Thumbnail
  • ფაბრიციო რომანო გიორგი მამარდაშვილის მოსალოდნელ ტრანსფერზე წერს
  • ჩელსი, ტოტენჰემი და ლესტერი ქართველი მეკარით დაინტერესებული არიან

იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, რომელიც სატრანსფერო საკითხებში ნამდვილად გამოირჩევა სანდოობით, სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

რომანო სამი ინგლისური კლუბის ინტერესსაც ადასტურებს, თუმცა, ჯერჯერობით, უფრო კონკრეტულ დეტალებს არ ასაჯაროებს.

"ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას სეზონის ბოლოს ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი რამდენიმე თვის წინ გაახანგრძლივა. ჩელსი და ტოტენჰემი სიტუაციის განვითარებას აკვირდებიან, ლესტერი კი მის აგენტს 10 დღის წინ შეხვდა", - წერს იტალიელი ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილი 2021 წლის ზაფხულში იჯარით დაიმატა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში მისი ტრანსფერი გამოისყიდა. გასულ წელს გიორგიმ "ღამურებთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა, მისი გამოსასყიდი ფასი კი 100 მილიონი ევროა.

თუმცა, ცხადია, ვალენსიას ფეხბურთელის გაყიდვა გაცილებით ნაკლებ ფასშიც შეუძლია. 22 წლის მეკარემ ესპანური კლუბის მაისურით დღემდე ყველა ტურნირზე 54 მატჩი ჩაატარა.

გიორგი სხვადასხვა პერიოდში არაერთ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა, ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად ინგლისურ კლუბებზე საუბრობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები