- ფინიქს სანსი 123:109 ლოს ანჯელეს კლიპერსი
- კლივლენდ კავალიერსი 107:90 ნიუ იორკ ნიქსი
- ბოსტონ სელტიკსი 119:106 ატლანტა ჰოუკსი
NBA-ს პლეი ოფში პირველი რაუნდის მეორე მატჩები სამ სერიაში გაიმართა. აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოსტონ სელტიკსმა ატლანტა ჰოუკსი დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა. გამარჯვებულებს ჯეისონ ტეიტუმმა ულიდერა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 29 ქულა, 10 მოხსნა. 26 ქულა იყო დერიკ უაიტის ანგარიშზე, ხოლო ჯეილეინ ბრაუნმა 18 ქულა ჩააგდო. ატლანტაში 29 ქულით დეჯონტე მიურეი გამოირჩა, დეანდრე ჰანტერს კი ორმაგი დუბლი ჰქონდა - 18 ქულა, 12 მოხსნა. სელტიკსისა და ჰოუკსის სერიის მესამე დაპირისპირება უკვე ატლანტაში, 22 აპრილს გაიმართება.
აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ოფში კლივლენდ კავალიერსმა ნიუ იურკ ნიქსს აჯობა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მასპინძელთა გამთამაშებელი დარიუს გარლენდი გახდა, რომლის ანგარიშზე 32 ქულა და 7 შედეგიანი პასია. კავალიერსს მოგებაში დაეხმარა კარის ლევერტიც, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო, ხოლო გუნდის ლიდერმა დონოვან მიტჩელმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 17 ქულა, 13 პასი. არცთუ ეფექტურები იყვნენ ნიქსის საუკეთესო სნაიპერები: ჯეილეინ ბრანსონი და ჯულის რენდლი. ბრანსონს 29%-იანი რეალიზაცია და 20 ქულა ჰქონდა, რენდლს კი - 22 ქულა (40%). ამ სერიის მესამე დაპირისპირება ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" 22 აპრილს ჩატარდება.
საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია მოახერხა ფინიქსმაც, რომელმაც დასავლეთ კონფერენციის პლეი ოფის პირველ რაუნდის მეორე თამაშში ლოს ანჯელეს კლიპერსს აჯობა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1. სანსი ამას პირველ რიგში დევინ ბუკერს უნდა უმადლოდეს, რომელმაც თამაში 38 ქულითა და 9 პასით დაასრულა. ბუკერს მხარი კევინ დურანტმა აუბა, რომელმაც 25 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. სტუმართა რიგებში ბრწყინავლე იყო კავაი ლეონარდი, რომლის აქტივში 31 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასია, ხოლო რასელ ვესტბრუკმა 28 ქულას 5-5 მოხსნა და პასი მიუმატა. სერიის მესამე მატჩი ლოს ანჯელესში 21 აპრილს გაიმართება.
კომენტარები