგდონიც დაიმატეს, რომელიც თამაშში 14.9 ქულას აგროვებს და ბურთის გათამაშების ძალიან კარგი უნარები აქვს.
არაფერს ვიტყვი ბოსტონის დაცვაზე, რომელიც თავისი მარკუს სმარტით, ალ ჰორფორდითა და რობერტ უილიამსით წლებია ლიგაში საუკეთესოდ მიიჩნევა. პირველ წრეში სელტიკსი ტრეი იანგის ატლანტას ხვდება. ეჭვი მაქვს, იანგი, რომელიც ძალიან ნიჭიერი შემტევია, თავიდანვე იგრძნობს, რას ნიშნავს სელტიკსის დაცვის ზეწოლის ქვეშ მოქცევა.
ვინ შეუშლის ხელს?
ვინ შეუშლის ხელს ბოსტონს და მილუოკის აღმოსავლეთში? მარტივი პასუხია - ვერავინ. თუმცა, თუ კარგად დავუკვირდებით, ძალიან სახიფათო გუნდითა და შემადგენლობით სულ მცირე ერთ პრეტენდენტს მაინც აღმოვაჩენთ. ჯოელ ემბიიდი თამაშში 33.1 ქულით ლიგის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და ალბათ ამ სეზონის მომავალი MVP-ია. ტაირიზ მაქსი და ჯეიმს ჰარდენი თამაშში 20 ქულაზე მეტს აგროვებენ. ჰარდენი გუნდის გამთამაშებელია და თამაშში 10 შედეგიან გადაცემაზე მეტის გარანტია.
ფილა თამაშობს ემბიიდის ტემპში, ანუ ნელა (სიჩქარით 27 ადგილზეა 30 გუნდს შორის), თუმცა მისი შეტევა და დაცვა ეფექტურობის მხრივ ორივე ამ კატეგორიაში საუკეთესო რვა გუნდს შორის არის. ანუ ფილადელფია ყველაზე ახლოს არის ბოსტონის იდეალთან, რაც ერთნაირად კარგ შეტევას და დაცვას გულისხმობს. პირველ წრეში ფილას ბრუკლინი ხვდება - ბევრი კარგი კალათბურთელით, ახალგაზრდა გუნდით, თუმცა ამ სეზონში დურანტის და ირვინგის ტრეიდით და ბევრი ცვლილებებით. ბრუკლინმა არ შეიძლება ფილას პრობლემები შეუქმნას. აი, ამის შემდეგ უკვე ბოსტონი და მილუოკი მოდიან. ემბიიდს და ჰარდენს აუცილებლად ექნებათ აღმოსავლეთის მოგების ამბიცია.

აღმოსავლეთში სეზონის კიდევ ორი აღმოჩენა თამაშობს. კლივლენდი, რომელიც მთავარი მოულოდნელობაა და ნიუ იორკ ნიქსი, თავისი ტომ ტიბოდოს ფილოსოფიით.
კლივლენდს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო უკანა ხაზი ჰყავს - დონოვან მიტჩელი და დარიუშ გარლანდი. ეს არის ოლ სტარის შემადგენლობა. ახალგაზრდა და ამბიციური გუნდია. ამ გუნდს ერთ სერიაში ნებისმიერის დამარცხება შეუძლია, მით უმეტეს, მაშინ, როცა მიტჩელი ასე თამაშობს. მას ამ სეზონში 13 თამაშში 40 და მეტი ქულა ჰქონდა. ზედიზედ 4 თამაშში ჩააგდო 40 ქულაზე მეტი და ზუსტი სამქულიანების 38.6 პროცენტი აქვს, მაშინ, როცა თამაშში 9-ზე მეტ სამიანს ისვრის (იანვარში, ჩიკაგოსთან 70 ქულა რომ ჩააგდო, ესეც გვახსოვს).
ამ გუნდის ჩემპიონობა ნაკლებად წარმოსადგენია, მაგრამ ერთი დიდი სერიის ნებისმიერისთვის მოგება შეუძლია. ვის აქვს გარანტია, რომ მიტჩელი 40 ქულიანი თამაშების სერიას მაინც და მაინც ბოსტონთან ან მილუოკისთან არ მოაწყობს?!
რას გვეუბნება ისტორია და სტატისტიკა?! 1996-1997 წლების შემდეგ, ანუ მას მერე, რაც დეტალური სტატისტიკა არსებობს, ისტორიაში მხოლოდ სამი გუნდია, რომელიც ჩემპიონი ისე გახდა, რომ მისი დაცვა და შეტევა საუკეთესო 11 გუნდს შორის არ იყო - ანუ დაცვაში და შეტევაში თანაბრად ეფექტურად თამაში არის საჩემპიონო ფორმულა (ეს სამი გამონაკლისია შარშანდელი გოლდენ სტეიტი და 2004 წლის დეტროიტი, ანუ დაცვით გამორჩეული გუნდები და 2001 წლის ლეიკერსი, რომელიც იმდენად ძლიერი იყო, რომ რეგულარულში თავს არ იკლავდა). ამ ფორმულას აღმოსავლეთში სამი გუნდი აკმაყოფილებს - ბოსტონი, ფილადელფია და კლივლენდი.
პირველ წრეში კლივლენდის მეტოქე ნიუ იორკ ნიქსი იქნება - გუნდი ვარსკვლავების გარეშე, თუმცა ტიბოდოს ხელში მაგარი დაცვით, ორგანიზაციითა და დისციპლინით. ნიუ იორკისთვის პლეი ოფში გასვლა უკვე მიღწევაა, თუმცა უბრძოლველად კლივლენდი მისგან ვერაფერს წაიღებს. პირველ წრეში მთავარი ინტრიგა და ბრძოლა აღმოსავლეთით, ალბათ, ამ სერიაში იქნება. მილუოკის, ბოსტონსა და ფილას ნაკლებად დასაშვებია, რომ პრობლემები ჰქონდეთ.
ველური დასავლეთი
ამერიკული ვესტერნების გამოთქმა - ველური დასავლეთი - ყველაზე მეტად ალბათ წლევანდელ დასავლეთ კონფერენციას უხდება. დენვერი, მემფისი და საკრამენტო კონფერენციის საუკეთესო სამი გუნდია, ვეტერანი გოლდენ სტეიტი, ლეიკერსი და კლიპერსი ქვედა ოთხეულში არიან, თუმცა ვინ ჩამოწერს ლებრონს და კარის?! ფინიქსმა დურანტი დაიმატა და რა ძალაა ალბათ ყველა ვხვდებით. მოკლედ, დიდი არეულობა და გაუგებრობა.
ზემოთ, საჩემპიონო ფორმულა ვახსენე (დაცვის და შეტევის ბალანსი), ამ კრიტერიუმს დასავლეთში მხოლოდ ერთი გუნდი აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ, ამ არეულობის ფონზე, ბოლო მომენტამდე არ იყო ცნობილი როგორ დალაგდებოდა პლეიოფში წყვილები.
სტატისტიკური ფავორიტები
სტატისტიკურად საუკეთესო გუნდი დასავლეთში ნიკოლა იოკიჩის დენვერია. დენვერმა და იოკიჩმა ამ სეზონში ისტორიული მასშტაბით კარგი შეტევა ითამაშეს, თუმცა ყველამ ვიცით, რომ პლეი ოფებს დაცვა იგებს. დენვერის დაცვა საუკეთესო ათეულშიც არ არის - მეტოქეები ნაგეთსის ფართან, ანუ ახლო სროლებს, 71 პროცენტის სიზუსტით ისვრიან და ეს ბოლოსწინა მაჩვენებელია ლიგაში. ამ საუკუნეში მხოლოდ ერთხელ იყო, რომ ჩემპიონობა იმ გუნდმა მოიპოვა, ვისი დაცვაც რეგულარულში ტოპ-10-ში არ შედიოდა. 2001 წლის ლეიკერსმა. იოკიჩის დენვერს შაკისა და კობის ლეიკერსს ვერ შევადარებთ - ეს არ არის კარგი მაგალითი კოლორადოელებისთვის. პირველ წრეში დენვერს არ შეიძლება პრობლემები ჰქონდეს და ამის მერე უკვე ფინიქსი მოდის, თავისი კრის პოლით, დევინ ბუკერითა და კევინ დურანტით.
დაახლოებით ამ კატეგორიის გუნდია ახალგაზრდა და ამბიციური საკრამენტო, რომელიც მაიკ ბრაუნის ხელში დასავლეთის მთავარ აღმოჩენად იქცა. საკრამენტოს ერთი პრობლემა აქვს - პირველივე წრეში გოლდენ სტეიტი შეხვდა. როცა კონფერენციაში მესამე ადგილზე ხარ და პლეი ოფს გოლდენ სტეიტით იწყებ, ესეიგი ძალიან არ გაგიმართლა. საკრამენტო ძალიან სწრაფია, ქაოსურ ტემპში თამაშობს და კარგად ისვრის. თუკი დენვერს იოკიჩი ათამაშებს, საკრამენტოში ეს როლი დომანტას საბონისს აქვს მორგებული. ორივეს ერთი პრობლემა აქვთ - ძალიან კარგი შეტევითი უნარების და მაღალი ინტელექტის მიუხედავად, დაცვაში, საკუთარ ფართან, ათლეტიზმი და მობილურობა არ ჰყოფნით. სწორედ ამიტომაც საკრამენტოს შეტევა ლიგაში საუკეთესოა, მაგრამ დაცვა 30 გუნდს შორის 27-ე ადგილზეა. არადა, 1992 წლის შემდეგ გუნდებს, რომელთა დაცვაც ბოლო ათეულში იყვნენ ჯამურად მხოლოდ 6 სერია აქვთ მოგებული.
საკრამენტოსთვის კარგი ის არის, რომ მათ ჰყავთ დეარონ ფოქსი, ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ბოლო წუთებზე ჩაგდებული ქულების მიხედვით, ამომავალი ვარსკვლავი და აქვთ საშინაო მოედნის უპირატესობა გოლდენ სტეიტთან, რომელიც ამ სეზონში სახლში და გასვლაზე ორი სხვადასხვა გუნდი იყო. უორიორსს გასვლაზე აუხსნელი პრობლემები ჰქონდა.
გარდა ამისა, სხვა ფაქტორიც არის - საკრამენტოს მწვრთნელი მაიკ ბრაუნი წლების მანძილზე გოლდენ სტეიტში, სტივ კერის თანაშემწე იყო, უორიორსის დაცვა მისი აწყობილია და გოლდენ სტეიტი მხოლოდ ამ სეზონის წინ დატოვა. მოკლედ, მეტოქეს ძალიან კარგად იცნობს.
ეს იქნება კლასიკური დაპირისპირება ახალგაზრდებსა და ლეგენდებს შორის. მარცხი გოლდენ სტეიტის დინასტიას ალბათ დაასრულებს, თუმცა ვის სჯერა, რომ საკრამენტო უორიორსს მოუგებს?! ალბათ არცთუ ისე ბევრს. მით უმეტეს, რომ ბრუნდება ენდრიუ უიგინსი.
ნამდვილი ფავორიტები
გოლდენ სტეიტზე უკვე გითხარით - პრობლემების და კიდევ ერთი მომატებული წლის მიუხედავად უორიორსს მისი საჩემპიონო სისტემითა და გამოცდილებით ვერავინ ჩამოწერს.
უორიორსის კატეგორიაშია ლოს ანჯელეს ლეიკერსი, რომელიც რეგულარულში ყველას ჩამოწერილი გვეგონა, თუმცა კარგი ტრეიდების შემდეგ გაცოცხლდა და ოლ სტარის შესვენების შემდეგ სტატისტიკურად ლიგაში საუკეთესო გუნდია. ლებრონი და დევისი ერთად უკვე საჩემპიონო განაცხადია. ვესტბრუკის წასვლა გუნდს ძალიან მოუხდა. თუმცა, მათი შეტევა მაინც პრობლემურია. პრობლემურია ისიც, რომ ლეიკერსი პლეი ოფს მეშვიდე პოზიციიდან იწყებს და პირველივე წრეში მემფისს ხვდება. მემფისს აქვს ახალგაზრდული, ველური ჯანი, დინამიკა და ათლეტიზმი, ასევე ძალიან კარგია დაცვაში. გარდა ამისა, ვინ გააჩერებს ჯა მორანტს?! ლეიკერსში ასეთი არავინ ჩანს. საკრამენტო-გოლდენ სტეიტის არ იყოს, აქაც ლეგენდების და ამბიციური ახალგაზრდების კლასიკური დაპირისპირება გვაქვს. თუმცა, ერთი შესწორებით - საკრამენტოსგან განსხვავებით მემფისი სტატისტიკური კი არა, ნამდვილი ფავორიტია, არც დაცვაში აქვს პრობლემები და წინა წელს უკვე მიიღო საჩემპიონო ბრძოლის გამოცდილება.

ლეიკერსს თუ უნდა, რომ შანსები ჰქონდეს, ტემპი უნდა დააგდოს და ბურთს მოუფრთხილდეს, რადგან მემფისის ათლეტურ, სწრაფ და აგრესიულ დაცვასთან ბურთის დაკარგვა, მაშინვე გარღვევასა და მეტოქის იოლ ორ ქულას ნიშნავს. ნელ თამაშში, დინამიკის და ტემპის გარეშე შესაძლოა ლებრონის კლასი და ინტელექტი უფრო მეტს ნიშნავდეს, ვიდრე მემფისის ათლეტიზმი.
კალიფორნიელთა შანსებს ზრდის მემფისის ორი წამყვანი ცენტრის - სტივენ ადამსისა და ბრენდონ კლარკის ტრავმები. დევისის წინააღმდეგ მემფისი მცველის გარეშე რჩება. სტივენ ადამსი, გარდა იმისა, რომ დაცვაშია ძალიან მაგარი, შეტევაშიც კარგად იღებს მოხსნებს. მემფისის შეტევაში სწრაფი გარღვევების შემდეგ მეორე მთავარი იარაღი მეტოქის ფარზე მოხსნები და ე.წ. მეორე შანსის ქულებია. ადამსის გარეშე ეს კომპონენტიც პრობლემატური იქნება. მემფისი-ლეიკერსი პირველი წრის მთავარი ინტრიგა და ხიბლია.
კიდევ ერთი ინტრიგა ის არის, რომ მემფისი თუ ლეიკერსს გასცდა, მეორე წრეში შეიძლება გოლდენ სტეიტს შეხვდეს და შარშან ამ გუნდებმა რა სერია ითამაშეს და რა მტრობა აქვთ, ესეც ყველას გვახსოვს. ლეიკერსის გასვლის შემთხვევაშიც მათი და გოლდენ სტეიტის, ლებრონის და კარის კიდევ ერთი ომი, დიდი სანახაობა იქნება.
დასავლეთის მთავარი ფავორიტი ალბათ ფინიქს სანსია. ფინიქსი არც ლეიკერსივით და გოლდენ სტეიტივით ძალიან ქვემოდან, საშინაო მოედნის უპირატესობის გარეშე იწყებს პლეიოფს, არც მემფისივით ზერთული მეტოქე ჰყავს პოლ ჯორჯის გარეშე დარჩენილი კლიპერსის სახით, უფრო იოლი გზაც აქვს და ზოგადად, დურანტი თუ ჯანზე იქნება, ბუკერი-დურანტი-პოლის სამეული დასავლეთში ყველაზე დიდ ძალად გამოიყურება. დურანტთან ერთად ფინიქსს ჯერ არ წაუგია.
დურანტის ტრეიდამდეც არიზონელთა დაცვა საუკეთესო ათეულში იყო, ხოლო KD-ს მოსვლის შემდეგ ამ გუნდს ლიგაში საუკეთესო შეტევა ჰყავს. დურანტთან ერთად 100 პოზიციაზე ფინიქსი 117.7 ქულას აგდებს და მხოლოდ 107 ქულას იღებს - ანუ +10 აქვს. არანორმალურად მაგარი შედეგია.

ფინიქსს უკვე აქვს საჩემპიონი ბრძოლების პრაქტიკა და ზოგადად პოლი-დურანტის დუეტი ამ საკითხში ალბათ ლიგაში ყველაზე გამოცდილია. კრის პოლმა ძალიან მოუკლო, თუმცა KD-სთან ერთად ისიც სხვანაირად გამოიყურება. იმ 8 თამაშში, რომელიც დურანტმა ფინიქსში ითამაშა, კრის პოლი 40 პროცენტით ისროდა სამქულიანებს. ზოგადად, დურანტს ბოლო 22 თამაშში 21 მოგება აქვს და რომ არა მისი ტრავმები (მხოლოდ 47 თამაში რეგულარულში), ის MVP-სთვის იბრძოლებდა.
სხვა საქმეა კიდევ პირველივე წრეში დურანტი-ლეონარდის დაპირისპირების ხილვა. კლიპერსისგან მეტს ველოდით და ჯორჯის ტრავმამ ამ გუნდის შანსები კიდევ უფრო შეამცირა, თუმცა ბრძოლა და ინტრიგა იქნება.
კომენტარები