Thumbnail

ძალიან წარუმატებლად დაიწყო NBA-ს პლეი ოფი მილუოკი ბაქსისთვის, რომელიც ტურნირში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის რანგში ჩაერთო. ბაქსმა მშობლიურ ფისერვ ფორუმში მაიამი ჰითთან სასტარტო შეხვედრა ხომ 117:130 წააგო და თანაც ტრავმის გამო, მთავარი ვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპო დაკარგა.

მატჩში ჯერ კიდევ პირველი მეოთხედი მიდიოდა, როდესაც ბერძენი კალათბურთელი მოედანზე უხერხულად დაეცა და ზურგის არეში ტკივილი იგრძნო. ბერძენი ფორვარდი შეეცადა თამაში გაეგრძელებინა, თუმცა, მალევე მიხვდა, რომ გარისკვა არ ღირდა და მოედანი დატოვა. საბოლოოდ, ანტეტოკუნმპომ მხოლოდ 11 წუთი ითამაშა და 6 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.

“რენტგენზე მოტეხილობა არ სჩანს. იანისის მდგომარეობას დავაკვირდებით და შესაბამისად ვიმოქმედებთ. ტრავმის შემდეგ ძალიან უხერხულად გადაადგილდებოდა, ეტყობოდა, რომ დისკომოფორტი გააჩნდა, ვფიქრობ, ამ თამაშიდან მისი მოხსნის გადაწყვეტილება სწორი იყო”, - განაცხადა მილუოკის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბუდენჰოლცერმა.

ჯიმი ბატლერს გამორჩეული თამაში ჰქონდა

მოკლედ, ბაქსის ქომაგობა ახლა განახლებულ ინფორმაციას ელის და თუკი იანისი დროულად დაბრუნდა, ცხადია, რომ დღეს დილით განცდილი მარცხი ისე მტკივნეული აღარ იქნება. გასული შეხვედრის გმირი კი ჰითის ვეტერანი კალათბურთელი ჯიმი ბატლერი იყო, რომელმაც მოედანზე 43 წუთი გაატარა და 35 ქულას 11 პასი და 5 მოხსნა წაამატა.

ბატლერმა თამაშიდან 15 ტყორცნა გამოიყენა, მატჩის შემდეგ კი სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც კამერისკენ შეშინებული სახეებით მომზირალი ირმებია ასახული. მინიშნება ყველასთვის გასაგები გახლდათ: მილუოკის სიმბოლო ხომ სწორედ ირემია. ჰითის მხრიდან გამოსარჩევია ბემ ადებაიოს თამაშიც, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა: 22 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი. 34 წლის კევინ ლავმა 18 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.

ანტეტოკუნმპოს არყოფნაში, ბაქსის ლიდერობა კრის მიდლტონმა იტვირთა და ეს კარგადაც გამოუვიდა: 33 ქულას 9 მოხსნა წაამატა. 21 ქულა 8 მოხსნა იყო ბობი პორტისის მონაგარი, ხოლო უკანახაზელმა ჯრუ ჰოლიდეიმ 16 ქულა და რაც ყველაზე უცნაურია, 16 მოხსნა მოაგროვა. მილუოკი სერიაში ანგარიშის გათანაბრებას 19 აპრილს ეცდება, როდესაც მაიამელებს შინაურ კედლებში კიდევ ერთხელ მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები