- დილის სესია წაუგებლად ფარტენაძემ, მაისურაძემ, კენჭაძემ და პეტრიაშვილმა განვლეს
- საღამოს ზაგრებში მიმდინარე ევროპის პირველობაზე პირველი მედლები გათამაშდება
თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის მე-2 დღეს დილის სესია 5-დან 4-მა ქართველმა ფალავანმა მოახერხა, ამდენად, საღამოს მათ ნახევარფინალში ვიხილავთ.
შოთა ფარტენაძემ (61 კგ.) უნგრეთის სახელით მოჭიდავე გამზატგაჯი ხალიდოვს 5:1 სძლია და ახლა, ალბანელ ზელიმხან აბაკაროვთან დაპირისპირება ელის.
მირიან მაისურაძემ (92 კგ.) ფრანგი ადლან ვისხანოვი 7:0 დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის თურქ ფეიზულა აკტურკს შეხვდება.
74 კგ-მდე წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ უკრაინელ სემენ რადულოვს აჯობა (8:0), შემდეგ შვეიცარიელი ტობიას პორტმანი 11:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ძალებს სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ტაიმურაზ სალკაზანოვთან მოსინჯავს.
მძიმე წონაში (125 კგ.) ყველაფერი სენსაციების გარეშე მიმდინარეობს. გენო პეტრიაშვილმა მეოთხედფინალში ბერძენ აზამატ ხოსონოვს 12:2 მოუგო და ნახევარფინალში უნგრელ დანიელ ლიგეტის გაეჯიბრება. ფინალის მე-2 საგზურისთვის თურქი ტაჰა აკგული და იტალიელი აბრაჰამ კონიედო რუანო იბრძოლებენ.
რაც შეეხება ტარიელ გაფრინდაშვილს (86 კგ.), მან გზიდან უკრაინელი ვლადისლავ პრუსი (14:7) ჩამოიცილა, მეოთხედფინალში კი პოლონელი სებასტიან იეზირზანსკისთან 2:3 წააგო და თუ ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, ქართველი ფალავანი რეპეშაჟში გადაერთვება.
შეგახსენებთ, რომ დღესვე ზაგრებში მიმდინარე ევროპირველობაზე პირველი მედლები გათამაშდება და საქართველოს ნაკრებს 3 მედლის მოპოვების შანსი აქვს. გივი მაჭარაშვილი (97 კგ.) ფინალში აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვს შეერკინება, რობერტ დინგაშვილი (57 კგ.) და ედემი ბოლქვაძე (65 კგ.) კი ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ, შესაბამისად, ბულგარელ გეორგი ვანგელოვთანა და რუმინელ სტეფან კომანთან.
კომენტარები