Thumbnail

სომხეთის დედაქალაქ ერევანში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, სადაც საქართველო 13 ძალოსნით წარსდგა და 17 მედალი მოიპოვა. შეჯიბრი საქართველოს ჰიმნით დაიხურა, რაც ლაშა ტალახაძის დამსახურებაა, რომელიც ევროპის ჩემპიონი მეშვიდედ გახდა.

ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსნმა, ლაშა ტალახაძემ და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ დასრულებული ჩემპიონატის შესახებ კომენტარი გააკეთეს.

ლაშა ტალახაძე: "პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს. ევროპის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება მოვახერხე. გარკვეული ტრავმებიდან გამომდინარე, ახალი გამოცდა იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, მაგრამ გადავლახე. ვფიქრობ, მეტიც შემეძლო გამეკეთებინა, თუმცა არ დაგვჭირდა. ვეცდებით, რომ მეშვიდედ მსოფლიოს ჩემპიონიც გავხდე. მინდა, მივულოცო ნაკრების დანარჩენ წევრებს, რომლებმაც ასევე მიაღწიეს წარმატებას, საქართველოში ძალიან კარგი შედეგით ვბრუნდებით. ვპირდები გულშემატკივარს, რომ კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ. შეიძლება მეტსაც ველოდებოდით, მაგრამ სპორტია, ყველაფერი ხდება. მინდა, გიორგი ასანიძეს მივულოცო ეს გამარჯვება, რადგან ძალიან ბევრს მუშაობს ამ შედეგისთვის და დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში".

გიორგი ასანიძე: "ლაშას ვულოცავ ამ ღირსეულ გამარჯვებას, ტიტულის შენარჩუნებას და უამრავი გულშემატკივრის იმედის გამართლებას. ჩვენი დელეგაცია ცუდად არ გამოსულა, მასპინძლები პირველ ადგილზე გავიდნენ, მაგრამ ჩვენ მეორე ადგილი დავიკავეთ, რითაც კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის კარგ მუშაობას. ყველა კომპანიას, რომელიც მხარში გვიდგას, მადლობას ვუხდი, განსაკუთრებით, სპორტისა და კულტურის სამინისტროს. ვფიქრობ, გულშემატკივარი ელოდა ჩვენი გუნდის კარგ გამოსვლას და ვისურვებდი, რომ ამაზე ნაკლები შედეგი არც ჩვენ და არც სხვა სახეობებს არ ეჩვენებინოს".

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს მედლები ლაშა ტალახაძის გარდა, ანასტასია გოტფრიდმა, რამინ შამილიშვილმა, შოთა მიშველიძემ, ირაკლი ჩხეიძემ, გიორგი ჩხეიძემ და ზაზა ლომთაძემ მოუტანეს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 13 ძალოსნით იასპარეზა. ატაცის, აკვრისა და ორჭიდის გათვალისწინებით ქართველთა მონაგარი ჯამში 8 ოქროს, 7 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი გამოდგა.

კომენტარები

ბოლო ამბები