Thumbnail
  • ზაგრებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპირველობა იწყება
  • დღეს ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების 5 წევრი გავა

დღეს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების 5 წარმომადგენელი გავა.

55 კგ-მდე წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმია მეოთხედფინალში უკრაინელ ვიაჩესლავ ბაირაკტარს შეხვდება, ხოლო 63 კგ-ში ლერი აბულაძე ასევე მეოთხეფინალში თურქ მეჰმეტ ჩეკერსა და სერბ პერიცა დიმიტრიევიჩს შორის გამარჯვებულს დაელოდება.

ლერი აბულაძე ტიტულის შენარჩუნებას ეცდება

იური ლომაძე (77 კგ.) ასპარეზობას კვალიფიკაციიდან დაიწყებს, სადაც ძალებს იტალიელ ლუკა დარიოცისთან მოსინჯავს და გამარჯვების შემთხვევაში, მერვედფინალში ესპანელ მარკოს სანჩეს სილვა მეხიასს გაეჯიბრება.

ლაშა გობაძე (87 კგ.) მერვედფინალში ხორვატ ივან ჰუკლეკსა და ბერძენ ნიკოლაოს ვარკასს შორის უმჯობესს ელის, მძიმე წონაში (130 კგ.) კი საქართველოს ნაკრების ღირსებას იაკობ ქაჯაია დაიცავს. მერვედფინალში მისი მეტოქე იტალიის სახელით მოასპარეზე დანილა სოტნიკოვი იქნება.

ზაგრებში წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები 18:45 საათზეა დაგეგმილი, ხოლო პირველი მედალოსნები უკვე ხვალ, 22 აპრილს გამოვლინდებიან. ხვალვე საქმეში დანარჩენი 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლებიც ჩაებმებიან.

შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპირველობას უნგრეთის დედაქალაქმა ბუდაპეშტმა უმასპინძლა, ქართული დელეგაციის მონაგარი კი 5 მედალი იყო: ჩემპიონი ლერი აბულაძე გახდა, ნუგზარ წურწუმია, შმაგი ბოლქვაძე (72 კგ.) და გელა ბოლქვაძე (82 კგ.) ფინალში დამარცხდნენ, ხოლო რობერტ კობლიაშვილი (87 კგ.) ბრინჯაოს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები