Thumbnail

რუსული სპორტისა და მათ შორის, კალათბურთის საერთაშორისო იზოლაცია წარმატებით გრძელდება. მას შემდეგ, რაც ფიბამ რუსეთის ნაკრებები 2024 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპს ჩამოაშორა, ცნობილი გახდა, რომ რუსები (ისევე, როგორც ბელარუსები) მონაწილეობას ვერც ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ რაუნდში მიიღებენ.

ამის შესახებ პირველმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ალეკსანდრ პროშუტამ დაწერა და შესაბამისი წერილიც გამოაქვეყნა, რომელიც მისი თქმით, ევროპულ საკალათბურთო ფედერაციებს უკვე დაგზავნილი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საკალათბურთო ნაკრებმა უკრაინაში წარმოებული ომის გამო გასული ევრობასკეტიც გამოტოვა, არადა, იმ შემთხვევაში ფინალურ ეტაპზე იყო გასული და ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში უნდა ჩაეტარებინა.

მომავალი ევროპის ჩემპიონატი ტრადიციულად ოთხ ქვეყანაშია დაგეგმილი. მასპინძელი ქალაქები ტამპერე (ფინეთი), ლიმასოლი (კვიპროსი), კატოვიცე (პოლონეთი) და რიგა (ლატვია) არიან, ამასთან, საპლეიოფო მატჩები სრულად ლატვიის დედაქალაქშია დაგეგმილი.

საქართველოს ნაკრები ევროპირველობის შესარჩევ მატჩებში წელს ნოემბერში ჩაებმება

ცხადია, მასპინძელი ქვეყნები ფინალურ ეტაპზე ავტომატურად არიან დაშვებულნი, თუმცა, კვალიფიკაციაში მონაწილეობას მაინც მიიღებენ. ბოლო შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მატჩები 2023 წლის ნოემბერში, 2024 წლის თებერვალსა და ნოემბერში და 2025 წლის თებერვალში შედგება და მასში მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს.

ესენი არიან კვიპროსი, ფინეთი, ლატვია, პოლონეთი, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ისრაელი, იტალია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია, პორტუგალია.

კიდევ 4 ნაკრები პრე-კვალიფიკაციის ბოლო ეტაპიდან (2023 წლის ივლისი-აგვისტო) უნდა გამოვიდეს, სადაც 12 გუნდი ოთხ სამგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. მონაწილეები ალბანეთი, ირლანდია, კოსოვო, ლუქსემბურგი, ავსტრია, ბულგარეთი, ხორვატია, დანია, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი და შვეიცარია იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს ითამაშა და მას მერე ტურნირის უცვლელი მონაწილეა, შესაბამისად, ზედიზედ 5 ევროპირველობა მოუგროვდა. სანამ ქართველი კალათბურთელები მომავალი ევრობასკეტის კვალიფიკაციაში ჩაებმებიან, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი (25 აგვისტო-10 სექტემბერი) ელით, სადაც ისტორიაში პირველად გააღწიეს, მეტოქეთა ვინაობას კი 29 აპრილს დაგეგმილი წილისყრისას შეიტყობენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები