Thumbnail

აზერბაიჯანის რეაქცია სომხეთში ევროპის ჩემპიონატზე მისი დროშის დაწვაზე

აზერბაიჯანის ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში, რომელიც 15 აპრილს სომხეთის დედაქალაქ ერევანში დაიწყება, არ იასპარეზებს. ამის მიზეზი აზერბაიჯანის დროშასთან დაკავშირეუბლი ინციდენტია, რომელიც ტურნირის გახსნის ცერემონიალზე მოხდა. 

ტურნირის ორგანიზატორებს მონაწილე ქვეყნების დროშები გამოჰქონდათ და როდესაც ჯერი აზერბაიჯანზე მიდგა, დარბაზში გამაყრუებელი სტვენა ატყდა. მალევე გოგონას, რომელიც აზერბაიჯანს წარადგენდა, ერთ-ერთი ადამიანი მივარდა, დროშა ხელიდან გამოგლიჯა და ცეცხლი წაუკიდა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ დროშის დაწვის აქტი ადგილობრივმა დიზაინერმა არამ ნიკოლიანმა განახორციელა, რომელიც სომეხმა სამართალდამცველებმა ჯერ დააკავეს, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ გაათავისუფლეს.  

აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ და ქვეყნის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, აზერბაიჯანის ძალოსანთა ნაკრები სომხეთს დატოვებს და ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს. 

"იმ პირობებში, როდესაც სომხეთში გამეფებულია სიძულვილის ასეთი ატმოსფერო და არ არის დაცული უსაფრთხოება, შეჯიბრებაში აზერბაიჯანელი სპორტსმენების ნორმალურად მონაწილეობა ფსიქოლოგიური წნეხის გამო შეუძლებელია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აზერბაიჯანელი სპორტსმენების სამშობლოში დაბრუნება გადაწყდა. სომხეთმა მათი უსაფრთხო დაბრუნება უნდა უზრუნველყოს", - ნათქვამია განცხადებაში. 

ამასთან ერთად, აზერბაიჯანულმა მხარემ საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებს მომხდართან დაკავშირებით მყისიერი რეაგირება, ევროპის ძალოსნობის ფედერაციას კი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოსთხოვა. 
 
"მიგვაჩნია, რომ მომხდარი მიანიშნებს სომხეთის უუნარობას, ჩაატაროს საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებები და უზრუნველყოს სპორტსმენების უსაფრთხოება", - წერია განცხადებაში. 

ძალოსნობაში ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე, რომელსაც სომხეთი 15-23 აპრილს მასპინძლობს, საქართველო სოლიდური დელეგაციით ჩავიდა. ფიცარნაგზე 13 ქართველი ძალოსანი წარსდგება, ჩვენი გუნდის ლიდერი, 2-გზის ოლიმპიური, 6-6-გზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, 29 წლის ლაშა ტალახაძე (+109 კგ.) კი ტურნირის დასკვნით დღეს გამოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები