Thumbnail

REVIEW | მოსაწყენი თუ დახვეწილი თამაში? ყველაფერი Dead Island 2-ის შესახებ

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • დეველოპერები Dead Island 2-ის შექმნაზე 2012 წლიდან მუშაობდნენ
  • გეიმერების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ თამაშის გეიმპლეი მოსაწყენია
  • ყველაფერი, რაც თამაშის შესახებ უნდა ვიცოდეთ

Dead Island 2 - თამაში, რომლის გამოსვლას სათავგადასავლო ჟანრის მოყვარულები თითქმის 12 წელი ელოდნენ. ზომბებთან ბრძოლა, თავსატეხების ამოხსნა და მძაფრი ემოციები - ეს ფრენჩაიზის ახალი სერიის მთავარი სიუჟეტია, რომელიც დღეს გამოვიდა. თამაშმა გეიმინგ სამყაროში არაერთგავროვანი შეფასება მიიღო. გეიმერების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ თამაშის გეიმპლეი მოსაწყენია. მათი აზრით, თავიდან ზომბების მოკვლა სახალისოა, მაგრამ სიუჟეტის პროგრესირებასთან ერთად, ეს სიახლე ცვეთას სწრაფად იწყებს. მეორე ნაწილისთვის კი გრაფიკა, ანიმაცია და ეფექტები ძალიან დახვეწილია. 

არადა, თამაშზე მუშაობა დეველოპერებმა 2012 წლიდან დაიწყეს. პროექტმა განვითარების, სულ მცირე, სამი ეტაპი გაიარა. გერმანულმა კომპანია Yager-მა თამაშზე სამი წლის განმავლობაში იმუშავა, შემდეგ პროექტი Sumo Digital-მა გადაიბარა, ყველაფერი კი Dambusters-ის დეველოპერებმა დაასრულეს. სათქმელია ისიც, რომ ამ ჟანრში კონკურენცია საკმაოდ დიდია და მომხმარებლები განსხვავებულ სტილს ელოდნენ.

ამ სტატიაში Dead Island 2-ის დადებით და უარყოფით მხარეებზე ვისაუბრებთ და ყურადღებას თამაშის ყველა მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილებთ. 

სიუჟეტი

მოქმედება ლოს ანჯელესსა და სან ფრანცისკოში ვითარდება. ქალაქები ზომბების გავრცელების გამო კარანტირებულია. ამბავი საევაკუაციო თვითმფრინავზე იწყება, რომელსაც გადარჩენილთა ჯგუფი გადაჰყავს. თვითმფრინავი ზომბებით სავსე ქალაქში ვარდება, საიდანაც თავგადასავალი იწყება. თამაშის დასაწყისში ირჩევთ 6 პერსონაჟიდან ერთ-ერთს - ყველა განსხვავებული სტატისტიკითა და სპეციალური შესაძლებლობებით გამოირჩევა.

ქალაქიდან გაქცევის მცდელობისას უნდა ამოხსნათ საიდუმლო, თუ როგორ გაჩნდა ინფექცია და არის თუ არა განკურნების გზა. პროცესში ხვდებით, რომ იმუნიტეტი უნდა გამოუმიშავოთ იმ ვირუსის წინააღმდეგ, რომელიც სხვა ადამიანებს ურჩხულებად აქცევს. მოკლედ, ზომბების განადგურებით გზას იკვლევთ იმისკენ, რომ დაუკავშირდეთ მთავრობას და გადაარჩინოთ მთელი თქვენი ეკიპაჟი. 

GAMEPLAY

თამაშის სიუჟეტი მარტივი და გასაგებია - ის, რაც ვიდეო თამაშებში ხშირად გვინახავს. მთავარი კრიტიკა თამაშის GAMEPLAY-ს მოჰყვა. თამაშს არ აქვს ღია სამყარო, რასაც ყველა ელოდა. გეიმპლეის ციკლი მოსაწყენია - მოკალით ზომბები და მიიღეთ მეტი იარაღი. პრობლემა ისაა, რომ ამ ციკლის მიღმა არაფერია ისეთი, რომელშიც ჩართვა ღირებული იქნებოდა. პერსონაჟის განვითარების ხაზიც ერთფეროვანია, ვერ შეძლებთ მთავარი გმირის ჯანმრთელობა ან გამძლეობა გააუმჯობესოთ, არც სამოსისა და გარეგნობის შეცვლა შეგიძლიათ, რაც საბოლოო ჯამში, პერსონაჟის ხასიათის პროგრესირების საშუალებას არ იძლევა. 

თამაშის დაწყებისას გაქვთ წვდომა რამდენიმე ძირითად საბრძოლო იარაღზე. ეს არის Dead Island 2-ის ის ნაწილი, რომელშიც ყველაზე მეტად იხალისებთ, რადგან დროს უმეტეს ნაწილს FLESH სისტემაში გაატარებთ. დადებითად უნდა შეფასდეს რუკა, რომელიც დაყოფილია 10 განსხვავებულ ადგილად, რომლებშიც შეგიძლიათ სწრაფად იმოგზაუროთ. სასიამოვნოა ზომბებით სავსე ოთახებში სირბილი, ჭურვების გამოყენება კი ძალიან კარგ ეფექტს ქმნის. საერთო ჯამში, თამაშის გრაფიკა და ანიმაციები ძალიან დახვეწილია. ამ ყველაფერზე Unreal Engine 4-ის ძრავამ იმუშავა, რომელიც რეალისტურ გამოსახულებას ქმნის. აღნიშვნის ღირსია დიალოგების მაღალი ხარისხი და შთამბეჭდავი მუსიკალური გაფორმება. 

პერსონაჟები

Dead Island 2-ში 6 პერსონაჟია, თითოეული მათგანი განსხვავებული უნარებით გამოირჩევა. თამაშის დაწყებისას ძალიან მნიშვნელოვანია გმირის სწორად არჩევა, რადგან იგი თქვენი თამაშის სტილზე დიდ გავლენას მოახდენს. მიმდევრობით მივყვეთ:

Amy - Dead Island 2-ის ვებსაიტის მიხედვით, ემი არის პარაოლიმპიელი, რომელმაც სირბილზე უკეთესი გასართობი იპოვა - ზომბების დახოცვა.

Bruno - პერსონაჟი, რომელსაც გეგმა ყოველთვის აქვს. ბრუნოს თაღლითებისა და მძარცველების წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს.

Carla - ეს გმირი ცეცხლის რგოლებზე ხტება და ჰაერში ტრიალებს. კარლა ადრენალინს ზომბების დახოცვით იღებს. 

Dani - თავქარიანი და ჩხუბის მოყვარული პერსონაჟი. იგი დახვეწილი იუმორის გრძნობით გამოირჩევა.

Jacob - თამაშში შექსპირის ციტატებს ჯეიკობისგან გაიგებთ. მისი გამოუცდელობა შერწყმულია თვითგადარჩენის დიდ სურვილთან. 

Ryan - ჯიუტი ხასიათითა და სარკაზმით გამოირჩრევა. მისი მიზანია დაბრუნდეს პატარა ძმასთან, რომელიც ეპიდემიის დაწყებამდე ფრესნოში დარჩა. 

პლატფორმები

Dead Island 2 შემდეგ პლატფორმებზეა ხელმისაწვდომი: PlayStation 4, PlayStation 5, Windows, Xbox One და Xbox Series X/S. თამაშის შეძენის საშუალო ღირებულება 70 დოლარს შეადგენს. 

კომენტარები

ბოლო ამბები