- თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ზაგრებში 6 მედალი მოიპოვა
- გენო პეტრიაშვილმა ფინალური შეხვედრა თურქ ტაჰა აკგულთან ისევ წააგო
- სასწაული მოგება! მაჭარაშვილმა მაგომედოვს ბოლო წამზე აჯობა და ევროპის ჩემპიონია
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ექვსი მედლით და გუნდური მეორე ადგილით (აზერბაიჯანის შემდეგ) დაასრულა. ქართველი ფალავნების ანგარიშზე თითო ოქრო-ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალია.
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ ტურნირში ბოლოს ხალიჩაზე მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი გავიდა, რომელმაც ფინალური შეხვედრა ისევ ტიტულოვან თურქი ტაჰა აკგულთან დათმო. 29 წლის ქართველმა მოჭიდავემ პრინციპულ მეტოქესთან შეხვედრა 4:9 წააგო და წელსაც ვერცხლს დასჯერდა.
გენომ ზაგრებში გამოსვლა 1/4-ფინალიდან დაიწყო, სადაც ბერძენ აზამატ ხოსონოვს 12:2 მოუგო, ნახევარფინალში კი უნგრელ დანიელ ლიგეტის ანგარიშით 7:4 სძლია.
ამავე დღეს კიდევ სამმა ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედლითვის იჭიდავა და სამივემ წარმატებით. შოთა ფარტენაძე (61 კგ) გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელ ტარას მარკოვიჩს დაუპირისპირდა და 0:3 ჩამორჩენის მიუხედავად, საბოლოოდ ანგარიშით 6:5 გაიმარჯვა.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) სომეხ ჰრაირ ალიხანიანს შანსი არ მისცა და იოლად მოუგო - 8:0.
ევროპის ჩემიონატზე შარშანდელი შედეგი გაიმეორა მირიან მაისურაძემ (92 კგ), რომელმაც მედლისთვის შეხვედრაში უკრაინელ ილია არჩაიას დამაჯერებლად სძლია - 7:2.
შეგახსენებთ, რომ ტურნირში მანამდე ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97 კგ.) გახდა, მე-3 ადგილზე კი ედემი ბოლქვაძე (65 კგ.) გავიდა.
ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები 21-23 აპრილს იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი ათივე წონით კატეგორიაში ეყოლება.
კომენტარები