Thumbnail

ნადალი მადრიდის მასტერსზეც ვერ ითამაშებს და ეს საგანგაშო სიგნალია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'სხვა სახის მკურნალობა უნდა ვცადოთ და შედეგს დაველოდოთ'
  • ესპანელმა ჩოგბურთელმა ქომაგებს საგანგებო განცხადებით მიმართა

რაფაელ ნადალი მადრიდში აპრილის ბოლოს დაგეგმილი მასტერსიდან მოიხსნა და ეს, მისი ქომაგებისთვის ნამდვილად საგანგაშო ამბავია, რადგანაც ესპანელი ჩოგბურთელის რეაბილიტაცია მოსალოდნელზე დიდხანს მიმდინარეობს.

“ტრავმა ჯერაც არ მომიშუშებია და იმ სქემით მომზადებას ვერ ვახერხებ, რომელიც სრულფასოვნად დაბრუნების საშუალებას მომცემს. გარკვეული პერიოდი ვარჯიშიც კი მქონდა დაწყებული, თუმცა, უკვე ცხადია, რომ აღებული კურსის ცვლილება გვჭირდება. სხვა სახის მკურნალობა უნდა ვცადოთ და შედეგს დაველოდოთ”, - დაწერა რაფამ ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ესპანელმა ვარსკვლავმა ბარძაყის ტრავმა იანვარში გამართულ ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღო და მას მერე ოფიციალური მატჩები აღარ ჩაუტარებია. პირველადი ვერსიით, მკურნალობას 6-8 კვირა უნდა დასჭირვებოდა და თებერვლის მიწურულს ვიდეოც გაჩნდა მალიორკადან, სადაც რაფაელის ვარჯიში იყო ასახული.

წლევანდელი Madrid Open რაფაელ ნადალის გარეშე ჩაივლის

შედეგად, ნადალის ქომაგებს იმედი მიეცათ, რომ საყვარელ ჩოგბურთელს საქმეში მალე იხილავდნენ, თუმცა, ასე არ მოხდა. რაფა ჯერ მონტე კარლოს მასტერსიდან მოეხსნა და კორტზე არც ბარსელონას ტურნირზე გასულა, რომელიც სწორედ ამ კვირას მიმდინარეობს.

როგორც AS წერს, ნადალის უმთავრესი მიზანი როლან გაროსზე (სტარტს 28 მაისს აიღებს) გამოსვლაა და ამისთვის, მადრიდის მასტერსზე ასპარეზობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა, დღევანდელი განცხადების შემდეგ, სიტუაცია ბუნდოვანი ხდება.

ნადალს პარიზული სლემ-ტურნირი კარიერაში 14-ჯერ აქვს მოგებული, თუმცა, ეს მხოლოდ 2-ჯერ შესძლო მაშინ, როდესაც როლან გაროსამდე ვერცერთ გრუნტის შეჯიბრზე ემარჯვა. ახლა, იმის საფრთხეა, რომ ის პარიზში საერთოდაც სათამაშო პრაქტიკის გარეშე გამოჩნდეს. არადა, გასული სეზონის ბოლოსკენ და ამ სეზონის დასაწყისში, როდესაც რაფა ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, 8-დან 6 მატჩი წააგო.

შეგახსენებთ, რომ ნადალი როლან გაროსის მოქმედი ჩემპიონია (ფინალში 6:3. 6:3, 6:0 გაანადგურა ნორვეგიელი კასპერ რუუდი) და როგორც აღვნიშნეთ, საფრანგეთის ღია პირველობაზე ძალიან წარმატებულად თამაშობს. ამას გარდა, რაფას აშშ-ს ღია პირველობა 4-ჯერ აქვს მოგებული, ავსტრალიის ღია პირველობა და უიმბლდონი კი – 2-2-ჯერ. ATP-ს მიმდინარე რეიტინგში ის უკვე მე-14 ადგილზე იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები