- დანიილ მედვედევი ზვერევთან მატჩის დროს უცნაურად მოიქცა
- ჰამბურგელმა თამაშის შემდეგ რუს ჩოგბურთელს უღირსი უწოდა
მონტე კარლოს მასტერსის მერვედფინალში დანიილ მედვედევმა ალექსანდერ ზვერევი სამ სეტში, 3:6, 7:5, 7:6 (9:7) დაამარცხა, თუმცა მატჩის შემდეგ რუსი ჩოგბურთელის ერთ საქციელზე უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე უშუალოდ თამაშზე.
როცა ზვერევმა მეორე სეტში 5:4-ისთვის ბრეიკის აღება შეძლო, გაბრაზებულმა მედვედევმა უცნაური რამ გააკეთა: ბადესთან მივიდა, საყრდენი გამოაძრო და ძირს დააგდო. რაც მთავარია, რუსმა ამის გამო გაფრთხილებაც კი არ მიიღო. ზვერევი მედვედევის ამ საქციელს ჯერ გაოცებული უყურებდა, მერე კი ირონიულად გაეცინა.
ზოგადადაც, მედვედევი ცუდად იქცეოდა, პუბლიკის პროვოცირებას სხვადასხვა ჟესტებით ცდილობდა, მატჩის დასრულების შემდეგ კი თითი ტუჩებზე მიიდო და ხალხს გაჩუმება მოსთხოვა.
“რა თქმა უნდა ცუდია ეს ყველაფერი. მედვედევი შესანიშნავი ჩოგბურთელია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ ამავდროულად ის ერთ-ერთი ყველაზე უწესო და უღირსი მოთამაშეა მათ შორის, ვინც ახლა ჩოგბურთს თამაშობს. როცა აგებს, ყველაფერს ცდილობს, რაც შეიძლება და რაც არ შეიძლება. მან ეს ინდიან ველსის ტურნირზეც გააკეთა და აქაც გაიმეორა. მე სპორტში სამართლიანობა და პატიოსნება მიყვარს. სამწუხაროდ, მედვედევს არც ერთ აქვს და არც მეორე.” - განაცხადა ზვერევმა მატჩის შემდეგ და დასძინა: “როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი ყველას იმიტომ უყვარდა და უყვარს, რომ ისინი თავიანთ მეტოქეობას პატის სცემდნენ, ერთმანეთს ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდნენ.”
'ის ერთ-ერთი ყველაზე უწესო და უღირსი მოთამაშეა მათ შორის, ვინც ახლა ჩოგბურთს თამაშობს'
ზვერევმა უფრო კონკრეტულადაც ილაპარაკა: “ყველაზე მეტად რა არ მომეწონა? იმ მომენტში ჩემი უპირატესობა აშკარა იყო და მან ბადეს საყრდენი გამოაძრო და იქვე მიაგდო. მერე მაყურებლების პროვოცირებას ცდილობდა, მესამე სეტში ტუალეტში გავიდა მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პაუზები აღარაა ხოლმე. ყოველთვის, როცა კარგად თამაშს ვიწყებდი, რაღაც ასეთებს აკეთებდა.”
მედვედევის პასუხი გაინტერესებთ? “ორი მატჩპოინტი ჰქონდა და უმჯობესია, იმაზე იდარდოს, რომ ვერ გამოიყენა.” - თქვა მან.
კომენტარები