Thumbnail
  • ლერი აბულაძე ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ ტალეჰ მამადოვს შეხვდება
  • საქართველოს ნაკრების წევრებს 3 ბრინჯაოს მედლის აღების შანსიც აქვთ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლერი აბულაძემ (63 კგ.) ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გააღწია და შარშან მოპოვებული ტიტულის შენარჩუნებას ეცდება.

აბულაძემ მეოთხედფინალში თურქი მეჰმეტ ჩეკერი 9:1 დაამარცხა, ნახევარფინალში ბულგარელ აბუ მუსლიმ ამავს 11:2 სძლია, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი აზერბაიჯანელ ტალეჰ მამადოვს შეხვდება. დღესვე ნახევარფინალში კიდევ სამმა ქართველმა ფალანამმა იჭიდავა, თუმცა, მათ მარცხი განიცადეს და ხვალ ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.

ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ.) 3:13 წააგო თურქ ადემ ბურაკ უზუნთან და მე-3 ადგილისთვის სომეხ რუდიკ მკრტჩიანს შეხვდება. ლაშა გობაძეს ასევე თურქმა ალი ჩენგიზმა აჯობა (3:1). ბრინჯაოსთვის ქართველი ფალავანი აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვს დაუპირისპირდება. რაც შეეხება იაკობ ქაჯაიას, ის აზერბაიჯანელ საბაჰ შარიათისთან დამარცხდა (1:1-ზე, დამატებითი მაჩვენებლით) და მე-3 ადგილისთვის რეპეშაჟის ერთ-ერთ გამარჯვებულს გაეჯიბრება.

ხვალვე ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების კიდევ 5 მოჭიდავე გავა. ესენი ფრიდონ აბულაძე (60 კგ.), ჯონი ხეცურიანი (67 კგ.), რამაზ ზოიძე (72 კგ.), გელა ბოლქვაძე (82 კგ.) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ.) არიან.

შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპის ჩემპიონატს უნგრეთის დედაქალაქმა ბუდაპეშტმა უმასპინძლა, ქართული დელეგაციის მონაგარი კი 5 მედალი იყო: ჩემპიონი აბულაძე გახდა, წურწუმია, შმაგი ბოლქვაძე (72 კგ.) და გელა ბოლქვაძე ფინალში დამარცხდნენ, ხოლო კობლიაშვილი (87 კგ.) ბრინჯაოს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები