Thumbnail
  • 📅 23 აპრილი | 🏟 ალიანც სთედიუმი | ⌚ 22:45 | ⚽ იუვენტუსი V ნაპოლი
  • იუვენტუსს ქულებიც დაუბრუნეს და ევროპალიგის ნახევარფინალშიც გავიდა
  • ნაპოლი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, საზრუნავიც მხოლოდ სერია A-ზე აქვს
  • ბოლო დროს ორივე გუნდის ფეხბურთი დამძიმებულია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

ის, რაც პირველ წრეში ნაპოლიმ იუვენტუსს გაუკეთა, არც ნეაპოლში დაავიწყდება ვინმეს, არც ტურინში და აღარც საქართველოში - ის 5:1 ისტორიას დარჩება, როგორც ტურინული გრანდის ერთ-ერთი უდიდესი გამწარება, რაც ნეაპოლელებისთვის შეუდარებელი ტრიუმფია, ჩვენთვის კი - ხვიჩა კვარაცხელიას კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში (კვარამ მაშინ 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა). 

სწორედ იმ თამაშის შემდეგ დაასრულა იუვემ ჩემპიონობისთვის ბრძოლა, მერე 15 ქულა დააკლეს და ახლა ისევ დაუბრუნეს, მაგრამ ნაპოლისთვის ბევრი არაფერი იცვლება - ლუჩანო სპალეტის გუნდს ისევ სოლიდური უპირატესობა აქვს და ჩემპიონობას უახლოვდება. მთავარი ის არის, რომ იმ 5:1-მა მეორე წრის მატჩს უდიდესი ინტრიგა დაუტოვა: ტურინელები შურისძიებას ეცდებიან. უფრო მეტიც: ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ, რადგან იუვესთვის 1:5, მით უმეტეს ნაპოლისთან, ძალიან მძიმე ამბავია.

ნაპოლისთვის ჩემპიონთა ლიგა შუა კვირაში დასრულდა, შესაბამისად, ახლა სეზონის ბოლომდე მხოლოდ სერია A-ზე გააკეთებს კონცენტრაციას, სადაც დიდი უპირატესობა აქვს და "სკუდეტოსთან" ერთ ნაბიჯშია. მოკლედ, სპალეტის გუნდს მილანთან მარცხის შემდეგ კიდევ ერთი დიდი მატჩი ელოდება - ტურინში, იუვენტუსთან.

პირველ მატჩში იუვესთან კვარა შეუჩერებელი იყო

მილანთან კვარაცხელია ყველაზე აქტიური იყო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა, რამაც საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია. ამიტომაც, იტალიაში მისი კრიტიკოსებიც კი გამოჩნდნენ. ამგვარად, ქართველს შესანიშნავი შანსი აქვს, ისინი დაადუმოს და უკეთეს შესაძლებლობას ვერ ინატრებდა: იუვენტუსთან კიდევ ერთი გაბრწყინება ხელახალი თავდაჯერებისთვისაც დიდებული იქნება. ნაპოლი 14 ქულით უსწრებს ლაციოს, ამდენად, დარჩენილ 8 ტურში ეს უპირატესობა რომ გაანიავოს, რთული წარმოსადგენია.

თავის მხრივ, იუვენტუსს 15 ქულა დაუბრუნეს მას მერე, რაც სარჩელი ნაწილობრივ დაუკმაყოფილეს, მაგრამ განაჩენი საბოლოო არაა, ის გადაიხედება და ელოდებიან, რომ ქულებს მაინც დააკლებენ, თუმცა, უფრო ნაკლებს და როდის, ესეც უცნობია. იუვე ნაპოლის ამ პირობებში 16 ქულით ჩამორჩება და რომც მოიგოს, მაინც ძნელი იქნება ჩემპიონობაზე გაწევა. ისე კი, ტურინულმა გრანდმა სერია A-ს ბოლო ორ ტურში წააგო (ლაციოსა და სასუოლოსთან), ამ თამაშებში 6 ქულა რომ აეღო, ახლა ნაპოლისთან ჩამორჩენა მხოლოდ 10 ქულა იქნებოდა, რაც საჩემპიონო ბრძოლას ნამდვილად დაძაბავდა.

არის კიდევ ერთი ფაქტორი: იუვენტუსს ნაპოლისთან რევანში სურს. როგორია, 1:5 წაგება?! ასეთი დამცირებული იუვე, როგორიც "სტადიო მარადონაზე" 3 თვის წინ იყო, იშვიათად ყოფილა. ამდენად, მასიმილიანო ალეგრის გუნდს თავისი იმიჯი აქვს აღსადგენი. ნაპოლი თუ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, "ბიანკონერი" ევროპალიგის ნახევარფინალშია და ევროპული ტიტულის მოგების შანსს ინარჩუნებს, რაც დიდი წარმატება იქნება ურთულეს სეზონში, როგორც სპორტული თვალსაზრისით, ისე მოედანს მიღმა იუვეს გარშემო მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე.

დაბრუნებული 15 ქულის შემდეგ ტურინული გრანდი მე-3 ადგილზეა, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტებს კომფორტულად უსწრებს: ინტერს 8 და მილანს 6 ქულით. ასე რომ, ყველა პრობლემის მიუხედავად, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ეს სეზონი საბოლოო ჯამში მაინც ალეგრის აქტივში შევიდეს. როგორ? თუ ტურინელები სეზონს ოთხეულში დაასრულებენ, ევროპალიგას და იტალიის თასს მოიგებენ (ორივე ტურნირის ნახევარფინალშია), რატომაც არა?! ვნახოთ, წინ გადამწყვეტი 45 დღეა.

იუვე ევროპალიგის ნახევარფინალში ითამაშებს

იუვეს ნაპოლისთან კაიო ჟორჟეს და მოიზე კინის იმედი ვერ ექნება, ხოლო გლეისონ ბრემერის თამაში საეჭვოა. მან ტრავმა ლისაბონის სპორტინგთან მიიღო, რომელიც სერიოზული არ არის, მაგრამ დიდი ალბათობით, კვირას მოედანზე ვერ გავა. ნაპოლიში უფრო სერიოზული პრობლემებია: ისევ ლაზარეთშია ჯოვანი სიმეონე, ხოლო მილანთან ლუჩანო სპალეტიმ მარიო რუი, მატეო პოლიტანო და ამირ რაჰმანი დაკარგა. ისინი ვერ ითამაშებენ. ყველაზე სერიოზული რუის ტრავმაა, რომლისთვის სეზონი დასრულებულია.

ბოლო დროს არცერთი გუნდი არ არის იდეალურ ფორმაში: ნაპოლი რიტმიდან ამოვარდა, ეს აშკარაა. სპალეტის ბიჭები აღარ არიან ისეთი აგრესიულები და ინტენსიურები, როგორებიც სანაკრებო პაუზამდე მთელი სეზონის განმავლობაში იყვნენ. ნათელია, რომ ნეაპოლელთა თამაში უფრო ერთფეროვანი და პროგნოზირებადი გახდა. იუვენტუსი კი მთელი სეზონია აქცენტს შედეგზე აკეთებს, დაცვაში კომპაქტურ თამაშსა და კონტრშეტევებზე. ტურინელებს სანაკრებო პაუზამდე საკმაოდ კარგი სერია ჰქონდათ, მაგრამ პაუზის მერე ფორმიდან ისინიც ამოვარდნენ, მხოლოდ 2 თამაში მოიგეს (ვერონასა და სპორტინგთან მძიმედ). ამის მიუხედავად, როგორც ვთქვით, იუვემ ევროპალიგის ნახევარფინალში გასვლა შეძლო. ტურინული გრანდისთვის პრობლემაა დუშან ვლაჰოვიჩი, რომელიც კატასტროფულ ფორმაშია. სერბ ფორვარდს, რომელიც 75 მილიონ ევროდ და დიდი იმედით იყიდეს, ღია თამაშიდან (სტანდარტის გარეშე) გოლი 1000 წუთზე მეტია (თებერვლის შემდეგ) არ გაუტანია. სერბის შეცდომები რომ არა, დიდი შანსია იუვენტუსს სპორტინგი ლისაბონშიც დაემარცხებინა. ამიტომაც, იტალიური მედია ვარაუდობს, რომ ის ნაპოლისთან თადარიგში იქნება, ხოლო მის ადგილს ნაპოლის ყოფილი ფორვარდი არეკ მილიკი დაიკავებს.

საინტერესო ფაქტები

🟠 პირველ წრეში 5:1-ის შემდეგ ნაპოლის შანსი აქვს იუვენტუსთან სერია A-ში ორივე მატჩი ისტორიაში მეოთხედ მოიგოს 2009/10, 1986/87 და 1957/58 წლების სეზონების შემდეგ.

🟠 იუვენტუსს იტალიის ჩემპიონატში ნაპოლის წინააღმდეგ ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული (1 ფრე, 4 წაგება). ეს თამაში ტურინელებმა 2021 წლის 7 აპრილს კრიშტიანო რონალდოსა და პაულო დიბალას გოლებით 2:1 მოიგეს. ბოლო 11 თამაშში კი ამ გუნდებს შორის ფრე მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა (5-5 მოგება ორივე გუნდს).

🟠 იუვენტუსი ნაპოლისთან სერია A-ში ბოლო 12 საშინაო მატჩიდან 11-ში არ დამარცხებულა (9 მოგება, 2 ფრე). "პარტენოპეის" ერთადერთი გამარჯვება 2018 წლის 22 აპრილით თარიღდება კალიდუ კულიბალის 90-ე წუთზე გატანილი გოლით.

🟠 იუვენტუსმა სერია A-ში ბოლო 2 მატჩი წააგო. ბოლოს ტურინელებმა იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 3 თამაში 2011 წლის თებერვალ-მარტში ლუიჯი დელ ნერის ხელმძღვანელობით წააგეს. სასუოლოსთან 0:1-ის მერე კი "ბიანკონერიმ" შეიძლება სერია A-ში პირველად ჩაატაროს 2 მატჩი უგოლოდ 2012 წლის ნოემბრის შემდეგ.

🟠 ნაპოლიმ სერია A-ს ბოლო 6 მატჩიდან 3 ვერ მოიგო (1 ფრე, 2 წაგება), ეს იმდენივეა, რამდენიც მანამდე 24 თამაშში ვერ მოიგო (2 ფრე, 1 წაგება). ვერონასთან 0:0-ის შემდეგ სპალეტის გუნდი ზედიზედ ორ მატჩში უგოლოდ შეიძლება 2020 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად დარჩეს.

🟠 იუვენტუსი და ნაპოლი არიან იმ ოთხიდან ორი გუნდი, რომლებმაც ტოპჩემპიონატებში მიმდინარე სეზონში კარი მშრალად ყველაზე მეტჯერ შეინახეს. იუვემ 17-ჯერ და ნაპოლიმ 15-ჯერ. უკეთესი შედეგი მხოლოდ ბარსელონას (22) და ლაციოს (18) აქვთ.

🟠 ეს არის თამაში გუნდებს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში შინ და სტუმრად: იუვემ საკუთარ მოედანზე 15 შეხვედრაში 36 ქულა მოიპოვა, ხოლო ნაპოლიმ გასვლაზე  15 მატჩში 40 ქულას მოუყარა თავი.

🟠 ეს არის მატჩი ორ გუნდს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში სტანდარტული მდგომარეობიდან: ნაპოლიმ 22 და იუვენტუსმა 19. გარდა ამისა, კონკრეტულად კუთხურიდანაც ამ გუნდებს აქვთ საუკეთესო შედეგი: ნაპოლის 15 გოლი და იუვეს - 10.

🟠 პირველ წრეში ნაპოლის გოლი ანხელ დი მარიამ გაუტანა. 21-ე საუკუნეში იუვეს მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა შეძლო ნაპოლის წინააღმდეგ ჩატარებულ პირველ-ორ მატჩში გოლების გატანა: ალესანდრო მატრიმ 2011 წელს და დარკო კოვაჩევიჩმა 2000/01 წლების სეზონში. დი მარიას შანსი აქვს, მესამე ფეხბურთელი გახდეს.

🟠 პირველ წრეში იუვენტუსთან გოლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შანსი აქვს, ნაპოლის პირველი ფეხბურთელი გახდეს 3-ქულიან ერაში (1994/95 წლების სეზონიდან), რომელიც იუვენტუსის წინააღმდეგ საწყის ორივე მატჩში გოლს გაიტანს.

🟠 ამ გუნდების ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 4-ჯერ კი ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 იუვენტუსის ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, 3-ჯერ კი ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ნაპოლის ბოლო 5 შეხვედრაში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, ხოლო 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 სერია A-ში ეს გუნდები 153-ჯერ შეხვედრიან, იუვენტუსის მხარეს დიდი უპირატესობაა: 67 მოგება, 48 ფრე, 38 წაგება.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (3-5-1-1): შჩესნი - დანილო, გატი, ალექს სანდრო - დე შილიო, ფაჯოლი, ლოკატელი, რაბიო, კოსტიჩი - დი მარია - მილიკი.
ტრავმა: კაიო ჟორჟე, კინი, ბრემერი.

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, კიმი, ჟუან ჟეზუში, ოლივერა - ანგისა, ლობოტკა, ჟიელინსკი - ლოსანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
ტრავმა: სიმეონე, მარიო რუი, პოლიტანო, რაჰმანი.

კომენტარები

ბოლო ამბები