Thumbnail
  • ჟოან ლაპორტამ ნეგრეირას საქმეზე პრესკონფერენცია მოაწყო
  • ბარსას პრეზიდენტმა თავი იმართლა და მადრიდის რეალსაც შეუტია

ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ პრესკონფერენცია მოაწყო და ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირასთან დაკავშირებულ სკანდალზე ისაუბრა. ფუნქციონერმა განაცხადა, რომ კლუბი სრულად უდანაშაულოა და ეს მხოლოდ ბარსას წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანიაა. 

კლუბის პრეზიდენტის თქმით, ახალმა ადმინისტრაციამ გამოძიება დაიწყო და უკვე ძალიან ბევრი რამ გაიგეს. 

"ნეგრეირას საქმეზე ყველაფერს ნათელი მინდა მოვფინო. აღნიშნული ფაქტი რამდენიმე წლის წინ მოხდა და ის კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას სცდება. ბოლო ორი თვის მანძილზე მასშტაბურ და ბინძურ კამპანიასთან გვიწევს ბრძოლა, საჯაროდ გაკეთებულ დასკვნებს რეალობასთან კავშირი არ აქვს. 

ბარსელონა ყოველთვის სამართლიანი თამაშის მაგალითი იყო. ვამაყობთ იმ წვლილით, რაც ფეხბურთის განვითარებაში შევიტანეთ. ბარსა ათწლეულების მანძილზე იმარჯვებდა და მოგებებს ჩვენი ძალისხმევით, ფეხბურთელების ნიჭით, მწვრთნელების, თანამშრომლები, ჩვენი პარტნიორებისა და გულშემატკივრების წყალობით განვაგრძობთ. ეს კლუბის ფასეულობათა ერთიანობაა. 

ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირა

აქ გამარჯვების მოპოვება ლამაზი ფეხბურთით მოგვწონს და არა ცუდი მსაჯობით. როგორც დიად გუნდს შეეფერება, ჩვენც გვყავს მტრები და ისინი "ბლაუგრანას" პრესტიჟზე დარტყმას ცდილობენ, მაგრამ ვერაფერს მიაღწევენ. ვერცერთი კამპანია ვერ შეუშლის ხელს ბარსელონას დარჩეს მსოფლიო სპორტის ეტალონად და გაახაროს მილიონობით კატალონიელი, ასევე, სხვა ხალხების მილიონობით წარმომადგენელი. 

მადრიდის რეალში თქვეს, რომ წუხან, რადგან ჩვენმა ქმედებებმა სპორტული პრინციპები დაარღვია. წარმოგიდგენიათ, მადრიდის რეალში, რომელიც მსაჯების ფავორიტი ათწლეულების მანძილზე იყო, როგორც ისტორიულად, ისე ახლა. ეს რეჟიმის კლუბი გახლდათ და დიქტატორულ ძალაუფლებას ეფარებოდა. 70 წელია ჩემპიონატების ხელმძღვანელები რეალის ყოფილი თანამშრომლები, ყოფილი ფეხბურთელები და ყოფილი დირექტორები ხდებიან. 70 წელია ყველაფერს თვითონ მართავენ და ახლა თურმე სპორტულ პროცესებს ჩვენ ვაზიანებთ, ეს ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია. ამ ხალხმა ნიღბები ჩამოიხსნა.

მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და ბარსას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა

როცა დავა გაჩნდა, მაშინვე აღვნიშნე, რომ ეს ბარსელონას წინააღმდეგ მიმართული გეგმა იყო და არა შემთხვევითობა. შიდა გამოძიება დავიწყეთ, ისეთი ინფორმაცია მივიღე, რაც იქამდე არ მქონდა და მომავალში უფრო მეტს აღმოვაჩენთ. თუმცა პირდაპირ ვაცხადებ: ბარსელონას არასდროს გაუკეთებია ისეთი ქმედებები, რომელთა მიზანიც ჩემპიონატში ჯანსაღი კონკურენციის დაზიანების წყალობით უპირატესობის მიღება იქნებოდა," - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს AS

 ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირა ყოფილი მსაჯია, რომელსაც ბარსელონასთან ურთიერთობა 2001-2018 წლებში ჰქონდა. ნეგრეირა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ და ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კლუბს სხვადასხვა რეპორტს აწვდიდა, რის სანაცვლოდაც ფულს იღებდა. როგორც Sport.es წერს, გამოცემას ათობით ყოფილმა და მოქმედმა მსაჯმა ანონიმურად დაუდასტურა, რომ მსგავს პრაქტიკას ადგილი მართლაც ჰქონდა. ფაქტი, რომ ნეგრეირამ ბარსელონასგან ფული მიიღო, უკვე დამტკიცებულია.

კომენტარები

ბოლო ამბები