- ერევანში მიმდინარე ტურნირში საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები მოიპოვა
- 24 წლის ირაკლი ჩხეიძემ ორჭიდში 387 კგ-ს მოერია და ვერცხლის მფლობელი გახდა
სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ძალოსანთან ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი ჩხეიძემ (102 კგ.) იასპარეზა, რომელმაც საქართველოს მეორე ვერცხლის მედალი მოუტანა.
24 წლის ქართველმა ძალოსანმა ატაცშიც და აკვრაშიც მცირე ვერცხლის მედლები დაისაკუთრა, ორჭიდის ჯამში კი 387 კგ დააფიქსირა. ირაკლი მხოლოდ 20 წლის მასპინძელ ძალოსანს, გარიკ კარაპეტიანს (392 კგ ორჭიდში) ჩამორჩა, რომელმაც პირველობა არავის დაუთმო.
ირაკლიმ ატაცში პირველ და მეორე ცდაზე, შესაბამისად, 168 კგ და 173 კგ დაძლია, მაგრამ მესამე ცდაზე 178 კგ-იანი შტანგა ვეღარ დაიმორჩილა. აქ კარაპეტიანი ჩხეიძეზე 5 კგ-ით მეტს მოერია.
სომეხ და ქართველ ძალოსნებს შორის დაპირისპირება აკვრაშიც გაგრძელდა. ჩხეიძემ ჯერ 207, შემდეგ კი 214 კგ ასწია, ბოლო ცდაზე კი გარისკა - 220 კგ-ს შეეჭიდა, მაგრამ ვერ მოერია და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.
ატაცი: 168 კგ ✅, 173 კგ ✅, 178 კგ ❌
აკვრა: 207 კგ ✅, 214 კგ ✅, 220 კგ ❌
22 აპრილს ერევნის ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების კიდევ 2 წევრი იასპარეზებს. 109 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩხეიძე და ზაზა ლომთაძე გამოვლენ.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე 13 ძალოსნით წარსდგა. მანამდე ერევანში, 55 კგ წონით კატეგორიაში ორჭიდში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა რამინ შამილიშვილი, რომელმაც გარდა ამისა, ატაცსა და აკვრაში მცირე ოქროსა და ბრინჯაოს მედლებიც მოიპოვა, ხოლო შოთა მიშველიძე (61 კგ) ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, რომელმაც ასევე მცირე ოქროსა და ვერცხლის მედლებიც დაისაკუთრა.
კომენტარები