- დღეს ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების 5 წევრი გავა
- მათი მეტოქეების ვინაობა ცნობილია
დღეს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდი სრული შემადგენლობით (10 მოჭიდავე) წარსდგება. ტურნირის სტარტის წინ, საგანგებო პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ვარსკვლავი გენო პეტრიაშვილიც მიიწვიეს, რომელმაც მისი და თურქი ტაჰა აკგულის მრავალწლიან დაპირისპირებაზეც ისაუბრა.
“ტაჰა დიდებული ადამიანი და მძიმე წონაში ერთ-ერთი საუკეთესო მოჭიდავეა. ჩემთვის მის წინააღმდეგ ჭიდაობა დიდი პატივია. ტაჰასთან შეხვედრისთვის ყოველთვის მზად ვარ და ვფიქრობ, ისიც ასეა. ვეცდებით, გულშემატკივარს ლამაზი, სანახაობრივი ჭიდაობა შევთავაზოთ. მას, როგორც ადამიანს და მოჭიდავეს დიდ პატივს ვცემ. საქართველოში ჭიდაობას დიდი ტრადიციები აქვს. არაერთი მსოფლიოს, ევროპის, ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს და ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი საჭიდაო ოჯახის წევრი ვარ. ამ ევროპის ჩემპიონატისთვის მთელი გუნდი კარგად ვართ მომზადებული და გულშემატკივარს კარგ ჭიდაობას შევთავაზებთ”.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის პეტრიაშვილი, მსოფლიოს 3-გზისა და ევროპის 2-გზის ჩემპიონია, ბოლო ოლიმპიადაზე კი ფინალში იჭიდავა, ზაგრებში ხალიჩაზე ხვალ გავა, ხოლო დღეს საქმეში 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლებს ვიხილავთ.

რობერტ დინგაშვილი (57 კგ.), რომელიც 23-წლამდელთა შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (2019), 20-წლამდელთა შორის ევროპის ვერცხლისა (2016) და ბრინჯაოს (2015) პრიზიორია, მეოთხედფინალში სომეხ მანველ ხნდზრსტიანისა და ბულგარელი გეორგი ვანგელოვის წყვილში გამარჯვებულს ელის.
ედემი ბოლქვაძე (65 კგ.) საწყის რაუნდში თურქ ჰამზა ალაჯას გაეჯიბრება. ბოლქვაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვერცხლის პრიზიორი (2019) და 20-წლამდელთა შორის ევროპის ბრინჯაოს (2017) პრიზიორი).
გიორგი ელბაქიძე (70 კგ.), რომელიც 23-წლამდელთა შორის ევროპის (2022) და მსოფლიოს (2022) ჩემპიონი და 17-წლამდელთა შორის ევროპის (2016) ბრინჯაოს პრიზიორია, ასევე თურქ სერვეტ ჩოსკუნს შეხვდება.
ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ.) მერვედფინალშია დაშვებული და მისი მეტოქეც თურქია – მუჰამედ აკდენიზი. შეგახსენებთ, რომ გამყრელიძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (2022), 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი (2022), ევროპის ვერცხლის (2023) და ბრინჯაოს (2021) პრიზიორი და 17-წლამდელთა შორის ევროპის ვერცხლის (2017) და ბრინჯაოს (2018) პრიზიორია.
დღესვე გავა ხალიჩაზე გივი მაჭარაშვილი (97 კგ.), რომელიც ძალებს მოლდოველ რადუ ლეფტერთან მოსინჯავს. მაჭარაშვილი 2019 წლის ევროპული თამაშების ვერცხლის და მსოფლიოს ბრინჯაოს (2022) პრიზიორია. გივი ასევე გახლავთ 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს (2018) და ევროპის (2017) ჩემპიონი, ევროპის ბრინჯაოს 3-გზის (2016, 2018 და 2019) პრიზიორი, 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი (2017) და ვერცხლის პრიზიორი (2016), მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი (2017), 17-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი (2014) და მსოფლიოსა (2013) და ევროპის (2014) ბრინჯაოს პრიზიორი.
შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპის ჩემპიონატს უნგრეთის დედაქალაქმა ბუდაპეშტმა უმასპინძლა, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მონაგარი კი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი (გუნდური მე-3 ადგილი) იყო. ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) გახდა, გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) ფინალში წააგო, ბრინჯაოს მედლებს კი ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.), გიორგი სულავა (74 კგ.), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ.) და მირიან მაისურაძე (92 კგ.) დაეუფლნენ.
კომენტარები