Thumbnail

გენო პეტრიაშვილი: ვიცი, რასაც ახლა უკრაინელი სპორტსმენები გრძნობენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერმა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.), რომელიც ზაგრებში ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ იმყოფებოდა, ინტერვიუ მისცა ხორვატულ Večernji list-ს და მათ შორის რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზეც ისაუბრა.

“ერთადერთი, რაც მინდა, ისაა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მალე დასრულდეს და უკრაინელ სპორტსმენებს საშუალება მიეცეთ, ტურნირებისთვის ნორმალურად მოემზადონ. ვიცი, რასაც ისინი ახლა გრძნობენ, რადგანაც რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული. მინდა, რომ ჩემი ხალხი თავისუფალი იყოს და იგივეს ვუსურვებ უკრაინელებს. როდესაც შენს ქვეყანაში ომი მიდის და საჰაერო განგაშისას თავშესაფარში გაქცევა გიწევს, ამ დროს ნორმალურად ვერც ივარჯიშებ. ამასთან, გაუგებრობა რომ არ იყოს, უნდა ვთქვა, რომ რუს მოჭიდავეებს ომი არ უნდათ. მაგალითად, ისეთი დიდი მოჭიდავეები, როგორებიც სადულაევი და სიდაკოვი არიან, ამას მხარს ნამდვილად არ უჭერენ”.

გენო პეტრიაშვილმა ზაგრებში ვერცხლის მედალი მოიპოვა

კიდევ ერთი საინტერესო ამონარიდი გენოს ინტერვიუდან, რომელიც ჭიდაობის მომავალს ეხება.

“ჭიდაობაში იმდენი ფული არ ტრიალებს, რამდენიც ფეხბურთში, კალათბურთში ან ჩოგბურთში, ამიტომაც ამას რამე უნდა მოვუხერხოთ. ბევრი მოჭიდავე ვიცი, რომელთაც კარიერა იმის გამო დაასრულეს, რომ უკეთესი სამსახური იშოვეს, სადაც მეტს გადაუხდიდნენ. პირადად ძალიან მიყვარს MMA-ს ყურება და ხშირად მიფიქრია, რომ კარგი იქნება, თუკი მათგან რაიმეს ჩვენც გადმოვიღებდით. UFC-ში უფრო სანახაობრივი დაპირისპირებებია, თრეშ-თოქი და მსგავსი რაღაცეები ხალხს იზიდავს. ამგვარი შეფუთვა ჭიდაობისთვისაც კარგი იქნება”.

გენო პეტრიაშვილმა ისიც თქვა, რომ საქართველოში ჭიდაობა სპორტის მე-3 სახეობაა ფეხბურთისა და ძიუდოს შემდეგ. როგორც ირკვევა, ქართველი ფალავანი ლივერპულის ქომაგია, ფეხბურთელებიდან კი გამორჩეულად მოსწონს მადრიდის რეალის ხორვატი ვარსკვლავი ლუკა მოდრიჩი. გენომ საქართველოსა და ხორვატიას მსგავსი ქვეყნები უწოდა და Večernji list-ს უთხრა, რომ საქართველოში ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებს ბევრი ქომაგი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ ზაგრებში გამართულ ევროპირველობაზე გენო პეტრიაშვილმა ფინალში გასვლა მოახერხა, თუმცა, იქ, მარადიულ მეტოქე თურქ ტაჰა აკგულთან წააგო. 29 წლის ქართველ მოჭიდავეს ევროპის ჩემპიონატებზე 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოუგროვდა, მსოფლიოზე 7 მედალი (3 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) აქვს აღებული, ოლიმპიადაზე კი – ვერცხლი და ბრინჯაო.

კომენტარები

ბოლო ამბები