Thumbnail

დრამატული მარცხი ფინალში - ჯონი ხეცურიანის ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჯონი ხეცურიანმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მე-5 მედალი მოუტანა
  • ქართველმა მოჭიდავემ ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქესთან წააგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ჯონი ხეცურიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

67 კგ წონით კატეგორიის ფინალში ხეცურიანი აზერბაიჯანელ ჰასრათ ჯაფაროვს დაუპირისპირდა, რომელსაც 2:0-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 2:3 დამარცხდა. გადამწყვეტი გამოდგა შეცდომა, რომელიც ჯონიმ მეორე პერიოდში დაუშვა: ქართველმა მეტოქეს შეუტია, თუმცა, კონტრშეტევაზე 2 ქულა დაკარგა, რამაც ბრძოლის ბედი გადაწყვიტა.

ხეცურიანის გზა ფინალამდე: ჯონიმ ჯერ კიდევ გუშინ ძალიან სანახაობრივად იჭიდავა და ფინალამდე დამაჯერებლად მივიდა. ქართველმა ფალავანმა იტალიის სახელით მოასპარეზე ზაურ კაბალოევი (5:2), უკრაინელი პარვიზ ნასიბოვი (8:2) და რუმინელი მიჰაი რადუ მიჰუცი (10:1) დაამარცხა.

დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა რობერტ კობლიაშვილმა (97 კგ), რომლის მეტოქე ჩეხეთის სახელით მოასპარეზე არტურ ომაროვი იყო და მეტოქემ დაძაბულ ბრძოლაში ბოლო ქულის უპირატესობით მოიგო (1:1).

ამგვარად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 5 მედლით დაასრულა, რომლებიც ლერი აბულაძემ (ოქრო), ჯონი ხეცურიანმა (ვერცხლი), ნუგზარ წურწუმიამ (ბრინჯაო), ლაშა გობაძემ (ბრინჯაო) და იაკობ ქაჯაიამ (ბრინჯაო) მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი მანამდე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ჩატარდა, სადაც საქართველომ გამოსვლა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები