Thumbnail
  • შარშანდელი ევროპირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში თურქმა ქართველს 5:2 მოუგო
  • 29 წლის გენო პეტრიაშვილი დღეს მე-3 ევროპული ოქროს მოგებას ეცდება

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დღეს ბოლო მედლები გათამაშდება, ტურნირის კულმინაცია კი მძიმე წონის ფინალი იქნება, რომელშიც ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები – ქართველი გენო პეტრიაშვილი და თურქი ტაჰა აკგული დაუპირისპირდებიან. ამ შერკინებას ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) ვებ-გვერდიც გამოეხმაურა:

“ტაჰა აკგული და გენო პეტრიაშვილი კიდევ ერთხელ გაეჯიბრებიან ერთმანეთს მას მერე, რაც წინასწარი ეტაპები დამაჯერებლად გაიარეს. ამგვარად, ეს შარშანდელი ევროპირველობის ფინალის გამეორება იქნება, რომელშიც გამარჯვება აკგულს დარჩა. ახლა, პეტრიაშვილს შანსი აქვს, რევანშისთვის იბრძოლოს. ქართველმა და თურქმა ფალავნებმა მიმდინარე ტურნირზე მეოთხედფინალი დამაჯერებლად გაიარეს, ნახევარფინალში კი ტაჰამ 4:0 მოუგო იტალიელ აბრაჰამ კონიედოს, ხოლო გენომ 7:4 დაამარცხა უნგრელი დანიელ ლიგეტი. სათქმელია ისიც, რომ ამ ორთაბრძოლაში პეტრიაშვილმა ძალიან მტკივნეული 4-ქულიანი გდება გაუშვა. კონკრეტულად ევროპის ჩემპიონატის ეგიდით ტაჰა გენოს 5:1-ს უგებს, ამდენად, ქართველ მოჭიდავე რეაბილიტაციას ეცდება”.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში პეტრიაშვილმა უნგრელ ლიგეტის აჯობა

შეგახსენებთ, რომ 29 წლის გენო პეტრიაშვილს ევროპის ჩემპიონატი 2-ჯერ აქვს მოგებული, ამას გარდა კი, მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი და ბოლო ოლიმპიადის ფინალისტია. დღეს, ევროპირველობის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ქართულ-თურქული დაპირისპირება კი სულ ბოლო იქნება.

ამ დროისთვის, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების აქტივში თითო ოქროსა და ბრინჯაოს მედალია. ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97 კგ.) გახდა, მე-3 ადგილზე კი ედემი ბოლქვაძე (65 კგ.) გავიდა. დღესვე ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებენ შოთა ფარტენაძე (61 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) და მირიან მაისურაძე (92 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები