Thumbnail

'ქამბექი შეგვიძლია!' - ფრენკ ლამპარდი რეალთან საპასუხო მატჩზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 18 აპრილი | 🏟 სტემფორდ ბრიჯი | ⌚ 23:00 | ⚽ ჩელსი V რეალი
  • ფრენკ ლამპარდის კომენტარი რეალთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში ლონდონის ჩელსი მადრიდის რეალს უმასპინძლებს. ინგლისური გუნდი რთული ამოცანის წინაშეა, რადგან 1 კვირის წინ სტუმრად 0:2 წააგო.

მიუხედავად ამისა, ფრენკ ლამპარდი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ქამბექი შეუძლია. თუმცა, ინგლისელმა სპეციალისტმა მანამდე ტოდ ბოელის შესახებ ისაუბრა, რომელიც ბრაიტონთან მატჩის შემდეგ გუნდის გასახდელში აღმოჩნდა და ფეხბურთელები გააკრიტიკა.

...კლუბის მფლობელის შესახებ: "პრობლემა არ არის, რომ პრეზიდენტი შემოდის გასახდელში. ძველ მფლობელს (აბრამოვიჩი - რედ) აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ამას ხშირად არ აკეთებდა. ჩვენი მფლობელი ძალიან არის ჩართული გუნდში, სურს დაეხმაროს მას გაუმჯობესებაში. მახსოვს, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი და კლუბის ხელმძღვანელი გასახდელში პირველად შემოვიდა, გამიხარდა, მასთან საუბრის და მოსმენის საშუალება მომეცა. ეს არ არის ცუდი კლუბის იდენტობისთვის, ამაში არანაირი პრობლემა არ არის. პირიქით, ვნებას აჩვენებს".

...თამაშის შესახებ: "ჩვენ არ ვართ პრემიერლიგაში იმ პოზიციაზე, რომელზეც ყოფნა გვსურს და ამ შეხვედრასაც 0:2-დან ვიწყებთ. არაფერია ჩემპიონთა ლიგაზე მოგებაზე უკეთესი, წარსულში უკვე შევძელით სირთულეების გადალახვა. ადრე მოვახერხეთ ბარსელონასთან და ნაპოლისთან ქამბექი. ამიტომ, უნდა ვიბრძოლოთ. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. ვიცი, რომ ხვალ "სტემფორდ ბრიჯზე" ფანტასტიკური ატმოსფერო იქნება, გულშემატკივრებს შეუძლიათ ჩვენი დახმარება, რწმენა არ გვაკლია".

შეგახსენებთ, რომ ჩელსი და რეალი ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამე სეზონია ერთმანეთს ხვდებიან. 2 წლის წინ ნახევარფინალში ინგლისელებმა მოიგეს, შარშან მეოთხედფინალში - ესპანელებმა. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში მოგებულმა გუნდმა საბოლოოდ ტურნირიც მოიგო.

ვთქვათ ისიც, რომ ფრენკ ლამპარდის კლუბში დაბრუნების შემდეგ ჩელსიმ სამივე თამაში წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები