Thumbnail
  • დილის სესია წაუგებლად წურწუმიამ, აბულაძემ, გობაძემა და ქაჯაიამ გაიარეს
  • რეპეშაჟში გადასვლის შანსი აქვს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრ იური ლომაძეს

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების 5 წევრი გავიდა, რომელთაგან ოთხმა დილის სესია წაუგებლად განვლო, შესაბამისად, ისინი ნახევარფინალში იჭიდავებენ.

55 კგ-მდე წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ უკრაინელ ვიაჩესლავ ბაირაკტარს 10:0 სძლია და ნახევარფინალში თურქ ადემ უზუნს შეხვდება. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ლერი აბულაძემ (63 კგ.) თურქი მეჰმეტ ჩეკერი 9:1 დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის ბულგარელ აბუ მუსლიმ ამაევს დაეჭიდება.

🇬🇪 ნუგზარ წურწუმიამ უკრაინელი მეტოქე უმარტივესად დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Friday, April 21, 2023


ლაშა გობაძემ (87 კგ.) გზიდან ხორვატი ივან ჰუკლეკი (9:0) და შვედი ალექს კესიდისი (6:0) ჩამოიცილა და საღამოს სესიაში თურქ ალი ჩენგიზთან დაპირისპირება ელის. მძიმე წონაში (130 კგ.) იაკობ ქაჯაიამ იტალიელ დანილა სოტნიკოვსა (1:1-ზე დამატებითი მაჩვენებლით) და უკრაინელ მიხაილო ვიშნივეცკის (შებოჭვით) აჯობა და ნახევარფინალში აზერბაიჯანელი საბაჰ სალეჰ შარიათის შეხვდება.

იური ლომაძე (77 კგ.) დამაჯერებლად გასცდა ესპანელ მარკოს სანჩეს სილვა მეხიასს (10:0), თუმცა, უნგრელ ზოლტან ლევაისთან 1:3 წააგო და რეპეშაჟში იმ შემთხვევაში გადავა, უნგრელი ფალავანი ფინალში გააღწევს.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლერი აბულაძე წლევანდელ ჩემპიონატსაც დამაჯერებელი გამარჯვებით იწყებს! ლერიმ თურქი მეჰმეც ჩეკერი აშკარა უპირატესობით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში გავიდა

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Friday, April 21, 2023


ზაგრებში მიმდინარე ევროპირველობაზე ნახევარფინალები 18:45 საათზეა დაგეგმილი, ხოლო პირველი მედალოსნები ხვალ, 22 აპრილს გამოვლინდებიან. ხვალვე საქმეში დანარჩენი 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლებიც ჩაებმებიან.

შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპის ჩემპიონატს უნგრეთის დედაქალაქმა ბუდაპეშტმა უმასპინძლა, ქართული დელეგაციის მონაგარი კი 5 მედალი იყო: ჩემპიონი ლერი აბულაძე გახდა, ნუგზარ წურწუმია, შმაგი ბოლქვაძე (72 კგ.) და გელა ბოლქვაძე (82 კგ.) ფინალში დამარცხდნენ, ხოლო რობერტ კობლიაშვილი (87 კგ.) ბრინჯაოს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები