- ქართველ მცველს მუხლი აწუხდა და ნაკრებშიც ამიტომ ვერ ჩამოვიდა
- დავით ხოჭოლავასა და კოპენჰაგენის მთავარი მწვრთნელის კომენტარები
საქართველოს ნაკრებისა და დანიური კოპენჰაგენის მცველმა დავით ხოჭოლავამ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და მიმდინარე სეზონში გუნდს ვეღარ დაეხმარება. ამის შესახებ კოპენჰაგენელთა ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, სადაც მთავარი მწვრთნელის იაკობ ნეესტრუპის კომენტარიცაა.
“დავითი იმ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობდა, რომლებსაც უკანასკნელ პერიოდში წააწყდა, თუმცა, ერთად გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესია ოპერაცია ახლა გაიკეთოს და მომჯობინებისთვის საკმარისი დრო ექნება. ცხადია, ეს როგორც მისთვის, ასევე სრულიად გუნდისთვის სამწუხარო ამბავია, თუმცა, არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ როდესაც ვინმე გვაკლდება, სხვები მის შეცვლას ახერხებენ”.
აქვე თავად ხოჭოლავას განცხადებაც:
“ვწუხვარ, რომ უახლოეს პერიოდში გუნდის დახმარებას ვერ მოვახერხებ, თუმცა, მინდვრის გარედან ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბიჭებს გვერდში დავუდგე. ვიცი მათი შესაძლებლობები და მჯერა, რომ წარმატებას მიაღწევენ”.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ხოჭოლავა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მარტის მატჩებისთვის (მონღოლეთსა და ნორვეგიასთან) იყო გამოძახებული, მაგრამ ფეხბურთელმა შეკრებაზე ჩამოსვლა ტრავმის მიზეზით ვერ მოახერხა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მაშინ განმარტა, რომ დავითს მენისკის პრობლემა ჰქონდა და კოპენჰაგენის მაისურით მუხლის ტკივილით თამაშობდა.
ფრანგი სპეციალისტის ვარაუდით, ხოჭოლავას ოპერაცია უახლოეს დღეებში უნდა გაეკეთებინა, რასაც 6-8-კვირიანი რეაბილიტაციის პროცესი მოყვებოდა, თუმცა ისე მოხდა, რომ ფეხბურთელმა სანაკრებო პაუზის შემდეგაც ითამაშა. დავითი 2 აპრილს ნორდშიელანდთან მატჩში გამოჩნდა, მაგრამ ტკივილი ისევ იგრძნო და შესვენებაზე შეცვალეს.
დანიის სუპერლიგაში გასული 24 ტურის შემდეგ, მოქმედ ჩემპიონ კოპენჰაგენს 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში სწორედ ხსენებულ ნორდშიელანდს (46 ქულა) ჩამორჩება. ხოჭოლავამ მიმდინარე სეზონში დანიის ჩემპიონატის 17 მატჩში ითამაშა.
კომენტარები